Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არის თუ არა საქართველო მიმზიდველი “ბინძურ ბომბებზე” მონადირეებისთვის


საქართველოს საშიშ ქვეყნად მარტო ადამიანთა გატაცების გამო არ მიიჩნევენ. ქვეყანა, რომელმაც საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას ღიად დაუჭირა მხარი,

გაზეთ “ვაშინგტონ პოსტმა” საერთაშორისო ტერორისტებისთვის მიმზიდველ სივრცედ დაასახელა. გაზეთმა გამოთქვა ეჭვი, რომ “ალ-ყაიდა” სერიოზულად უნდა იყოს დაინტერესებული საქართველოში და მოლდოვაში დაცული რადიაქტიული ნივითიერების ცეზიუმ -137- ის ხელში ჩაგდებით. ეს ის ნივთიერებაა, რომელიც საბჭოთა პერიოდში წარმოებული ექსპერიმენტებისთვის გამოიყენებოდა და რომლისგანაც მასობრივი განადგურების იარაღის დამზადება შეიძლება. “საქართველოში ცეზიუმის 5 წყარო არსებობდა, ყველა ამოღებულია და საიმედოდ დაცული” – ასეთია “ვაშინგტონ პოსტის” მიერ გამოთქმულ ეჭვებზე საქართველოს ოფიციალური პირების რეაქცია და, მაინც, უნდა იყოს თუ არა საქართველო მიმზიდველი “ბინძურ ბომბებზე” მონადირეებისთვის?

“ვაშინგტონ პოსტის” ვერსიას საქართველოს უშიშროების სამსახურში უსაფუძვლოდ მიიჩნევენ:

[ნიკა ლალიაშვილის ხმა] “ჩვენ ვერანაირად ვერ დავადასტურებთ ამ ინფორმაციას, იმიტომ რომ არა გვაქვს ფაქტები. “

უშიშროების სამინისტროს პრესცენტრის ხელმძღვანელის ნიკა ლალიაშვილის ნათქვამს უნდა დავურთოთ მინისტრის მოადგილის ირაკლი ალასანიას განცხადება, რომლის თანახმად, არსებობს ინფორმაცია რადიაქტული ნივთიერებებით ტერორისტების დაინტერესების შესახებ, მაგრამ საქართველოს ჯერ არ მიუღია ოფიციალური შეტყობინება, რომ ტერორისტები ცეზიუმს სწორედ აქ ეძებენ. ასეა თუ ისე, ისეთი სოლიდური გაზეთი, როგორსაც “ვაშინგტონ პოსტი” წარმოადგენს, სერიოზულ ეჭვს უსაფუძვლოდ არ უნდა გამოთქვამდეს. მასში გამოქვეყნებული სტატიის ავტორი არც იმას უნდა უსვამდეს ტყუილუბრალოდ ხაზს, რომ საქართველოს ხელისუფლებას რადიაქტიური ნივთიერებების კონტრაბანდის წინააღმდეგ სერიოზული ბრძოლა არ შეუძლია. საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროში კი განმარტავენ, რომ საქართველოში არსებობდა ცეზიუმის ხუთი წყარო, მაგრამ ხუთივე ამოღებულია და ხუთივე საიმედოდ არის დაცული.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო კომისიის მეცნიერთა მონაცემებით, საბჭოთა პერიოდში გამოყენებული ექსპერიმენტებისთვის საბჭოთა სივრცეში 100 - იდან 1000 - ამდე ცეზიუმიანი კონტეინერი იქნა გამოყენებული და მათგან ჯერჯერობით მხოლოდ 9 კონტეინერის შესახებ არის ცნობილი. აქედან 5 , როგორც ვთქვით, საქართველოშია ამოღებული და დაცული, 4 კი - მოლდოვაში. საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროში არ ჰგონიათ, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ამ უაღრესად საშიში ნივთიერების დამატებითი წყაროები არსებობდეს და, აი, რატომ :

ჩატარებული სამუშაოების შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე 160 - ზე მეტი რადიაქტიული წყარო იქნა მიკვლეული. რადიაქტიული ნარჩენების აღმოჩენის მიზნით, დასავლეთ საქართველოს საჰაერო დათვალიერება სრულად არის ჩატარებული. ანალოგიური სამუშაო ტარდება საქართველოს დანარჩენ ნაწილშიც, მაგრამ მსგავსი შემოწმების ჩატარება, გასაგები მიზეზების გამო, ვერ ხერხდება უკონტროლო ტერიტორიებზე. გაეროს ხელშეწყობით, აფხაზეთში მხოლოდ სოხუმის ფიზიკის ინსტიტუტის საცავი იქნა შემოწმებული - ინსტიტუტისა, რომელიც საბჭოთა კავშირის გასაიდუმლოებულ დაწესებულებათა რიცხვს მიეკუთვნებოდა. გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლის მაია კაპანაძის თქმით, სოხუმის ფიზიკის ინსტიტუტის საცავში, გაეროს დახმარებით ჩატარებული შემოწმების შედეგად, შემდეგი გაირკვა:

[მაია კაპანაძის ხმა] “სააღრიცხვო სია შეადარეს საცავში დაცულ ნივთიერებებს და გაირკვა, რომ იქ წესრიგშია ყველაფერი. ეს ნივთიერებები იქ რჩება. საცავი არ არის დაზიანებული.”

საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტს აფხაზეთიდან რადიაქტიული ნივთიერებების გატანის შესახებ კონკრეტული მონაცემები არა აქვს, თუმცა მისი თანამშრომლები აღნიშნული ბიზნესისთვის აფხაზეთის ტერიტორიის გამოყენებას არ გამორიცხავენ. უფრო მეტიც, როგორც სოხუმის ფიზიკურ-ტექნიკური ინსტიტუტის დევნილმა დირექტორმა ვალერი კაშიამ ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში აღნიშნა, აფხაზეთში, რადიაქტიული ნივთიერებების ტრანზიტის გარდა, “ბინძური ბომბის” შექმნის საშუალებაც არის.
XS
SM
MD
LG