Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს სასკოლო განათლების სისტემის მდგომარეობა ახალი სასწავლო წლის დამდეგისათვის


გიორგი კაკაბაძე, თბილისი როგორია განათლების სისტემის მზაობა ახალი სასწავლო წლისთვის? საერთოდ, რა ძირითადი სიძნელეების წინაშე დგას საკოლო განათლება საქართველოში, რა დამოკიდებულებას ავლენს ქვეყნის ხელისუფლება

აღნიშნული პრობლმატიკის მიმართ და რა ელის პერსპექტივაში განათლების სისტემას? ამ საკითხების გარშემო ვესაუბრეთ ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატს, გია მურღულიას.

“განათლების სისტემის მზაობა ახალი სასწავლო წლისთვის, უპირველესად, დაკავშირებულია ცალკეული კარგი სკოლის, ცალკეული კარგი დირქტორის, კარგი ადმინისტრაციის, კარგი მასწავლებლის მოღვაწეობასა და საქმიანობასთან და არა მთლიანდ სახელმწიფოს ძალისხმევასთან”.
ასეთია გია მურღულიას მოსაზრება. ამიტომ იგი ფიქრობს, რომ საქართველოს განათლების სისტემა, ისევე, როგორც ეს შარშან იყო, არ არის მზად ახალი სასწავლო წლისათვის.

[მურღულიას ხმა]“რა მაქვს მხედველობაში? წლების განმავლობაში არ სრულდება “კანონი განათლების შესახებ”, განათლების გარდაქმნისა და განმტკიცების პროგრამის რეალიზება გვიჩვენებს, რომ დიდად დასახვეწი დოკუმენტის რატიფიკაცია მოხდა პარლამენტში და, სამწუხაროდ, უკვე ხორციელდება, არ არსებობს სკოლის ტიპური დებულებაც კი, არ ჩატარებულა და შეჩერებულია მასწავლებელთა ატესტაცია, ძლიერი ხარვეზებით ტარდება მოსწავლეთა ატესტაცია და ა.შ. და ა.შ”.

რატომ დაგროვდა ამდენი პრობლემა განათლების სისტემაში?
ჩემი თანამოსაუბრის აზრით, საქმე ის არის, რომ როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლება და მთელი ჩვენი საზოგადოება ვერ ასრულებს თავის ფუნქციას განათლების სფეროში.

ამასთან ერთად, გია მურღულია ამბობს, რომ ან სახელმწიფომ არ იცის, რა ხდება განათლების სისტემაში, ან მეორე – სახელმწიფომ იცის, რაც ხდება, მაგრამ არ რეაგირებს ამაზე [მურღულიას ხმა] ”და მესამე – სახელმწიფომ არამც თუ იცის, არამედ თვითონ ახორციელებს ამ ე.წ. საგანმანათლებლო პოლიტიკას ან საკუთარი ინიციატივით, ან, მით უფრო უარესი, სხვების დაკვეთით. სამივე ეს ვარიანტი, ეს უკვე ვთქვი ერთგან, ქართული საზოგადოების ტრაგედია გახლავთ”.

ჩემი თანამოსაუბრის თქმით, შესაძლოა, შექმნილ მდგომარეობაში არა იმდენად ხელისუფლებასა და განათლების სამინისტროს მიუძღვით ბრალი, რამდენადაც საზოგადოების თითოეულ წევრს.
“ყოველი ხელისუფლება საზოგადოებას ისე ექცევა, როგორც საზოგადოება იმსახურებს ამას”, – ამბობს გია მურღულია და ერთ ნიშანდობლივ გარემოებას უსვამს ხაზს: “დღეს ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ინდივიდუალურად გადაწყვეტს თავისი შვილის თუ შვილიშვილის განათლების ბედს.

ამგვარი განწყობით კი ხდება იმ ფაქტის კონსტატაცია, რომ საქართველოში არ არსებობს საზოგადოებრივი აზრი განათლებასთან დაკავშირებით. საზოგადოებრივი აზრის არქონა კი იმას ნიშნავს, რომ განათლებაზე საზოგადოებრივი დაკვეთა არ არსებობს და განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებზე საზოგადოებრივი კონტროლი და მონიტორონგიც არ არსებობს”. [მურღულიას ხმა] “მაშინ ეს სწორედ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უფლებას ვაძლევთ ან ცალკეულ ჩინოვნიკებს, ან ხელისუფლების გარკვეულ ნაწილს, ან მთლიანად ხელისუფლებას, რომ როგორც მათ სურთ და როგორც მათი იდეების კონტექსტში ჯდება, ისე წარმართონ ამ სფეროში საქმიანობა”.

ამიტომ, გია მურღულიას აზრით, “თუ საზოგადოება არ გააქტიურდება, არ იფიქრებს და არ იმსჯელებს განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებზე და ობიექტური ანალიზის საფუძველზე არ გამოიტანს პრინციპულ დასკვნებს, მაშინ მდგომარეობა წლების განმავლობაში უცვლელი დარჩება”.

[მურღულიას ხმა] ”საზოგადოებამ მინდა იცოდეს, რომ 2002 წლის 19 აგვისტოს, ჩვენი მაცხოვრის ფერისცვალების დღეს, დაფუძნდა სამოქალაქო მოძრაობა – “საზოგადოება – განათლებული საქართველოსთვის”, რომელმაც სწორედ ამ საკითხებზე უნდა იმსჯელოს და ეს საკითხები უნდა გადაწყვიტოს. ეს არის არასამთავრობო ორგანიზაცია და ჩვენ ყველას ვიწვევთ სათანამშრომლოდ".
ახლად დაფუძნებული მოძრაობა, უპირველესად, მკაფიოდ ჩამოაყალიბებს თავის მიზნებს, ინტერესებს და უახლოეს მომავალში თავის გეგმებსაც გაგვაცნობს.
XS
SM
MD
LG