Accessibility links

რატომ ვერ შეიკრიბა თბილისის ახლად არჩეული საკრებულო


24 ივნისს თბილისის საკრებულოს პირველი სხდომა უნდა გამართულიყო, მაგრამ თბილისის ახლად არჩეული დეპუტატები არ შეკრებილან.

მათ ლოდინი კიდევ კარგა ხანს მოუწევთ, რადგან ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დამტკიცებული თბილისის შედეგების შემაჯამებელი ოქმი შეჩერებულია და, საოლქო სასამართლოს განჩინებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ხმების ხელახალი დათვლა ევალება.

ადგილობრივმა არჩევნებმა თბილისელებს იმედი გაუცრუა. თუ ვინმე დედაქალაქის საკრებულოსგან ბევრს ელის, იმაზე მეტს, რისი გაკეთებაც საკრებულოს დონეზე შეიძლება, ახლად არჩეული საკრებულოს შეკრებამდე ლოდინი კარგა ხანს მოუწევს. ლოდინი მანამდე გასტანს, სანამ ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგილობრივი არჩევნების თბილისის შედეგებს შეამოწმებს და ხმებს ხელახლა დაითვლის. ეს საქმე დროს მოითხოვს და ამ დროის მანძილზე საკრებულოს დეფიციტის პრობლემას ძველი საკრებულოსთვის უფლებამოსილების ვადის გახანგრძლივება თუ გადაწყვეტს.

სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაესია. საოლქო სასამართლომ აღადგინა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გაუქმებული გადაწყვეტილება ადგილობრივი არჩევნების თბილისის შედეგების ხელახალი შემოწმების შესახებ. სასამართლოს ძალით, შეჩერებულია თბილისის ოლქის შემაჯამებელი ოქმიც და ასეთ პირობებში ახლად არჩეული საკრებულოს ამოქმედებაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ხმების ხელახლა დათვლამდე და თბილისის საკრებულოს არჩევნების საბოლოო შედეგების ხელახლა დადგენამდე ძველი საკრბულოსთვის უფლებამოსილების ვადის გახანგრძლივებაზე პარლამენტმა უნდა იზრუნოს.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ხმების ხელახალი დათვლისთვის საჭირო ვადებზე საუბარი უჭირთ. გია ზესაშვილის თქმით, ვადებზე საუბარი ნაადრევია, რადგან კომისიის წევრებმა უნდა გაარკვიონ, რა მოცულობის სამუშაოსთან ექნებათ საქმე, როგორ დაკომპლექტდება საარჩევნო კომისიები და ასე შემდეგ.

სასამართლოს სააღმასრულებლო ფურცლები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 24 ივნისს უნდა შესულიყო, მაგრამ სამუშაო დღე ამ დოკუმენტაციის ამაო მოლოდინში ამოიწურა. ასეა თუ ისე, სასამართლოს განჩინება არსებობს. არსებობს გადაწყვეტილება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გაუქმებული გადაწყვეტილების აღდგენის შესახებ, რაც ხმების ხელახალ დათვლას გულისხმობს. ის “ნაციონალური მოძრაობის” მონაპოვარია. არის, აგრეთვე, განჩინება თბილისის შემაჯამებელი ოქმის შეჩერების თაობაზე, რომლის მოთხოვნითაც სასამართლოს “სახალხო პარტიამ” მიმართა. სხვათა შორის, ერთ-ერთი მხარე, რომელმაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სასამართლოში უჩივლა, კერძოდ, “ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატიული ფრონტი”, თბილისის ახალი საკრებულოს ამოქმედების მომხრეა. ვანო მერაბიშვილის თქმით, ახალმა საკრებულომ მუშაობა უნდა დაიწყოს; ისე არ უნდა მოხდეს, რომ არჩევნები ჩაშლილად წარმოჩნდეს. ხმების ხელახალი დათვლის პროცესი საკრებულოს მუშაობის პარალელერად უნდა მიმდინარეობდეს და, თუ შედეგები გასაუქმებელი აღმოჩნდება, საქმეში უზენაესი სასამართლო უნდა ჩაერიოს. მაგრამ ეს არის მხოლოდ სურვილი, რომლის განხორციელებაც სასამართლოს გადაწყვეტილებასთან წინააღმდეგობაში მოვა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის გია ზესაშვილის აზრით, ასეთი რამ არ მოხდება. ასე რომ, თბილისის ახალი საკრებულოს ამოქმედებამდე წინ ხმების ხელახალი დათვლის რთული და, ამავდროულად, საინტერესო პროცესია.
XS
SM
MD
LG