Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წინასაარჩევნო მანევრები – ლევან გაჩეჩილაძე პარლამენტიდან მიდის


ადგილობრივი ორგანოების არჩევნებამდე სულ რაღაც ხუთიოდე დღე რჩება. ამდენად, წინასაარჩევნო ციებ-ცხელებაც ფინალურ ეტაპს უახლოვდება.

ამ ფინალურ ეტაპს კი, მოსახლეობის ნაცვლად, პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები ტვირთავენ განსაკუთრებული მუხტით. ისინი უკანასკნელ ძალებს იკრებენ და კარს მომდგარი არჩევნებისადმი არცთუ ენთუზიაზმით განწყობილ მოსახლეობას მოულოდნელ საარჩევნო ილეთებს სთავაზობენ. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე “ახალი მემარჯვენეების” ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე პარლამენტის წევრობაზე უარს აცხადებს.

საარჩევნო მარათონის ფინალურ ეტაპზე ლევან გაჩეჩილაძემ ორიგინალურ მანევრს მიმართა: პარლამენტის წევრობაზე უარი თქვა, რითაც ამომრჩეველს თავი “საქმიან პოლიტიკოსად” წარუდგინა, - უთხრა, რომ “ახლების” საარჩევნო სიას სათავეში ბუტაფორიად არ ჩასდგომია და რომ დედაქალაქის საკრებულოში მისვლა მისი რეალური სურვილი და მიზანია. ამავე ნაბიჯით “ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა პოლიტიკურ ოპონენტებს საკმაოდ სარისკო თამაშში ჩაბმა შესთავაზა. თუმცა პარტიული სიების თავში დასახელებული პარლამენტის სხვა წევრები აზარტულები არ აღმოჩნდნენ და გაჩეჩილაძის ამ გამოწვევას -უარი თქვან დეპუტატის მანდატზე - სიფრთხილით მოეკიდნენ. შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოს არჩევნებისთვის შედგენილი პარტიული სიების სათავეში არიან პარალმენტის წევრები: მიხეილ სააკაშვილი – ბლოკი “ნაციონალური მოძრაობა –დემოკრატიული ფრონტი”, გიორგი თარგამაძე – ბლოკი “აღორძინება-21-ე საუკუნე”, გოგი თოფაძე – “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” და გიორგი ბარამიძე – “ქრისტიან-კონსერვატიული პარტია-ზურაბ ჟვანიას გუნდი”. თბილისის საკრებულოში მოხვედრის შემთხვევაში ამ უკანასკნელთ, ალბათ, სხვა, ნაკლებად ცნობილი, პარტიული პირები ჩაენაცვლებიან. გამონაკლისს იმ შემთხვევაში უნდა ველოდოთ, თუ რომელიმე მათგანის დეპუტატობას ალტერნატივად თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის რეალური შანსი გაუჩნდება.

ლევან გაჩეჩილაძის გადაწყვეტილებას დედაქალაქის საკრებულოსთვის მებრძოლმა დეპუტატებმა კომენტარი გაუკეთეს. გიორგი თარგამაძე: “ მე პრეზიდენტის მხარდაჭერას არ ვგრძნობ, ამდენად, მას სიამოვნებას ვერ მივანიჭებ და პარლამენტს არ დავტოვებ. თუ საჭირო გახდება, ასეთი გადაწყვეტილების მიღებას 1 დღე დასჭირდება.”
კობა დავითაშვილი:” ლევან გაჩეჩილაძის ადამიანურად მესმის - მას დიდი ხანია აწუხებს შეუთავსებლობის პრობლემა. მოგეხსენებათ, პარლამენტის წევრს ეკრძალება იყოს ბიზნესმენიც. საკრებულოში კი ასეთი პრობლემა არ დგას. მისი გადაწყვეტილება სწორედ ამით უნდა აიხსნას. არ ვფიქრობ, მიზეზი პრეზიდენტის მიერ “ახლებისთვის” შეთავაზებული რაღაც გარანტიები იყოს.”
აი, ასეთი გამოხმაურებები მოჰყვა ნაბიჯს, რომელსაც თავად ლევან გაჩეჩილაძის თანამოაზრეები დედაქალაქის ხელისუფლებაში სერიოზული ცვლილებების შეტანის რეალური სურვილის გამოვლინებად მიიჩნევენ.
ასეა თუ ისე, “ახალი მემრჯვენეების” ლიდერი ადგილობრივ არჩვვნებში მონაწილეობას დეპუტატის მანდატის გარეშე მიიღებს. არჩევნებამდე კი კიდევ რამდენიმე დღე რჩება. ეს დღეები ცხელი იქნება პოლიტიკოსებისთვის, რადგან მოსახლოებაში არჩევნებში მონაწილეობის მიღების ენთუზიაზმი ნაკლებად იგრძნობა. მის მნიშვნელოვან ნაწილს, უბრალოდ, აღარ სურს არჩევანის გაკეთება ცუდსა და უარესს შორის. საარჩევნო მარათონი გრძელდება. საინტერესოა, კიდევ რა ორიგინალურ სვლებს შემოგვთავაზებენ პირები, რომლებმაც ადგილობრივი არჩევნებისთვის ბრძოლა ხელისუფლებისთვის გადამწყვეტ ბრძოლას გაუტოლეს.
XS
SM
MD
LG