Accessibility links

logo-print

პატიმართა ამბოხი ავჭალის კოლონიაში


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 16 აპრილს პატიმართა ამბოხი ავჭალის კოლონიაში ერთი პატიმრის მკვლელობით დასრულდა. ამ კოლონიაში სასჯელს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები იხდიან.

მოკლულიც ყოფილი პოლიციელი იყო. იუსტიციის სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმმა 16 აპრილს, პატიმართა ამბოხის დასრულების შემდეგ ჩხრეკისას, დიდი რაოდენობით ცივი იარაღი ამოიღო.

16 აპრილს ავჭალის კოლონიაში ცივი იარაღის გამოყენებით პატიმარი მოკლეს. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, პატიმრების ამბოხი დილის 9 საათისთვის დაიწყო. პატიმარ ზურაბ გოგბერიშვილის მკვლელობის გარემოებები ჯერჯერობით უცნობია.
კარგად ინფორმირებული პირის ცნობით, ის, რომ ამ კონკრეტული პატიმრის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, პენიტენციალური სისტემის ხელმძღვანელობისთვის კარგად იყო ცნობილი. ამ მიზეზით, გოგბერიშვილი რამდენჯერმე სხვადასხვა კოლონიაში გადაიყვანეს. ყოფილი პოლიციელი, რომელიც სასჯელს მკვლელობისთვის იხდიდა, 16 აპრილს მისივე ყოფილმა კოლეგებმა – ყოფილმა პოლიციელებმა - ამბოხისას დანით მოკლეს.
ქართული ციხეებისთვის ამბოხის “ფენომენი” მაინცდამაინც დამახასიათებელი არ არის. პატიმრები პერიოდულად უკმაყოფილებას კი გამოთქვამენ, მაგრამ პროტესტი საკმაოდ მშვიდობიან ფორმას ატარებს ხოლმე. ბევრს ემახსოვრება ამ წელიწადნახევრის წინ კოლონიებში აფხაზეთში მებრძოლებისა და ე.წ. ზვიადისტების მოწყობილი შიმშილობები, რაც, საბოლოოდ, სასამართლოებში ამ სპეციფიკურ პატიმართა საქმეების გადახედვით დასრულდა.
ყველაზე ხმაურიანი ინციდენტიც დაახლოებით იმავე პერიოდს უკავშირდება, როცა ქსნის კოლონიაში ხელყუმბარის აფეთქებას რამდენიმე პატიმარი ემსხვერპლა. ამ ინციდენტის გამო დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს სასჯელთაღსრულების დეპარტამენტის უფროსი ზურაბ მსხვილაძე.
პატიმრები, ამბოხის მოწყობასთან შედარებით, საქართველოს ციხეებიდან გაქცევას ანიჭებენ უპირატესობას. ერთი პერიოდი ქართველი პატიმრების უნარი, ციხის ხელმძღვანელობისგან დაფარულად გვირაბების გათხრის თვალსაზრისით, გულწრფელ აღფრთოვანებას იწვევდა. თუმცა ამ შემთხვევაში ორივე მხარის – როგორც ციხის ხელმძღვანელობის, ასევე პატიმრების - მოტივაცია გასაგებია. ციხის ხელმძღვანელობის არაერთი განცხადებით, ის ანაზღაურება, რაც სასჯელთაღსრულების ობიექტებისთვის არის გამოყოფილი, პატიმრებისთვის ელემენტარული პირობების შესაქმნელად კი არ არის საკმარისი. შესაბამისად, გაუსაძლის პირობებში მყოფი პატიმრების სურვილი, თავი დააღწიონ ჯოჯოხეთს, ლოგიკურად გამოიყურება.
16 აპრილს ომბუცმენის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე “Human Rights Watch” –ის თბილისის ოფისის დირექტორმა ალექს ანდერსენმა განაცხადა, რომ გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესი კომისარიატი შეშფოთებულია საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ გაკეთებულ დასკვნაში აღწერილი პატიმართა მდგომარეობით, რაც გამოხატულია ციხეებში სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლით, პოლიციელთა მიერ პატიმართა წამებისა და დაუსაბუთებელი დაკავების უამრავი ფაქტით. გაერო საქართველოს ხელისუფლებას 12 თვეს აძლევს მდგომარეობის გამოსასწორებლად.
XS
SM
MD
LG