Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰგავს თუ არა პანკისის ხეობა ავღანეთს


დავით პაიჭაძე, თბილისი რუსეთის ფედერალური მასშტაბის მედია – სულ ერთია, ოფიციალური თუ ფორმალურად დამოუკიდებელი – პანკისის ხეობაზე ლაპარაკის დროს აუცილებლად იშველიებს ავღანეთის მაგალითს.

სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით წერა გულისხმობს, ერთი მხრივ, ავღანეთისა და პანკისის ხეობის ანალოგიას, ხოლო მეორე მხრივ, რუსეთის შედარებას ტერორიზმთან მებრძოლ ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა აშშ, ისრაელი და თურქეთი. რამდენად სწორია ასეთი პარალელები და, შესაბამისად, რამდენად მოტივირებული და არგუმენტირებულია რუსეთის სურვილი – განახორციელოს სამხედრო ოპერაცია ქვეყნის ფარგლებს გარეთ?

რუსეთის საზოგადეობრივ აზრს უკვე ამუშავებენ და აჩვევენ იმას, რომ პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის განხორციელებას არ სჭირდება საქართველოს თანხმობა: მთავარია, თვითონ რუსეთმა გადალახოს ე.წ. “ავღანეთის კომპლექსი”, რომელიც აბრკოლებს სამხედრო ძალის გამოყენებას ქვეყნის საზღვრებს მიღმა მაშინაც კი, როცა სახელმწიფოს უშიშროებას რეალური საფრთხე ემუქრება. რუსული არგუმენტი, მიმართული არა საქართველოს ხელისუფლების, არამედ ჩვეულებრივი ობივატელის დასარწმუნებლად, შეიცავს იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომლებიც მსოფლიო თანამეგობრობას არ შესცქერიან ტერორიზმთან ბრძოლისას: ისრაელი ბომბავს “ჰეზბოლას” ბაზებს მეზობელ ლიბანში, თურქეთის სპეცრაზმი ყველას დაუკითხავად მოქმედებდა ჩრდილოეთ ერაყში, რადგან იქ განლაგებული ბაზებიდან იარაღითა და მებრძოლებით ამარაგებდნენ თურქეთში მოქმედ ექსტრემისტულ ორგანიზაციებს. ხოლო ავღანეთში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ოპერაციათა მოტივი ყველასთვის ცნობილია. ამასთან, ამ საკითხზე მომუშავე რუსული მედია ერთსულოვნად აღნიშნავს, რომ პანკისის ხეობაში რუსული სპეცრაზმის შესვლა არაფრით ხელყოფს საქართველოს სუვერენიტეტს, ისე, როგორც ამერიკას არ მოუხდენია ავღანეთის ოკუპაცია.

რამდენად მართებულია ეს შედარება, რამდენად თავისუფალია იგი ინტელექტუალური შეცდომებისაგან? საქართველოს პარლამენტის კვლევითი დეპარტამენტის უფროსის, დავით დარჩიაშვილის აზრით, ასეთი ანალოგიების მოტანისას უნდა დავსვათ კითხვა, არის თუ არა დღევანდელი მსოფლიოსთვის რუსეთი ის, რაც არის ამერიკის შეერთებული შტატები და რამდენად ჰგავს ამ ორი ქვეყნის საშინაო პოლიტიკა ერთმანეთს [დარჩიაშვილის ხმა]: “ანუ ის, რაც ხდება ჩეჩნების მიმართ, არ აძლევს რუსეთს იმავე უფლებას, რაც მიეცა ამერიკას მანჰეტენის შემდეგ, თუმცა, ამერიკულ პოლიტიკაზეც შეიძლება ბევრი კრიტიკული ითქვას. თუ რუსეთი იმავეს გააკეთებს, ის გაზრდილი ხარისხით გაიმორებს ამერიკული პოლიტიკის სისუსტეებს”. ამერიკის პოლიტიკის სისუსტედ დავით დარჩიაშვილს ესახება ამ ქვეყნის ხისტი ქმედება განვითარებად ქვეყნებში და ის, რომ შეერთებული შტატები ყოველთვის ვერ პოვებს ევროპელ პარტნიორთა მხარდაჭერას. რაც შეეხება ავღანეთისა და პანკისის ხეობის შედარებას, ავღანეთში თალიბების წინააღმდეგ ლამის მთელი დასავლური სამყარო გამოვიდა, ხოლო პანკისის შემთხვევაში [დარჩიაშვილის ხმა] “რუსეთი და ჩვენ ერთი-ერთზე გამოვდივართ”.

მეორეც, ავღანეთში შეერთებულმა შტატებმა და მოკავშირეებმა სწორედ მოქმედი ხელისუფლება დაამარცხეს და განდევნეს. პანკისში კი საქმე გვაქვს, ალბათ ორიოდ ტერორისტთან [დარჩიაშვილის ხმა]: “და მერე თუ ეს ცენტრალური ხელისუფლების იგნორირებით მოხდება, ანუ ჩვენ თუ არ დავთანხმდით და ისე გააკეთეს, გამოვა, რომ იმ ორი ტერორისტის გამო მაინც სჯიან ხელისუფლებას, რომელიც თვითონ ვერანაირად ვერ ჩაითვლება ტერორისტულ ხელისუფლებად, არის საერთაშორისო ორგანიზაციების, გაეროს, ევროსაბჭოს წევრი, რაც თალიბანი არ იყო”.
XS
SM
MD
LG