Accessibility links

ძალოვანმა სამინისტროებმა ბიუჯეტის გაზრდის ბოლო და უპრეცედენტო ზომას მიმართეს


საქართველოს საპარლამენტო კომიტეტებში დასასრულს უახლოვდება 2003 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა, რომლის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული ეპიზოდი 28 ნოემბერს თავდაცვისა და საფინანსო-საბიუჯეტო

კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გათამაშდა. საკომიტეტო მოსმენაზე მოწვეულმა ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებმა ბიუჯეტის გაზრდის უკანასკნელ საშუალებას მიმართეს და სხდომაზე საქართველოში აკრედიტებული ატაშეებიც მოიწვიეს.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საბიუჯეტო შემოსავლების მაჩვენებელი წლიდან წლამდე მხოლოდ უმნიშვნელოდ იზრდება, “ცარცის წრეში” ჩამდგარ ფინანსთა მინისტრს ყველა სათავისოდ ექაჩება. ამ ასპარეზობაში, ბუნებრივია, იმარჯვებს არა ის, ვისაც ყველაზე მეტი ძალა აქვს, არამედ ვისაც ყველაზე უკეთესად ესმის ლობირება უმაღლეს ეშელონებში.
ეს ელემენტარული ჭეშმარიტება ყველაზე გვიან ძალოვანმა უწყებებმა გააცნობიერეს და წელს ყველა რესურსი აამოქმედეს, რათა საზოგადოება, პარლამენტი და აღმასრულებელი ხელისუფლება საბიუჯეტო თანხების გაზრდის აუცილებლობაში დაერწმუნებინათ. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ერთი თვის წინ სამხედრო საბჭოს სხდომაზე მიწვეულმა პარლამენტის თავმჯდომარემ უარი თქვა 2003 წლის ბიუჯეტის დამტკიცებაზე, თუკი თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 80 მილიონ ლარამდე არ გაეზრდებოდა.
28 ნოემბერს კი, იმ საპარლამენტო სესიაზე გასვლის წინ, რომელზეც ბიუჯეტის საკითხი უნდა განხილულიყო, სამხედროებმა გენერალური რეპეტიცია მოაწყვეს და შთაბეჭდილების გასაძლიერებლად საფრანგეთის, თურქეთისა და გერმანიის სამხედრო ატაშეებიც მოიწვიეს.
ტრიბუნაზე რიგრიგობით გასული თავდაცვის მინისტრი, საზღვრის დაცვისა და დაზვერვის დეპარტამენტის თავმჯდომარეები, შინაგანი ჯარების სარდალი და უშიშროების წარმომადგენლები ემოციურად ლაპარაკობდნენ იმ შემაშფოთებელ ვითარებაზე, რომელიც შექმნილია ქვეყანაში მათი უწყებების სუსტად დაფინანსების გამო. ჟურნალისტებისა და დიპლომატების კორპუსი სულგანაბული ადევნებდა თვალყურს, თუ როგორ გამოდიოდა დღის სინათლეზე საიდუმლო ინფორმაციები იმის თაობაზე, რომ ქართულ დაზვერვას დავალიანების გამო გათიშული აქვს ტელეფონები და კომპიუტერები, რომ თითქმის ჩაშლილია აგენტურული მუშაობა საზღვარგარეთ, რომ, თუ თავდაცვა 80 მილიონ ლარზე ნაკლებით დაფინანსდება, განხორციელება არ ეღირსება საჰაერო თავდაცვის სისტემის პროგრამას, ხოლო მესაზღვრეები იძულებულები გახდებიან დახურონ რამდენიმე საკვანძო საგუშაგო სახელმწიფო საზღვარზე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრისთვის, რომელმაც ამ სხდომაზე, ჩვეულებისამებრ, დააგვიანა, განსაკუთრებით მტკივნეული ის აღმოჩნდა, რომ ყველა ამ უწყებამ ბიუჯეტის ორჯერ, ზოგიერთმა მათგანმა კი - მაგალითად, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებმა - სამჯერ გაზრდაც მოითხოვა. თუმცა მირიან გოგიაშვილი სხდომაზე ხელცარიელი არ მოსულა: ფინანსთა სამინისტრო მზად არის, რომ მომავალ წელს თავდაცვას 2, მესაზღვრეებს 3, ხოლო დაზვერვას 1 მილიონი ლარით მეტი თანხა მისცეს. მაგრამ ძალოვნებს არაფრის გაგონება არ სურდათ. საბოლოოდ, მათ მიერ მოთხოვნილმა თანხამ 300 მილიონი ლარი შეადგინა, რაც ქვეყნის ბიუჯეტის ორ მესამედს შეადგენს და, ფაქტობრივად, ნიშნავს, რომ, თუ პარლამენტი მთავარ საფინანსო კანონს ამ სახით მიიღებს, საქართველოს ეყოლება მშიერი და გაძვალტყავებული მოსახლეობა, მაგრამ ყოველმხრივ უზრუნველყოფილი არმია და პოლიცია, რომელსაც არავინ ეყოლება დასაცავი, საკუთარი თავის გარდა.
XS
SM
MD
LG