Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუუამის წევრი სახელმწიფოები ტერორიზმის წინააღმდეგ კოორდინაციაზე საუბრობენ


თითქმის 9 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც თბილისში, დახურულ კარს მიღმა, სუუამის (საქართველო, უკრაინა, უზბეკეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა) წევრი სახელმწიფოების ეროვნულ კოორდინატორთა

კომიტეტის მე-8 სხდომა გაიმართა, 29-30 ოქტომბერს კი ახალი რეგიონალური გაერთიანების წარმომადგენლები ბაქოში შეიკრიბნენ, სადაც, სატრანსპორტო დერეფნის უსაფრთხოების, იარაღით უკანონო ვაჭრობისა და სხვა აქტუალური საკითხების გარდა, დახურულ კარს მიღმა ახალი ათასწლეულის მთავარი პრობლემა - ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებიც განიხილებოდა.

პოსტსაბჭოთა სივრცეზე ახალი რეგიონალური გაერთიანების, სუუამის, ოფიციალური კურთხევა ნატოს საიუბილეო სამიტზე 1999 წელს მოხდა. მაშინ საქართველოს, უკრაინის, უზბეკეთის, აზერბაიჯანისა და მოლდოვეთის პოლიტიკურმა ლიდერებმა მხოლოდ ზოგადად განსაზღვრეს თანამშრომლობის სფეროები და უპირატესობა ვაჭრობას, ეკონომიკური კავშირურთიერთობის გააქტიურებას, საბაჟო და სასაზღვრო კონტროლის უზრუნველყოფას მიანიჭეს.

მაგრამ 2001წლის 11 სექტემბერს ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში მომხდარი ბარბაროსული ტერორისტული აქტების შემდგომ თანამშრომლობის აუცილებლობა უსაფრთხოების მხრივაც დადგა დღის წესრიგში. სულ მალე - უფრო ზუსტად, 2001 წლის 14 ნოემბერს - აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვეთის, უკრაინისა და უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, აგრეთვე, აშშ სახელმწიფო მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში მარკ გროსმანმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ერთობლივი განცხადება გააკეთეს. და შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელსაც
სატრანსპორტო დერეფნის უსაფრთხოების, ტერორიზმსა და ნარკო-ტრეფიკინგთან ბრძოლის ერთობლივი პროგრამის შემუშავება დაევალა.

28-29 ოქტომბერს ბაქოში სწორედ ამ სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა და, როგორც საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგანგებო დავალებათა ელჩმა მიხეილ უკლებამ ჩვენთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, შეხვედრაზე, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატებისა და ეუთოს სპეციალური წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რამდენიმე მნიშვნელოვანი პროგრამის პროექტი მომზადდა.

[მიხეილ უკლებას ხმა] "თავის დროზე იქნა ხელმოწერილი შეთანხმება ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, რომელიც ამჟამად სახელმწიფო პროცედურებს გადის სახელმწიფოში. უკრაინა არის დეპოზიტორი და იგი მას გადაეცემა. გარდა ამისა, მზად არის პროექტი საბაჟო თანამშრომლობის შესახებ, რომელიც ასევე გადის პროცედურებს და იგი უნდა დაჩქარდეს, რათა 9 დეკემბერს პორტოში დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მოხდეს მისი ხელმოწერა."


აღსანიშნავია, რომ პროექტების რეალიზების პროცესში სუუამს მნიშვნელოვან მხარდაჭერას ჰპირდება აშშ მთავრობა. ჰარვარდის შავი ზღვის უშიშროების პროგრამის ოფისის ინფორმაციით, ამერიკის კონგრესმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომლის თანახმადაც, სუუამის ქვეყნებს შეუძლიათ თავიანთი ერთიანი მიზნებისა და მოთხოვნილებების განსახორციელებლად 2002 წელს 37 მილიონი დოლარი გამოიყენონ. უკლებას განცხადებით, ანალოგიური დახმარება გაუწია ამერიკის მთავრობამ მეორე რეგიონალურ ორგანიზაციას - ევროპული ინიციატივა სამხრეთ აღმოსავლეთ ქვეყნებისთვის(სეკი), რომლის მიმსგავსებითაც ახლა სუუამის ბევრი პროექტი იწერება.

[მიხეილ უკლებას ხმა] "აი, სეკის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ, როდესაც ეს პროგრამები განვითარდა ამ 12 ქვეყანაში, 50 პროცენტით გაიზარდა შემოსავლები, ვაჭრობა გაიზარდა, ინვესტიციებმა იმატეს, როდესაც ცივილიზებული სივრცე შეიქმნა."

ყველაზე მთავარი კი მაინც ის არის, რომ სუუამის მიმართ დამოკიდებულება შეცვალა რუსეთის ხელისუფლებამ. ამის მაგალითია, დსთს ბოლო სამიტი კიშინიოვში, სადაც რეგიონალური ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა მხარდაჭერამ მნიშვნელოვნად შეარბილა რუსეთის აგრესიული ტონი საქართველოს მიმართ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG