Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს თანამშრომლობა ანტიტერორისტულ კოალიციასთან


რუსი პოლიტიკოსების განცხადებები საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკა-რუსეთის ერთობლივი ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარების შესახებ, ვაშინგტონმა ოფიციალურად უარყო.

მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ტერორიზმის კერების განადგურებით შეერთებული შტატები სერიოზულადაა დაინტერესებული და ამ მიზნის მისაღწევად საქართველოს ხელისუფლებას დახმარებასაც ჰპირდება.

ოფიციალური თბილისი კატეგორიულად უარყოფს მსოფლიოში ნომერ პირველი ტერორისტის ოსამა ბინ ლადენის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის შესახებ მოსკოვიდან წამოსულ ბრალდებას, თუმცა იძულებულია აღიაროს, რომ მისი მხარდამჭერები, პანკისის ხეობას, მართლაც აფარებენ თავს. ეს ოფიციალურად რუსეთის ფედერაციის უშიშროების სამსახურის დირექტორის ნიკოლაი პატრუშევის თბილისში ვიზიტისას, თავად პატრუშევის მეშვეობით გაცხადდა.

[პატრუშევის ხმა] „უშიშროების ფედერალური სამსახური არ ფლობს ინფორმაციას უსამა ბინ ლადენის პანკისის ხეობაში ყოფნის შესახებ. ის რომ ჩეჩნეთის რესპუბლიკაშიც და პანკისის ხეობაშიც ალ-ყაიდას წარმომადგენლები არიან, ჩვენ ამაზე ადრეც ვსაუბრობდით.“

ადრე საქართველოს ხელისუფლება ასეთი განცხადებების უარყოფით იყო დაკავებული და ხშირ შემთხვევაში კი ჩვენი ქვეყნის სამართალდამცავი და უშიშროების სტრუქტურების წარმომადგენლები ჩეჩენ მებრძოლებთან აქტიურად თანამშრომლობდნენ.

ასეც, რომ არ იყოს საქართველოს ხელისუფლება დამოუკიდებლად მაინც ვერ შეძლებს პანკისის ხეობაში არსებული პრობლემების მოგვარებას, რასაც ოფიციალური თბილისი რთულ კრიმინოგენურ ვითარებას უწოდებს, საერთაშორისო საზოგადოება კი ტერორიზმის გავრცელების კერად მიიჩნევს.

საკუთარი უმწეობიდან გამომდინარე თბილისი იძულებულია დაინტერესებული სახელმწიფოების ნებას დაემორჩილოს და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის რეცეპტები შეასრულოს. ეს რომ ასეა საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ორშაბათის ტრადიციული რადიო ინტერვიუს ერთი ფრაგმენტიდანაც ჩანს.

[შევარდნაძის ხმა] „საქართველოს უმთავრესი ამოცანაა პანკისის ხეობაში კრიმინოგენური ვითარების გაუმჯობესება, ამ საქმეში ძალიან გვეხმარება თვით ხეობის მოსახლეობა, ამავე დროს ჩვენ აქტიურად ვტანამშრომლობთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ანტიტერორისტული კოალიციის სხვა ქვეყნებთან. ჩვენ შესანიშნავად გვესმის, რომ თუ არსებობს საერთაშორისო ტერორიზმის გავრცელების საფრთხე, ამ სფეროში საქართველომ აქტიურად უნდა ითანამშრომლოს სწორედ საერთაშორისო გაერთიანებასთან, ვინაიდან ეს არ გახლავთ ერთი რომელიმე ქვეყნის პრეროგატივა ან ამოცანა.“

შესაბამისად, ახლად დანიშნული საქართველოს უშიშროების მინისტრი აქტიურ კონსულტაციებს აწარმოებს ჩეჩნურ ტერორიზმთან ბრძოლით სისხორცეულად დაინტერესებულ მოსკოვთან. თუმცა საქართველოს უშიშროების უზრუნველყოფად რუსული დახმარება ჩვენს ქვეყანაში რუსული სამხედრო-პოლიტიკური გავლენის კიდევ უფრო გაძლიერების ტოლფასია. ეს კი მიუღებელია ამერიკის შეერთებული შტატებისათვის, რომელმაც საქართველო თავის სტრატეგიულ პარტნიორად ახალხანს კიდევ ერთხელ გამოაცხადა.

ამიტომ იყო, რომ რუსეთის ფედერაციაში შეერთებული შტატების ელჩმა ალექსანდრ ვერშბოუმ 22 თებერვალს, პეტერბურგში, პრესის ნაციონალურ ინსტიტუტში გამოსვლისას თბილისისათვის ვაშინგტონის დახმარების შესახებ გამოაცხადა. მისი თქმით, შეერთებული შტატები ცდილობს საქართველოს ხელისუფლებას თავის ტერიტორიაზე კონტროლის აღდგენაში დაეხმაროს, რათა ჩეჩნეთში მეომარ ტერორისტებს საქართველოდან მომარაგება შეუწყდეს.

ლაპარაკია საქართველოში სპეციალური ანტიტერორისტული სამხედრო ნაწილის მომზადების შესახებ, რომელმაც უპირველეს ყოვლისა პანკისის პრობლემის მოგვარება უნდა შეძლოს. თუცა ეს პროექტი უფრო გრძელვადიანია და უახლოეს მომავალში თუ რა ანტიტერორისტული ღონისძიებები შეიძლება განხორციელდეს, ეს საქართველოს უშიშროების მინისტრის ვალერი ხაბურძანიას ამერიკაში ვიზიტისას გაირკვევა.

პოლიტოლოგი რამაზ კლიმიაშვილი თვლის, რომ თუ პანკისის ხეობაში ანტიტერორისტული ოპერაცია დაიგეგმა მას შეერთებული შტატები რუსეთის სამხედრო მონაწილეობითა და საქართველოს ხელისუფლების თანხმობით განახორციელებს. ჯერ-ჯერობით ვაშინგტონი ასეთი ოპერაციის შესაძლებლობას უარყოფს, თუმცა შექმნილი რეალობიდან გამომდინარე პოზიციების ცვლილებაც არაა გამორიცხული.
XS
SM
MD
LG