Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადგილობრივი არჩევნების შედეგი – ხელჩართული ჩხუბი ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომის წინ


ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომა, რომელზეც 2 ივნისის ადგილობრივი არჩევნების თბილისის შედეგების შემაჯამებელი ოქმი უნდა დაემტკიცებინათ, დათქმულ დროზე ვერ დაიწყო.

სხდომის დაწყება “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებსა და ყოფილი “იმელის” შენობის დაცვის სამსახურის თანამშრომლებს შორის ჩხუბმა შეაფერხა. შესასვლელი ამ შენობისა, სადაც, ცენტრალური საარჩევნო კომისიის გარდა, საკონსტიტუციო სასამართლო და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოა განთავსებული, კარგა ხნის მანძილზე აურზაურის და მუშტი-კრივის არენა იყო. ასეთია 2 ივნისის ადგილობრივი არჩევნების კიდევ ერთი შედეგი.

სანამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომის წინ მომხდარ ინციდენტს შევეხებოდეთ, 2 ივნისს გავიხსენებთ. არჩევნების მიმდინარეობის პერიოდში ეს არჩევნები მიხეილ სააკაშვილმა ასე შეაფასა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] “ ხალხმა დაიწყო გამოღვიძება. ხალხი სცენაზე გამოვა, რადგან აღარ აპირებს იმ უნიჭო კომედიებს და ტრაგი-ფარსებს უყუროს, რასაც შევარდნაძის ხელისუფლება დგამს. თუ ხელისუფლებას ჰგონია, რომ უცხოელები დაუჭერენ მხარს, ძალიან ცდება. მე შევხვდი 5 დამკვირვებელს და ყველამ თქვა, რომ ყველაფერი უნახავთ და მსგავსი არაფერი უნახავთ. ერთი, სხვათა შორის, ამას წინათ ზიმბაბოში იყო და თქვა, რომ იქაც კი ბევად ობიექტურად ტარდება არჩევნები.” [სტილი დაცულია]

ასეთი არჩევნების შედეგების დაზუსტებას დიდი დრო დასჭირდა. ხანგრძლივი პროცესი თბილისის საკრებულოს შედეგების ხელახლა შემოწმებისა, რაც პოლიტიკური პარტიების - მათ შორის, “ნაციონალური მოძრაობის” - სარჩელის საფუძველზე მოხდა, ახლახან დასრულდა. ეს შედეგები პირვანდელისგან არ განსხვავდება. პირველ ადგილზე, უწინდებურად, ლეიბორისტული პარტია რჩება – 24, 99 პროცენტით, მეორეზე - ბლოკი “ნაციონალური მოძრაობა- დემოკრატიული ფრონტი” – 23, 58 პროცენტით, მესამე ადგილზე – “ახალი მემარჯვენეები”- 11,10 პროცენტით. მეოთხე ადგილი შეინარჩუნა ადგილობრივ არჩევნებში “ქრისტიან-კონსერვატორების” სახელით გასულმა ჟვანიას გუნდმა, მეხუთე – მრეწველებმა, მეექვსე –“აღორძინებამ” და ასე შემდეგ.

აი, ამ შედეგების დამტკიცების გაჭიანურების შიშმა მიიყვანა “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან. მათ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრება სურდათ, რასაც შენობის დაცვის სამსახურის თანამშრომლები შეეწინააღმდეგნენ. შენობაში შესვლის მსურველთა და დაცვის თანამშრომლებს შორის შელაპარაკებას მოჰყვა სერიოზული აურზაური, რაც, გავრცელებული ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი აქტივისტისგან ცეცხლსასროლი იარაღის ამოღებამ გამოიწვია. საკონსტიტუციო სასამართლოს შენობის შესასვლელში ხელჩართული ბრძოლა გაჩაღდა, რასთან დაკავშირებითაც მოგვიანებით პროკურატურამ მოკვლევა დაიწყო. ეს ყველაფერი - 1 ნოემბრის ინციდენტი, გაუგებრობა თუ პროვოკაცია - სწორედ იმ არჩევნების შედეგი იყო, რომლის მიმდინარეობასაც ზიმბაბოდან ჩამოსული უცხოელი დამკვირვებელიც კი გაუოგნებია, თუმცა არანაკლებ გამაოგნებელი აღმოჩნდა 1 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობის შესასვლელთან შექმნილი მდგომარეობა. “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებმა შენობაში შტურმით შეაღწიეს. ამის მიუხედავად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომა მათ დაუსწრებლად დაიწყო. აქტივისტები თავიანთი ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის, მოწოდებას დაემორჩილნენ და, ახალი პროვოკაციის თავიდან აცილების მიზნით, შენობა დატოვეს.
ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგილობრივი არჩევნების თბილისის შედეგების ოქმის დამტკიცებისთვის მუშაობას საღამოს 6 - ის ნახევრისთვის შეუდგა. არჩევნების თბილისის შედეგების ოქმი უკვე მეორედ დამტკიცდა და ამ ფაქტის გამო დაცვის თანამშრომლებთან ნაჩხუბარმა ნაციონალებმა გამარჯვებაც მეორედ იზეიმეს.
XS
SM
MD
LG