Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორგანიზაცია ”ისლამური კონფერენციის” სამიტი კუალა ლუმპურში


ანდრო ეული, პრაღა ოთხშაბათს, მალაიზიის დედაქალაქ კუალა ლუმპურში ორგანიზაცია ”ისლამური კონფერენციის” სამდღიანი სამიტი დამთავრდა,

მაგრამ 57 ისლამური ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ვერ მიაღწიეს მთავარ მიზანს – განესაზღვრათ ტერორიზმის ცნება და გაერკვიათ ამ ბოროტების გამომწვევი მიზეზები.

ისლამური ქვეყნების სამდღიან კონფერენციაზე, მართალია, ვერ მოხერხდა ტერორიზმის ცნების განსაზღვრა, მაგრამ სამაგიეროდ ერთობლივ დეკლარაციაში დაგმობილია ტერორიზმის ყოველგვარი გამოვლინება, მათ შორის, როგორც შეხვედრის მონაწილეებმა განაცხადეს, ”სახელმწიფო ტერორიზმი”, რასაც ისრაელი სჩადის. დეკლარაცია მოუწოდებს ”ისლამური კონფერენციის” მინისტრთა 13-წევრიან კომიტეტს, განაგრძოს ძალისხმევა, რათა საერთაშორისო დონეზე მოხდეს ტერორიზმის ცნების განსაზღვრა. კომიტეტი შეეცდება, ამასთანავე, რომ ამ მიზნით გაეროს ეგიდით მოეწყოს საერთაშორისო კონფერენცია. მაგრამ, კუალა ლუმპურში გამართული ფორუმის მონაწილეებმა ეჭვი გამოთქვეს იმის თაობაზე, რომ შეერთებული შტატები და უშიშროების საბჭოს სხვა მუდმივი წევრები მხარს დაუჭერენ ამგვარი კონფერენციის მოწვევის იდეას.

მიმართა რა ფორუმის მონაწილეებს, მალაიზიის პრემიერ-მინისტრმა მაჰათირ მოჰამადმა განაცხადა, რომ ნებისმიერი თავდასხმა მოქალაქეებზე – სამთავრობო ძალებისა თუ თვითმკვლელი ფანატიკოსის მიერ განხორციელებული – ტერორიზმად უნდა იქნეს მიჩნეული. ხოლო ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ქამალ ხარაზი თავის გამოსვლაში ამტკიცებდა, რომ პალესტინელი თვითმკვლელები, რომლებიც ისრაელში აფეთქებებს აწყობენ, ტერორისტები არ არიან:

[ქამალ ხარაზის ხმა] ”პალესტინაში იმ ადამიანთა მიწები, რომლებიც თვითმკვლელობით ამთავრებენ სიცოცხლეს, ოკუპირებულია. ამდენად, წინააღმდეგობა მათი მხრიდან გამართლებულია. წინააღმდეგობა გაუწიო ოკუპაციას, სულ სხვაა, ვიდრე ტერორისტული თავდასხმა ნიუ იორკზე, რაც ყველამ, მათ შორის ირანის ისლამურმა რესპუბლიკამაც დაგმო”.

ორგანიზაცია ”ისლამური კონფერენციის” დასკვნით დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ტერორიზმის ცნების განსაზღვრისას აუცილებლად უნდა იქნეს მოხსენიებული ”სახელმწიფო ტერორიზმი”. მაგრამ დეკლარაცია უარყოფს ყოველგვარ მცდელობას, რომ ტერორიზმი დაუკავშირონ პალესტინელი ხალხის ბრძოლას დამოუკიდებელი სახელმწიფოს დაარსებისთვის, რომლის დედაქალაქი იერუსალიმი იქნება. მალაიზიის საგარეო საქმეთა მინისტრმა საიდ ჰამიდ ალბარმა განაცხადა, რომ ფორუმის დასკვნით დეკლარაციაში ”სახელმწიფო ტერორიზმის” მოხსენიება იმაზე მეტყველებს, თუ რაოდენ შეშფოთებული არიან ორგანიზაცია ”ისლამური კონფერენციის” წევრები პალესტინელთა ტერიტორიებზე ისრაელის სამხედროების ამჟამინდელი მოქმედებით: [საიდ ჰამიდ ალბარის ხმა] ”ისრაელის მხედრიონის მოქმედება სახელმწიფო ტერორიზმის აშკარა გამოვლინებაა. ჩვენ მოვუწოდეთ საერთაშორისო თანამეგობრობას, არ აარიდოს თავი პასუხისმგებლობას და ბოლო მოუღოს ისრაელის სამხედრო აგრესიას. მოვითხოვეთ, რომ ისრაელმა დაუყოვნებლივ და მთლიანად გაიყვანოს თავისი ჯარი ოკუპირებული ტერიტორიებიდან.”

პალესტინელთა დელეგაციის ხელმძღვანელმა ფარუქ ალ-ქადუმიმ თავის გამოსვლაში კუალა ლუმპურში გამართულ სამიტზე განაცხადა, რომ ისრაელის ჯარის გააქტიურება მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე იმის შედეგია, რომ შეერთებული შტატები ისრაელს მხარს უჭერს: [ფარუქ ალ-ქადუმის ხმა] ”შეერთებული შტატები ტერორიზმს ებრძვის და, იმავდროულად, მწვანე შუქს უნთებს ისრაელის მიერ განხორციელებულ სახელმწიფო ტერორიზმს. ამდენად, ჩვენ ვგმობთ ისრაელის ასეთ პოლიტიკასა და ჩვენი ტერიტორიის შემდგომ ოკუპაციას”.

მალაიზიის პრემიერ-მინისტრმა მაჰათირმა, რომელიც პალესტინელებს თანაუგრძნობდა იმთავითვე, შეერთებული შტატების მიერ დაწყებულ ანტიტერორისტულ კამპანიას დაუჭირა მხარი. მაგრამ მაჰათირს მიაჩნია, რომ ვაშინგტონი მისსავე ანტიტერორისტულ კამპანიას უთხრის ძირს, როცა ისრაელის პრემიერ-მინისტრის არიელ შარონის პოლიტიკას უჭერს მხარს. ”სწორი გადაწყვეტილება მიიღო შეერთებულმა შტატებმა, როცა გლობალური ომი გამოუცხადა ტერორიზმს. და, ვფიქრობ, მთელი მსოფლიო უჭერს ამას მხარს. მაგრამ, საუბედუროდ, ვაშინგტონი ამართლებს ისრაელის მთავრობის მოქმედებას, რომელიც ტერორიზმის ტოლფასია. ხოლო როცა ამგვარი ორმაგი სტანდარტია სახეზე, ძნელია მთელი მსოფლიო დარაზმო ტერორიზმის წინააღმდეგ” – განაცხადა მალაიზიის პრემიერ-მინისტრმა.

საგულისხმოა ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრის ნაჯი საბრის გამოსვლაც ისლამური ქვეყნების ფორუმზე. საბრიმ წამოაყენა წინადადება, რომ ნავთობით მდიდარმა ისლამურმა ქვეყნებმა შეწყვიტონ ნავთობის ექსპორტი შეერთებულ შტატებში და ამ გზით აიძულონ ისრაელი, გაიყვანოს თავისი ჯარი ოკუპირებული ტერიტორიებიდან. თუმცა, ამგვარი გადაწყვეტილება აშკარა დარღვევა იქნებოდა ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის OPEC-ის განაწესისა, რომელიც კრძალავს ნავთობის პოლიტიკური მიზნით გამოყენებას.
XS
SM
MD
LG