Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის მუშაობა პარალიზებულია


თამარ ჩიქოვანი, თბილისი პარლამენტი მისაბაძი დისციპლინით არასდროს ყოფილა გამორჩეული, თუმცა 16 მაისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა მაინც განსაკუთრებული აღმოჩნდა.

დილის და საღამოს სხდომებზე სარეგისტრაციო დაფამ დაადასტურა ის, რაც შეუიარაღებელი თვალითაც ნათელი გახლდათ - დარბაზში მხოლოდ 40-მდე პარლამენტარი იყო.

უმრავლესობის დაშლის შემდეგ პარლამენტში კვორუმის შეგროვება სპიკერატის მუდმივ თავის ტკივილად იქცა. თუმცა 16 მაისის სხდომა, ამ თვალსაზრისით, მაინც გამორჩეული აღმოჩნდა: რიგგარეშე სხდომის ჩაშლის ფაქტი ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში აქამდე არ ყოფილა. წესიერი, ანუ სხდომაზე გამოცხადებული, დეპუტატები, ერთი მხრივ, კოლეგების მიმართ კრიტიკულ შეფასებებს არ იშურებდნენ, მეორე მხრივ კი, არც თვითკრიტიკულობა აკლდათ. ფრაქცია "ოცდამეერთე საუკუნის" წევრის ელიზბარ ჯაველიძის აზრით, ამ მოწვევის პარლამენტი ყველაზე უხეიროა დღემდე არსებულ პარლამენტებს შორის. შესაბამისად:
[ელიზბარ ჯაველიძის ხმა] " საერთოდ, გადავდგეთ და უზენაეს საბჭოს, თუ ვისაც გინდათ, გადავცეთ და თავიდან ჩავატაროთ არჩევნები."[სტილი დაცულია]
პარლამენტართა ერთი ჯგუფი თანაფრაქციელების გულგროლობას საკანონმდებლო საქმიანობის მიმართ სწორედ არჩევნების მოახლოებით ხსნიდა.
[კოტე კემულარიას ხმა] "რა ვქნათ, თანამდებობების გადანაწილების პროცესში მივიღოთ მონაწილეობა, რაც არ გვსურს და ამ სამარცხვინო პროცესში არ ვმონაწილეობთ, თუ როგორც კანონი და კონსტიტუცია მოითხოვს, საარჩევნო პროცესის დროს ჩვენი ხალხის გვერდით ვიყოთ?"[სტილი დაცულია]
რამდენიმე პარლამენტარის ვარაუდით, პარლამენტში კვორუმის პრობლემა არ დადგება იმ სხდომაზე, რომლის დღის წესრიგშიც იქნება ე.წ. საკადრო ცვლილებები, ანუ ვიცე-სპიკერებისა და კომიტეტთა თავმჯდომარეების დამტკიცების საკითხი. თუმცა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ ამჯერად მკაცრი გადაწყვეტილება მიიღო. მისი განცხადებით:
[ ნინო ბურჯანაძის ხმა] "მე ნამდვილად აღარ ვაპირებ ამის მოთმენას თქვენთან ერთად, იმ ადამიანებთან ერთად, ვინც სხედხართ დარბაზში. არა მგონია, ვინმეზე ნაკლებად მოუცლელი ბრძანდებოდეთ თითოეული თქვენგანი."
მისივე განმარტებით, საკადრო საკითხები მხოლოდ მას შემდეგ განიხილება, რაც პარლამენტი იმსჯელებს დღის წესრიგში შეტანილ კანონ-პროექტებზე. კანონ-პროექტების ბედთან დაკავშირებით პარლამენტარები შეშფოთებას ვერ მალავდნენ. ფრაქცია "მრეწველების" წევრ გურამ შარაძეს ეჭვი აქვს, რომ გარკვეული ძალები სპეციალურად აფერხებენ ქართული ენის შესახებ კანონ-პროექტის განხილვის დაწყებას. მისი განცხადებით:
[გურამ შარაძის ხმა] "ხვალ, ბატონო ვახტანგ, ვინც იქნება პრეზიდიუმში და პირველ საკითხად არ შეიტანს ამ კანონ-პროექტს,ჩემს მანდატს პარლამენტის წევრისას მანდ დაგიდებთ."
პარლამენტში კიდევ ერთი ცვლილებაა მოსალოდნელი. როგორც ჩანს, ელენე თევდორაძე მაინც დატოვებს ფრაქცია "მოქალაქეთა კავშირის" რიგებს, რათა კენჭი იყაროს ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე. იგი თავისი კანდიდატურის მხარდამჭერი დეპუტატების ხელმოწერებს აგროვებს.
XS
SM
MD
LG