Accessibility links

logo-print

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა ”ჰიუმენ რაიტს უოჩის” რეაქცია თბილისში, ”თავისუფლების ინსტიტუტის” ოფისში ათ ივლისს მომხდარ სამარცხვინო ფაქტთან დაკავშირებით,

სამთავრობო კრიზისი თურქეთში, და კორპორაციული კორუფცია შეერთებულ შტატებში – ამ საკითხებს შევეხებით დასავლეთის პრესის დღევანდელ მიმოხილვაში.

ღია წერილში, რომელიც 12 ივლისს გამოქვეყნდა ნიუ-იორკში, ”ჰიუმენ რაიტს უოჩის” ევროპისა და შუა აზიის განყოფილების აღმასრულებელი დირექტორი ელისაბედ ანდერსენი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას – სასწრაფოდ გამოიძიოს თბილისში ათ ივლისს მომხდარი ინციდენტი და სათანადოდ დასაჯოს ბოროტმოქმედნი, რომლებმაც ”თავისუფლების ინსტიტუტის” ოფისი დაარბიეს და სასტიკად სცემეს ამ არასამთავრობო ორგანიზაციის რამდენიმე თანამშრომელი.

”ეს იყო ადამიანის უფლებათა დამცველებზე განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე აღმაშფოთებელი თავდასხმა, რაც კი ოდესმე გვინახავს ყოფილ საბჭოთა კავშირში. ამ მიუტევებელმა ძალადობამ ცხადყო, თუ რაოდენ სერიოზული საფრთხის წინაშე დგანან ადამიანის უფლებათა დამცველები საქართველოში” – ნათქვამია ”ჰიუმენ რაიტს უოჩის” ღია წერილში.

მრავალმხრივი კომენტარით აშუქებენ გაზეთები თურქეთში დაწყებულ პოლიტიკურ კრიზისს, რაც იმითაა გამოწვეული, რომ ქვეყნის ჯანმრთელობაშელახული პრემიერ-მინისტრი, 77-წლის ბულენთ ეჯევითი უარს ამბობს გადადგომაზე, მიუხედავად იმისა, რომ ეჯევითის მემარცხენე დემოკრატიული პარტია და მთავრობის კაბინეტი უკვე 7-მა მინისტრმა დატოვა. ოპოზიცია ვადამდელი არჩევნების ჩატარებასა და ახალი კაბინეტის შექმნას მოითხოვს. როგორც გაზეთი ”ფაინენშალ ტაიმსი” აღნიშნავს სარედაქციო სტატიაში, ისე, როგორც არასდროს აქამდე, თურქეთს სწორედ დღეს სჭირდება ძლიერი და სტაბილური მთავრობა. გაზეთი წერს:

”ქვეყნისთვის ერთობ რთულ პერიოდს დაემთხვა სამთავრობო კრიზისი თურქეთში. ვაშინგტონი ერაყის წინააღმდეგ სამხედრო აქციისათვის ემზადება და ამ საქმეში ანკარისაგან მოითხოვს დახმარებას. დაძაბულია ურთიერთობა თურქეთსა და ევროკავშირს შორის, და უწინარესად იმის გამო, რომ დღემდე ვერ მოგვარდა უთანხმოება თურქეთსა და საბერძნეთს შორის, რაც ევროკავშირის ეგიდით სწრაფი რეაგირების სამხედრო შენაერთის დაარსებას აფერხებს. მოსახლეობის ორი მესამედი, თურქეთში, მომხრეა იმისა, რომ ქვეყანა - ევროკავშირში გაწევრიანდეს. რეფორმისტი პოლიტიკოსები იმედოვნებენ, რომ შექმნიან ახალ ალიანსს, რომელიც დააჩქარებს ქვეყანაში რადიკალური პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გატარებას, რაც საბოლოოდ დაარწმუნებს ევროკავშირს იმაში, რომ თურქეთი - ამ ორგანიზაციაში მიღებას იმსახურებს”.

ბრიტანეთის გაზეთ ”გარდიანის” აზრით, ამჟამინდელ პოლიტიკურ კრიზისს, თურქეთში, შესაძლოა მეტად სავალალო შედეგები მოჰყვეს. იმ დროს, როცა ჯანმრთელობაშელახული პრემიერ-მინისტრის ბულენთ ეჯევითის პოზიცია დღითიდღე სუსტდება, ნაციონალისტების, ან კიდევ პრო-ისლამისტური სამართლიანობის პარტიის მომძლავრებამ შესაძლოა გაართულოს ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანება, დაამუხრუჭოს ქვეყანაში სოციალური რეფორმები და კიდევ უფრო დაძაბოს ანკარის ურთიერთობა საბერძნეთთანა და ნატოსთან. გაზეთი დასძენს:

”თურქები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ ქვეყანაში მასიური ხასიათი მიიღო უმუშევრობამ და გაღრმავდა ეკონომიკური კრიზისი, რაც ნაწილობრივ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციით განხორციელებულმა ეკონომიკური მომჭირნეობის პროგრამამ გამოიწვია. გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ პრემიერ-მინისტრი უარს ამბობს გადადგომაზე, რითაც ახალი კოალიციის შექმნას, აგრეთვე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოწყობას აფერხებს. ამგვარი ჯიუტობით, ბულენთ ეჯევითმა შესაძლოა ცუდად დაამთავროს თავისი, მთლიანობაში წარმატებული პოლიტიკური კარიერა.”

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა გადაწყვიტა ბოლო მოუღოს ქვეყანაში კორპორაციულ კორუფციას, რასაც მრავალმხრივი კომენტარით გამოეხმაურა ასევე დასავლეთის პრესა. პრესკონფერენციაზე, ნიუ-იორკში, ბუშმა წამოაყენა წინადადება, რომ ათ წლამდე გაიზარდოს, ანუ გაორმაგებულ იქნეს თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა იმ კომპანიათა ხელმძღვანელებისთვის, რომლებიც საბუღალტრო ანგარიშსწორებისას დოკუმენტაციას აყალბებენ. როგორც გაზეთ ”ვაშინგტონ პოსტის” მიმომხილველი დანა მილბენკი აღნიშნავს, პრეზიდენტ ბუშის გამოსვლამ ნიუ-იორკში, როცა მან მსხვილ კორპორაციათა საბუღალტრო ხარჯთაღრიცხვის გაყალბებაზე ილაპარაკა, შესაძლოა უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენოს თეთრი სახლის ადმინისტრაცია. ამერიკელი ჟურნალისტი წერს:

”დიდი ბიზნესის მეგობრის რეპუტაციის მქონე თეთრი სახლის ადმინისტრაცია სერიოზულ პრობლემას დაუპირისპირდა მას შემდეგ, რაც ფედერალურმა გამოძიებამ, ახლახან, ”ჰელიბარტონის” კომპანიის საქმიანობის შემოწმებისას, საბუღალტრო ხარჯთაღრიცხვის გაყალბების ფაქტები გამოააშკარავა, თანაც ეს, იმ პერიოდს მოიცავს, როცა კომპანიას ამჟამინდელი ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი ხელმძღვანელობდა. ბატონ ბუშს ბიზნესის განხრითა აქვს უმაღლესი განათლება მიღებული, და ბიზნესმენების დანიშვნა მის ადმინისტრაციაში, ჩვენთვის, ”ქვეყნის ეფექტიანი და გონივრული მართვის” მომასწავებელი იყო. თუმცა ამჯერად, როცა ბიზნესის სფეროში კრიმინალური საქმიანობის ფაქტები გამოვლინდა, პასუხი, თეთრი სახლის ადმინისტრაციასაც უნდა მოვთხოვოთ.”

გაზეთი ”ბოსტონ გლოუბი” აკრიტიკებს ჯორჯ ბუშის გამოსვლას ნიუ-იორკში ქვეყნის მსხვილი კორპორაციების საფინანსო მაქინაციებთან დაკავშირებით, და წერს, რომ ”ბუში ჰგავდა სერიოზული ავტოკატასტროფის მოწმეს, რომელიც ამბობს, რომ ავარია, თურმე, მძღოლების ამორალური საქციელის შედეგია”. პრეზიდენტმა გაკვრით მოიხსენია ამასთანავე კორპორაციათა საბუღალტრო ხარჯთაღრიცხვაზე უფრო მკაცრი კონტროლის დაწესების აუცილებლობა. გაზეთი, სარედაქციო სტატიაში განაგრძობს:

”ჯორჯ ბუშმა მხარი დაუჭირა ამგვარი კონტროლის შესახებ წარმომადგენელთა პალატაში მომზადებული ახალი კანონის შერბილებულ ვარიანტს, და ერთი სიტყვაც არ უთქვამს სენატში მომზადებული უფრო მკაცრი კანონპროექტის შესახებ. ხოლო როცა ბატონი ბუში გადასახადების შემდგომ შემცირებას მოითხოვს კონგრესისაგან იმ დროს, როცა ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტი სულ უფრო იზრდება, იგი გვაგონებს ავტომანქანის მძღოლს, რომელიც სხვებს ჰკიცხავს, თავად კი, საკუთარი მანქანის გაუმართაობას ვერ ამჩნევს.”

როგორც საფრანგეთის გაზეთი ”მონდი” აღნიშნავს, მართალია გამოძიებამ ჯერჯერობით ვერ დაადგინა თეთრი სახლის ადმინისტრაციის უშუალო მონაწილეობა ამას წინათ გაკოტრებული კომპანიის, ”ენრონის” საფინანსო მაქინაციებში, და მაინც, ცნობამ იმის შესახებ, რომ ”ჰელიბარტონის” კომპანია თურმე სააღრიცხვო დოკუმენტაციას აყალბებდა იმ პერიოდში, როცა ამ მსხვილ კორპორაციას ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი ხელმძღვანელობდა, მნიშვნელოვნად შეასუსტა პრეზიდეტ ბუშის პოზიცია ნოემბრისათვის დანიშნული ”შუალედური არჩევნების” წინ. გაზეთი დასძენს:

”ჯორჯ ბუშის გამოსვლამ გასულ ორშაბათს ნიუ-იორკში იმედი გაუცრუა ბევრს, ვინაიდან კორპორაციული კორუფციის აღმოსაფხვრელად პრეზიდენტმა არ წამოაყენა კონკრეტული პროგრამა. ხოლო ბუშის, როგორც ბიზნესმენის წარსულმა და ვიცე-პრეზიდენტის, დიკ ჩეინის საქმიანობამ, როცა იგი კომპანია ”ჰელიბარტონს” ხელმძღვანელობდა, ჩრდილი მიაყენა თეთრი სახლის ადმინისტრაციას.”

გაზეთი ”უოლ სტრიტ ჯორნალი” იზიარებს მრავალი მიმომხილველის აზრს, როცა წერს, რომ პრეზიდენტ ბუშის გამოსვლა ნიუ-იორკში, ბიზნესის სფეროში ჩადენილი საფინანსო მაქინაციების შესახებ, პოლიტიკურად იყო მოტივირებული. ყოველივე, რაც დღეს ხდება ვაშინგტონში, ნოემბრის მოახლოებულ არჩევნებში გასამარჯვებლადაა გამიზნული, და არა ბიზნესის სფეროში წესრიგის დასამყარებლად-დასძენს გაზეთი.
XS
SM
MD
LG