Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არის აუცილებელი ექსპერტიზის სისტემის რეფორმირება


მიუხედავად იმ ძვრებისა, რომელიც საქართველოში სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის სფეროში დაიწყო და შედეგად იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის შექმნა მოიყოლა.

შეგახსენებთ, რომ ამ ცენტრის ლაბორატორიაში შეერთებული შტატებიდან ძვირადღირებულ თანამედროევ აპარატურას ელოდებიან, ექსპერტიზის სისტემა კვლავაც განუკითხაობის სფეროდ რჩება. იუსტიციის სამინისტროში კი შემუშავებულია კანონპროექტი, რომელსაც ბევრი რამის შეცვლა შეუძლია. ის ჟურნალისტებს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ კვლევათა ცენტრის ხელმძღვანელმა მაია ნიკოლეიშვილმა და მისმა კოლეგებმა გააცნეს.

ფორენზული მეცნიერება არის მეცნიერება სისხლის სამართლისა და სამოქალაქო სამართალწარმოებისთვის აუცილებელი გამოკვლევების შესახებ და იუსტიციის სამინისტროში შემუშავებულ პროექტსაც ასე ჰქვია: “კანონპროექტი ფორენზული –საექსპერტო საქმიანობის შესახებ”. მაია ნიკოლეიშვილის სიტყვებით, მან ის ჯადო უნდა მოხსნას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის სფეროში მოქმედებს და უწყებრივ, ანუ ჯიბის, ინტერესებში მდგომარეობს.

ამ ინტერესებმა რამდენჯერმა შეაფერხა ექსპერტთა საქმიანობის სამართლებრივ მხარეთა მოწესრიგების ინიციატივა. წინააღმდეგობა დღესაც არსებობს. შინაგან საქმეთა მინისტრი იუსტიციის სამინისტროს საექსპერტო საქმიანობის მონოპოლიზირების მცდელობაში სდებს ბრალს, იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის სასარგებლოდ. არადა, როგორც მაია ნიკოლეიშვილი ირწმუნება, მიზანი სწორედ უწყებრივი მონოპოლიების დანგრევა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტთა საქმიანობისთვის დამოუკიდებლობის მყარი გარანტიების შექმნაა და არამარტო ეს.

კანონპროექტი მკაცრად განსაზღვრავს ლიცენზირებისა და სერტიფიკაციის წესებს, აგრეთვე - იმ მინიმალურ დონეს, რომელმაც ამა თუ იმ უწყებისთვის თუ დამოუკიდებელი იურიდიული სუბიექტისთვის საექსპერტო საქმიანობის უფლებამოსილების მინიჭება უნდა განსაზღვროს. მთელი ეს პროცესი ექსპერტთა ეროვნულმა საბჭომ უნდა მართოს. მონოპოლიზირებაზე კი საუბარიც ზედმეტია. ეს არის, რომ, ამერიკის შეერთებული შტატების შემწეობით, იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ კვლევათა ცენტრს, რომელიც ახლო მომავალში იუსტიციის სამინისტროსი კი არა ამ სამინისტროსთან არსებული ცენტრი იქნება,
ყველზე საიმედო აპარატურა ექნება და, შესაბამისად, ნდობის მაღალი ხარისხით ისარგებლებს.

ახლა იმის შესახებ, თუ რა კონკრეტულ უწყებრივ ინტერესებს უპირისპირდება კანონპროექტი, ანუ რა მოვლენებთან გვაქვს საქმე სფეროში, რომელსაც ქართული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა წარმოადგენს. დავიწყოთ ელემენტარულით:
რა მეთოდებით ადგენენ ჯანმრთელობის სამინისტროს ნარკოლოგიურ ცენტრში იმას, არის თუ არა ესა თუ ის დაკავებული პირი ალკოჰოლის გავლენის ქვეშ. ეს მეთოდები, მაია ნიკოლეიშვილის თხოვნით, ექსპერტმა ლადო სარიშვილმა განმარტა:

[მაია ნიკოლეიშვილისა და ლადო სარიშვილის ხმები]

მაია ნიკოლეიშვილი: “ ლადოს აუხსნეს, რომ აქვთ 18 პუნქტი და ამ პუნქტების მიხედვით ადგენენ.”
ლადო სარიშვილი: “ გვარი, სახელი, ჩაცმულობა, მოწესრიგებულია თუ მოუწესრიგებელი. ქცევა – აგზნებულია თუ მშვიდი. მე გეკითხებით: ადამიანი, რომელსაც ძალით წაიყვანენ ნარკოლოგიურში, იქნება თუ არა აგზნებული?
გუგები - შევიწროებულია თუ არა, უკანკალებს თუ არა ხელები? “
მაია ნიკოლეიშვილი: “ როგორც ექიმი, განვმარტავ, რომ ხელების კანკალი დამახასიათებელია ჩიყვისთვის და სხვა დაავადებებისთვის.”
ლადო სარიშვილი: “ ქცევა – არის თუ არა გამხეცებული?”
მაია ნიკოლეიშვილი: “ნუ ანეგდოტია ეს ყველაფერი.”


წარმოდგენილი სურათი, მართლაც, ანეგდოტს ჰგავს, თუმცა ეს ანეგდოტი საგზაო ინსპექციას კვებავს. მსუბუქად ნასვამსა და ნასვამს შორის აქ განსხვავება არ არსებობს: საგზაო ინსპექტორისთვის ფულის გადახდა ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა.წინააღმდეგობას მოჰყვება დასკვნა, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების მიხედვით გაფორმდება.

კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაა იქ, სადაც ამა თუ იმ პირის ნარკოტიკული ნივთიერების ზეგავლენის ქვეშ ყოფნა უნდა დაადგინონ. საბაჟო სამსახურში ჩატარებულმა კვლევამ მაია ნიკოლეიშვილი დაარწმუნა, რომ საქართველოში არ არსებობს სტანდარტი, რომლითაც ამა თუ იმ პირისგან აღებულ ანალიზში ნარკოტიკული ნივთიერების სახეობა და მისი რაოდენობა უნდა დადგინდეს.

[მაია ნიკოლეიშვილის ხმა] “ მე არ ვიცი, ამდენი წლის მანძილზე საექსპერტო ლაბორატორიები რას ადარებდნენ. ადამიანებს ციხეში უშვებდნენ, მაგრამ გაირკვა, რომ სტანდარტი არ გააჩნიათ. სტანდარტი არ არსებობს.”

ამ პრობლემას ემატება ისიც, რომ ჩვენს ქვეყანაში სუფთა ნარკოტიკს იშვიათად თუ ხმარობენ. ძირითადად, იღებენ მინარევებს, ვთქვათ, ანალგინთან და ციტრამონთან ჰეროინის უმნიშვნელო მინარევს და ხდება ისე, რომ თითქოსდა ნარკოტიკების მომხმარებელს ანალგინისა და ციტრამონის მოხმარებისთვის ასამართლებენ.
მაია ნიკოლეიშვილს იმედი აქვს, რომ ამ განუკითხაობას წერტილი აუცილებლად დაესმება, რომ იუსტიციის სამინისტროში მომზადებული კანონპროექტი კანონად იქცევა.
XS
SM
MD
LG