Accessibility links

logo-print

შეუძლია თუ არა ამერიკას, შეიცვალოს იმიჯი საგარეო პოლიტიკის შეუცვლელად?


როგორც ჩანს, თეთრი სახლი ყოველ ღონეს ხმარობს, რათა საერთაშორისო ავტორიტეტი აიმაღლოს და ამის მიღწევას ახალი უწყების – გლობალურ ურთიერთობათა მუდმივმოქმედი ოფისის მიერ

ჩამოყალიბებული საგარეოპოლიტიკური "მესიჯებით" გეგმავს. მაგრამ საერთაშორისო საკითხების ექსპერტები და ამერიკის პოლიტიკური წრეების წარმომადგენლები სულ უფრო ხშირად სვამენ რიტორიკულ შეკითხვას: როგორ შეძლებს სუპერსახელმწიფო მსოფლიოს საზოგადოების თვალში საკუთარი რეპუტაციის ტრანსფორმირებას, თუკი ძირეულად არ შეიცვალა ის პოლიტიკური კურსი, რომელიც დიდწილად განაპირობებს ამერიკისადმი კრიტიკულ დამოკიდებულებას? ამ პრობლემას ეხება რადიო "თავისუფლების" ანალიტიკოსის ჯეფრი დონოვანის სტატია, რომლის შინაარსსაც კობა ლიკლიკაძე გაგაცნობთ.

"რატომ ვძულვართ მათ?" – კონგრესის ტრიბუნიდან სწორედ ამ შეკითხვით მიმართა 11 სექტემბრის ტერაქტებიდან 9 დღის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ამერიკელ ხალხს. ამერიკის მოძულეებში ბუში მუსულმანური სამყაროს იმ წარმომადგენელებს გულისხმობდა, რომლებმაც ნიუ იორკსა და ვაშინგტონში საზარელი ტორორისტული დანაშაული ჩაიდინეს. "მათ ვძულვართ ჩვენი თავისუფლების გამო", ასეთი იყო თავად ბუშის პასუხი საკუთარ შეკითხვაზე.

სინამდვილეში, ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ვაშინგტონის მიმართ არსებული საერთაშორისო სიძულვილისა და რისხვის მიზეზი თავად ამერიკის შეერთებული შტატების არადემოკრატიული საგარეოპოლიტიკური კურსია. ხოლო ასეთი ანტიამერიკული განწყობილება კიდევ უფრო გაძლიერდა 11 სექტემბრის მოვლენების შემდეგ, თეთრი სახლის მთელი რიგი გადაწყვეტილებების გამო. მათ შორის კრიტიკოსები ყველაზე ხშირად შემდეგ მიზეზებს ასახელებენ: ერთპიროვნული ომი ტერორიზმის წინააღმდეგ, დაუბალანსებელი პოლიტიკა ახლო აღმოსავლეთში, აგრეთვე, გლობალური საფრთხის უგულებელყოფა და უარის თქმა ახალი საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალის მუშაობაში მონაწილეობაზე.

ამ ფონზე მეტად საინტერესოდ გამოიყურება გაზეთ "ვაშინგტონ პოსტში" 30 ივლისს გამოქვეყნებული სტატია, რომელშიც თეთრი სახლის ინკოგნიტო წარმომადგენელი ბუშის ადმინისტრაციის ახალ სტრატეგიაზე საუბრობს. ინკოგნიტო რესპონდენტის მტკიცებით, ამერიკის მთავრობა აპირებს, შექმნას გლობალურ ურთიერთობათა მუდმივმოქმედი ოფისი, რომელსაც საზღვარგარეთ ამერიკის საერთაშორისო ავტორიტეტის განმტკიცება დაევალება. მოგვიანებით ამას მოჰყვა საგარეო ურთიერთობების საბჭოს განცხადება, რომელშიც საუბარია "სახალხო დიპლომატიის" გააქტიურებაზე მუსლიმანურ ქვეყნებისა და, განსაკუთრებით, ახლო აღმოსავლეთის ახალგაზრდებში თანამოაზრეთა რიცხვის გაზრდის მიზნით.

მიუხედავად იმისა, რომ თეთრი სახლის ამ ინიციატივას ჯერ მელანიც არ შეშრობია, ამერიკის ახალ დიპლომატიურ სტრატეგიას არაერთი გამოხმაურება მოჰყვა. ნიუ-ჰემპშირის შტატის დარტმუთის კოლეჯის პროფეორი სტივენ ბრუკსი მიიჩნევს, რომ ბუშის ადმინისტრაციას მართლაც მართებს ენერგიული ზომების მიღება, რათა გაანეიტრალოს ის არაკეთილგანწყობა, რაც ამერიკის ქედმაღლური საგარეო პოლიტიკის მიმართ მუსლიმანურ ქვეყნებში და ევროპის ზოგიერთ სახელმწიფოშიც კი შეინიშნება. ამ მიზნის მიღწევის ყველაზე ეფექტიან საშუალებად, ბრუკსის თქმით, ღარიბი ქვეყნებისთვის მიმზიდველი ეკონომიკური პროგრამების შექმნა და მათი პროდუქციის გასაღების ხელშეწყობა იქნება.

[სტივენ ბრუკსის ხმა] "თუ აღშფოთება მატულობს, როცა განვითარებად ქვეყნებს არ ძალუძთ ზრდა, და თუკი მათ უფრო სწრაფი განვითარების საშუალებას მისცემს ამერიკის ბაზარზე საკუთარი აგროსამრეწველო პროდუქციისა და ქსოვილების გატანა, მაშინ საკვირველი იქნებოდა, თუ ამერიკის შეერთებული შტატები არ ისარგებლებდა ამ ვითარებით და არ შეამცირებდა იმ ბარიერებს, რაც განვითარებად ქვეყნებს პროდუქციის ექსპორტს უზღუდავს."

ამერიკის შერთებული შტატების საერთაშორისო ავტორიტეტის განსამტკიცებლად, თეთრი სახლის გლობალურ ურთიერთობათა ოფისი, ეკონომიკურის გარდა, კულტურული და საინფორმაციო პროგრამების შექმნაზეც მუშაობს. მათ შორის ასახელებენ რადიო და სატელევიზიო მაუწყებლობების გახსნას ისეთ საკვანძო რეგიონებში, როგორიცაა ახლო აღმოსავლეთი. მაგრამ ბევრი ანალიტიკოსი და მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურის ყოფილი თანამშრომლები, აცხადებენ, რომ თუ თეთრი სახლის პოლიტიკა ახლო აღმოსავლეთში არ დაბალანსდება და იგი კვლავინდებურად პროშარონისტული დარჩა, სიძულვილი კიდევ უფრო ბევრ მუსლიმანს გადაედება და ამერიკა კვლავაც დარჩება ტერორისტთა სამიზნედ.
XS
SM
MD
LG