Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგადამხდელო ბალანსის ზოგიერთი საკითხი


გიორგი კაკაბაძე, თბილისი რა ტენდენციები შეინიშნება უკანასკნელ წლებში საქართველოს საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობებში? ამ საკითხს ეძღვნება “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების

ცენტრის” ბიულეტენის 68-ე ნომერში გამოქვეყნებული სტატია ქვეყნის საგადამხდელო ბალანსის შესახებ. გესაუბრებით სტატიის ზოგიერთ ფრაგმენტზე.

საქართველოს საგადამხდელო ბალანსი სრულ წარმოდგენას იძლევა ქვეყნის საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა შედეგებზე. საგადამხდელო ბალანსი ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება: პირველი – მიმდინარე ანგარიში; მეორე – კაპიტალი და ფინანსური ანგარიში.

სტატიაში ნათქვამია, რომ “საქონლის ექსპორტ-იმპორტი მიმდინარე ანგარიშის და, საერთოდ, საგადამხდელო ბალანსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია და, ექსპორტ-იმპორტის ოპერაციებთან ერთად, მოიცავს ანგარიშგებას იმ ობიექტებთან, რომელთა პროდუქციაც, გარკვეული მიზეზების გამო, არ გადის საბაჟო კონტროლს და არ აღირიცხება. ესენია: ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, საჰაერო და საზღვაო ხომალდების შეძენა და მათ ბორტზე მიწოდებული მოხმარებისთვის საჭირო სურსათი და საწვავი, აგრეთვე, უცხოური კრედიტებით შეძენილი ან ჰუმანიტარული დახმარების სახით შემოსული საქონელი”.

სტატიაში აღნიშნულია, რომ “საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს ეკონომიკა არ აღმოჩნდა მზად იმისათვის, რომ საკუთარი პროდუქციით დაეკმაყოფილებინა ქვეყნის მოთხოვნილებები და მზარდი იმპორტი არ ეწარმოებინა. ამის გამო რეგისტრირებული იმპორტი რამდენადმე აღემატება რეგისტრირებულ ექსპორტს და საქართველოს სავაჭრო ბალანსის უარყოფითი სალდო ზრდის ტენდენციით ხასიათდება. მართალია, 1999 წელს, წინა წელთან შედარებით, ამ მაჩვენებელმა შესამჩნევად იკლო, რაც, ძირითადად, ექსპორტის, დაახლოებით, 24%-ით გაზრდამ და იმპორტის 32%-ით შემცირებამ გამოიწვია, მაგრამ 2000 წელს უარყოფითი სალდო 32,5 მილიონი ამერიკული დოლარით გაიზარდა”.

სტატიის ავტორები ვარაუდობენ, რომ “საქართველოს ეკონომიკის განვითარების პოტენციალიდან გამომდინარე, უარყოფითი სალდოს ზრდის ტენდენცია ახლო მომვალშიც გაგრძელდება”.

საინტერესოა, რომ კონტრაბანდული ტვირთების მოძრაობა ავტომატურად ამცირებს იმპორტის მოცულობას. “რომ არა კონტრაბანდა, იმპორტის ზრდის კვალობაზე, უარყოფითი სალდოც გაცილებით მეტი იქნებოდა,” – ნათქვამია სტატიაში. შემდეგ აღნიშნულია, რომ “ცალკე მსჯელობის საგანს წარმოადგენს ექსპორტ-იმპორტის სწორი აღრიცხვიანობა და ინფორმაციის მიწოდების წყაროები. საქართველოში დღეისათვს მოქმედი სააღრიცხვო სისტემის მიხედვით, ექსპორტ-იმპორტის გაანგარიშება ხდება საბაჟო სამსახურის მიერ დაფიქსირებული მონაცემების საფუძველზე (საბაჟო დეკლარაციის მონაცემები), ქვეყნებს შორის ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდების საფასურის შეკრებით და არაორგანიზებული ვაჭრობიდან მიღებული ექსპერტული მონაცემების შეჯამებით. აგრეთვე, გათვალისწინებულია ჰუმანიტარული დახმარებები და უცხოური კრედიტებით შეძენილი საქონელი, საჰაერო და საზღვაო ხომალდების შეძენა და მათი მომარაგება”.

ავტორთა თქმით, “საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებში, განსაკუთრებით კი ვაჭრობაში, დიდია ფარული გარიგებებისა და აღურიცხავი ტვირთების მოცულობა, რაც არ იძლევა სწორი ანალიზის გაკეთების საშუალებას და ართულებს საგადამხდელო ბალანსისა და ეკონომიკის სხვადასხვა დარგის ურთიერთგავლენის შეფასებას.
სწორი აღრიცხვიანობის ყველაზე დიდ ხელისშემშლელ ფაქტორს კონტრაბანდა წარმოადგენს. აფხაზეთის ენგურისპირა საზღვრები, ერგნეთის ბაზრობა, წითელი ხიდი და სხვა ტერიტორიები ყოველდღიურად დიდი მოცულობის კონტრაბანდულ ტვირთებს ატარებენ, რის გამოც ბიუჯეტს დიდძალი შემოსავლები აკლდება”.
XS
SM
MD
LG