Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როცა მოსწავლეები მიდიან


ინგლისელი რეჟისორის, ჯონ შლეზინგერის ფილმი „მადამ სუზაცკა“, 1988 წელი.
ინგლისელი რეჟისორის, ჯონ შლეზინგერის ფილმი „მადამ სუზაცკა“, 1988 წელი.

„მადამ სუზაცკა“ (1988, დიდი ბრიტანეთი, რეჟისორი ჯონ შლეზინგერი)

გაგიკვირდებათ, მაგრამ შირლი მაკლეინის 90 წლის იუბილემ, რომელიც ჰოლივუდმა 24 აპრილს აღნიშნა, აღმიდგინა არა მისი როლები ბილი უაილდერის „ბინაში“, უილიამ უაილერის „საბავშვო საათში“, ბობ ფოსის „საყვარელ ჩარეტიში“, არამედ დიდი მსახიობის მიერ შექმნილი სახე ჩვენი მაყურებლისთვის ნაკლებად ცნობილ ფილმში „მადამ სუზაცკა“, რომლის ავტორია ბრიტანულ-ამერიკული კინოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რეჟისორი ჯონ შლეზინგერი. ალბათ იმიტომ, რომ „მადამ სუზაცკა“ იუბილარი მსახიობის თავისებური ბენეფისია. არსად, არცერთ ფილმში არა აქვს მას ამხელა დატვირთვა, არცერთ სხვა რეჟისორს არ მიუცია მისთვის შანსი გამოეხატა გამოცდილება, რომელიც ჰოლივუდის ვარსკვლავს თავის უაღრესად საინტერესო კარიერაში დაუგროვდა.

ეს ფილმი გამახსენეს ქუჩაში გამოსულმა ჩვენმა ყმაწვილებმაც, იმათ, ვისთვისაც სიცოცხლე არა მშობლების თუ მასწავლებლების იდეების, ცხოვრების წესის მექანიკური ტირაჟირებაა, არამედ განვითარება, მოძრაობა და ცვლილება.

„სუზაცკაში“ შირლი მაკლეინი 54 წლისაა. მშვენიერი ასაკია ახალი, დიდი როლებისთვის. მაგრამ ხელისშემშლელია იმ იმიჯისთვის, რომელიც შირლი მაკლეინმა დაამკვიდრა კინოში - მიამიტი, მიმნდობი ახალგაზრდა ქალისთვის, წითელი თმით და ჭორფლიანი სახით. დრამატულ როლებსაც კი, რომელთაგანაც, ვფიქრობ, საუკეთესოა მარტა „საბავშვო საათში“, შირლი ექსცენტრიკით, მოუსვენრობით, მოულოდნელი გადაწყვეტილების მიღების უნარით აცოცხლებს. ბობ ფოსი იგონებდა, რომ „საყვარელი ჩარიტის“ გადაღების დროს შირლის არ დასჭირდა ცეკვის გაკვეთილების გავლა. არა იმიტომ, რომ ბავშვობაში საბალეტო სკოლაში სწავლობდა, მერე კი ბროდვეის სპექტაკლებში ცეკვავდა კიდეც. „საყვარელი ჩარეტი“, ფელინის „კაბირიას ღამეების“ მუსიკალური ვერსია, ურთულესი ქორეოგრაფიით გამოირჩევა. პლასტიკა აქ „სინტაქსია“, ფილმის ენაა, რისი გამოხატვაც მხოლოდ პროფესიონალ მოცეკვავეს შეუძლია. მაგრამ ეს ენა შირლის ხასიათიცაა. მუსიკალურობაში მას ჰოლივუდის ბევრი ვარსკვლავი ვერ შეეჯიბრება. შეიძლება მხოლოდ ჯული ენდრიუსი ან ლაიზა მინელი... ცხადია, ბარბრა სტრეიზანდი, ასევე 24 აპრილს დაბადებული, რომელთანაც ერთად, როგორც ამბობენ, შირლი დაბადების დღეს აღნიშნავს ხოლმე.

შირლი მაკლეინის მუსიკალურ ნიჭში „მადამ სუზაცკას“ პირველსავე ეპიზოდებში დარწმუნდებით. მისი გმირი მარტოხელა, ცოტა არ იყოს „ძველმოდური“ მუსიკის მასწავლებელია. ცხოვრობს მკაცრი წესებით და ამასვე მოითხოვს მოწაფეებისგან - დისციპლინას და შრომის სიყვარულს. არა, შირლი აქ არ ცეკვავს და აღარც მღერის. მადამ სუზაცკა მხოლოდ უსმენს და განკარგულებებს იძლევა. ხოლო როგორ უსმენს მუსიკას, როგორ უსმენს ადამიანებს, როგორ ნიუანსებზე ქმნის ხასიათს, ეს თავად უნდა ნახოთ! შირლი მაკლეინი შეიძლება მართლაც ძალიან მაგარია სცენაზე, მაგრამ პირველ რიგში კინომსახიობია.

ჯონ შლეზინგერმა ეპოქა შექმნა კინოს ისტორიაში. მისი „მატყუარა ბილი“ ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ბრიტანულ ფილმად ითვლება. „შუაღამის კოვბოი“ და „მარათონელი“ კი ჰოლივუდის შედევრებია. შლეზინგერს აქვს უნარი გვიამბოს ისტორია, რომელიც სრულიად განსხვავებული ადამიანებისთვის იქნება ახლობელი და მტკივნეული. ასეა „მადამ სუზაცკაშიც“. ექსცენტრიკული მუსიკის მასწავლებლისა და მისი 15 წლის მოწაფის, ბენგალელი ემიგრანტის ურთიერთობის ამბავი მხოლოდ მუსიკას არ მოიცავს. „მადამ სუზაცკაში“ ერთდროულად ვითარდება ისეთი თემები, როგორიცაა რასობრივი კონფლიქტები, კოლონიზაცია, გაჭირვება, მშობლების ძალაუფლება, წარმატების კულტი. ვინ იცის, რამდენი გენიოსი დაკარგა ისტორიამ მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ბავშვებს, ამ ახალგაზრდებს სწავლის და განვითარების საშუალება არ ჰქონდათ? რასაც არ უნდა გვიყვებოდეს შლეზინგერის ფილმი, სოციალური უთანასწორობის თემას დიდი რეჟისორი გვერდს არასდროს აუვლის ხოლმე.

თუმცა „მადამ სუზაცკაში“ მთავარი აქცენტი კეთდება ტკივილზე, რომელსაც ნებისმიერი კარგი მასწავლებელი განიცდის, როცა გაიაზრებს, რომ მისი მოსწავლე უნდა წავიდეს, რომ სიცოცხლე მოძრაობაა. და ამაშიც ჰგავს სიცოცხლე კარგ მუსიკას, რომლითაც ესოდენ მდიდარია „მადამ სუზაცკა“ - ჰაიდნიდან რომანტიკოსებამდე.

ყველაფერს ამას - ტკივილით სავსე რეალობას და ფაქტობრივად მთელი დასავლური მუსიკის ისტორიას (თუმცა ინდოეთიც „ისმის“ ფილმში) შირლი მაკლეინი თავის მხრებზე ატარებს. უნდა ვაღიარო, რომ არ მიყვარს მსახიობები, რომლებიც სიამოვნებით ირგებენ ძალაუფლებას, რომელსაც როლი იძლევა ხოლმე. მაგრამ შირლი მაკლეინს ფინალურ კადრამდე ჰყოფნის იუმორის გრძნობა - შეიძლება ითქვას, იგი საკუთარ ბენეფისს დასცინის. ცხადია, ამაში თავისი პერსონაჟიც ეხმარება.

მადამ სუზაცკა, რუსი ემიგრანტის შვილი, რომელიც დიდი პიანისტი ვერ გახდა, მაგრამ მუსიკას მთელი სიცოცხლე შესწირა, ძალაუფლებით ტკბობაში არ ცხოვრობს. „მე მარტო პიანინოზე დაკვრას არ ვასწავლი. მე ვასწავლი როგორ უნდა იცხოვრო!“ - რამხელა ირონიაა ამ სიტყვებში, როცა მათ შირლი მაკლეინი წარმოთქვამს. დიდი მსახიობი, წარმატებული კარიერით, თამაშობს არარეალიზებულ პიანისტს! მადამ სუზაცკას შემყურე კიდევ ვიტყვით მერე, რომ წარუმატებლობა აუცილებლად აბოროტებს?

1988 წელს „მადამ სუზაცკა“ ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის კონკურსში ჩართეს. შირლი მაკლეინი დაჯილდოვდა პრიზით ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის. 10 წლის შემდეგ კი - ამავე ფესტივალის საპატიო „ოქროს ლომით“ კინოში გაწეული ღვაწლისათვის. ახლახან, უკვე 90 წლის ასაკში დაასრულა გადაღება ფილმში „საოჯახო საქმე“ ნიკოლ კიდმანთან და ზაკ ეფრონთან ერთად. არ არის გამორიცხული, ფილმის პრემიერა დიდი მსახიობის იუბილეს დაემთხვას.

ფილმის ორიგინალური ვერსია, ინგლისური სუბტიტრებით შეგიძლიათ იხილოთ იუტუბზე:

ფილმის რუსულად დუბლირებული ვერსია კი აქ:

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG