Accessibility links

logo-print

ქართველებს რიტუალების სიყვარულში ბევრი ვერ შეგვეჯიბრება.


ქართველებს რიტუალების სიყვარულში ბევრი ვერ შეგვეჯიბრება.

“თეატრალიზებული რიტუალების” მიმართ ვნება, მოგეხსენებათ, ბოლო დროს საქართველოს პარლამენტის მუშაობაშიც აისახა და რა გასაკვირია, რიტუალიზებული წარმოდგენები თავად თეატრალებს რომ იზიდავდეთ. სწორედ ასე, “რიტუალურად,” გაიხსნა ამ კვირაში სტუდენტური სპექტაკლებისა და ფილმების საერთაშორისო ფესტივალი “დებიუტი”, რომელიც 18 დეკემბრამდე უნდა გაგრძელდეს. ოღონდ ნუ იფიქრებთ, რომ “რიტუალი” ამ შემთხვევაში რაღაც პომპეზურ და თვალისმომჭრელ სანახაობას გულისხმობდეს. პირიქით, ფესტივალის ორგანიზატორებმა თავიდანვე აღნიშნეს, რომ “დებიუტი” ძალიან მოკრძალებული იქნება, რომ ფესტივალი მთლიანად სტუდენტების შესაძლებლობებითაა ორგანიზებული, რომ ახალგაზრდები თურმე ნახევარი წელი ეძებდნენ ფესტივალის დაფინანსების წყაროებს და ა.შ. “რიტუალური” და ე.ი. სიმბოლურიც აღმოჩნდა ფესტივალის გახსნა ყოფილ კინოთეატრ “სპარტაკის”, ამჟამად კი თეატრალური ინსტიტუტის სასწავლო თეატრის, დანგრეულ შენობაში, რომლის აღდგენა კვლავ ვერ ხერხდება და სადაც, ეგრეთ წოდებული, “გამაგრებითი სამუშაოები” მხოლოდ ახლახან დამთავრდა. სტუდენტებმა თქვეს, რომ ნანგრევებში ფესტივალის გახსნა საშიშიც კი იყო, მაგრამ სიმბოლური რიტუალის ვნებამ ამ შემთხვევაში შიშიც დაძლია. საბედნიეროდ, “სპარტაკის” ნახევრადჩამონგრეულმა ჭერმა გაუძლო ფესტივალის გახსნის ცერემონიას. ამ რიტუალის სიმბოლურ მნიშვნელობას კი ყველა მიხვდა: ახალგაზრდები ცდილობენ ნანგრევებიდან აღადგინონ ქართული კინო და თეატრი; შენობას ისინი ვერ გაამაგრებენ, მაგრამ ნანგრევებში სწავლა და ნანგრევებში თამაში არ აშინებთ.

სტუდენტთა თეატრალურ და კინოფესტივალზე 10 სპექტაკლი და 50 ფილმია წარდგენილი. საგულისხმოა, რომ კონკურსში არ მონაწილეობენ მხოლოდ შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს ინსტიტუტის სტუდენტები. ღვთის მადლით, საქართველოში დღეს არაერთი უმაღლესი თეატრალური სკოლაა გახსნილი; არიან არაპროფესიონალებიც, რომლებმაც თავიანთი ფილმებით უკვე მიიპყრეს საზოგადოების ყურადღება. ფესტივალის შედეგების შესახებ ჩვენ ერთი კვირის შემდეგ რადიო “თავისუფლების” მომავალ კულტურულ მიმოხილვაში გესაუბრებით. მანამდე კი გაცნობებთ, რომ კინო და თეატრალურ სექციაში სულ 6 ნომინაციაა. აქედან საუკეთესო სპექტაკლისა და საუკეთესო ფილმის ავტორი, რომელსაც ჟიური გამოავლენს, 500 ლარით დაჯილდოვდება. ჟიურის წევრები კი პროფესიონალები არიან. თუმცა ორივე ჟიურის თავმჯდომარე, ფესტივალის ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, ინსტიტუტის ასპირანტია. შესაძლებელია, იმიტომ, რომ ახალგაზრდები დარწმუნებულები არიან, თავად უკეთ იციან ის სიძნელეები, რომლის გადალახვა უხდებათ სტუდენტ რეჟისორებს, მსახიობებს, ოპერატორებს. და თუ სპექტაკლები - მათ შორის, “სპექტაკლი-რიტუალი” - დანგრეულ დარბაზშიც შეგიძლია წარმოადგინო, ფილმს “კულტურის ნანგრევებზე” ვერ გადაიღებ. მით უმეტეს, რომ დღევანდელ ქართულ კინოს ნეორეალიზმამდე კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი.

ქართული კინოსკოლა რომ განსაცდელის წინაშე დგას, ამის შესახებ საზოგადოებამ ჯერ კიდევ ზაფხულში შეიტყო, როცა კინო-ტელე ინსტიტუტების საერთაშორისო ასოციაცია ქართულ მხარეს ამ ორგანიზაციიდან, ანუ “სილექტიდან,” გარიცხვით დაემუქრა... და არა იმიტომ, რომ ქართველმა სტუდენტებმა საერთაშორისო ასპარეზზე თავი ვერ გამოავლინეს. პირიქით, 1988 წლიდან, როცა ქართულმა კინოსკოლამ საერთაშორისო სტატუსი მოიპოვა, თეატრალური ინსტიტუტის კინოფაკულტეტის სტუდენტებს გზა გაეხსნათ საერთაშორისო ინოფესტივალებისკენ, საიდანაც მომავალი კინორეჟისორები, როგორც წესი, პრიზებით ხელდამშვენებულები ბრუნდებოდნენ. შარშან კანის კინოფესტივალის “ოქროს პალმის” ლაურეატი გახდა ქართული კინოსკოლის კურსდამთავრებული, უნგრელი რეჟისორი პეტერ მესაროში. მაგრამ “სილექტს” თავისი წესები აქვს: ამ ორგანიზაციის წევრობა თუ გინდა, საწევროც უნდა გადაიხადო. ლაპარაკია მხოლოდ 4 600 ევროზე, რომელიც ხელისუფლებამ ვერსად გამონახა. თეატრალურ ინსტიტუტს კი ასეთი თანხის გადახდის საშუალება არა აქვს. ბოლოს გააქტიურდა ინსტიტუტის პრორექტორი, პროფესორი გოგი დოლიძე, რომელმაც ჩვენთან საუბარში დაწვრილებით აღწერა, თუ როგორ წარიმართა ეს ბიუროკრატული და საკმაოდ დამამცირებული "პროცედურა":

[გოგი დოლიძის ხმა] “მე დავაყენე კულტურის მინისტრის წინაშე საკითხი...ცხრა თვის ჯამაგირები გვაქვს ჩვენ გაყინული. ამას გარდა, დაემატებინათ ჩემი მომავალი სამი წლის ჯამაგირი და გადაერიცხათ იქ... კულტურის მინისტრმა ეს არ გააკეთა. მერე მოხდა ისე, რომ იტირა მთავრობის სხდომაზე – ფინანსთა მინისტრი არ მიგდებს ყურსო. მერე მივმართე სახელმწიფო მინისტრს...”

“ეს მხოლოდ ჩემი პირადი პრობლემა კი არაა, არამედ მთელი ქართული კინოსკოლის, მთელი ჩვენი ინსტიტუტის, მთელი ქვეყნის ღირსების საქმეა,” – ასე ამთავრებს ინსტიტუტის პრორექტორი წერილს, რომელიც საქართველოს სახელმწიფო მინისტრ ავთანდილ ჯორბენაძეს გაეგზავნა. ჩვენთან საუბარში გოგი დოლიძე იხსენებს, რომ ქართულ კინოსკოლას წელს 30 წელი უსრულდება. მართალია, ამ თარიღის აღნიშვნა ვერ მოხერხდა, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რამდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ეროვნული კინოსკოლის გახსნას იმხანად, როცა მოსკოვმა ლამის ოფიციალურად გამოუცხადა ბრძოლა ქართულ კინოს. გოგი დოლიძის აზრით, ეს უნდა იცოდეს საზოგადოებამ და უნდა გაიხსენოს საქართველოს პრეზიდენტმაც:

[გოგი დოლიძის ხმა] “უნდა მივწერო წერილი პრეზიდენტს. პრეზიდენტის ხელდასხმით გაიხსნა ეს ფაკულტეტი. მაშინ მოსკოვი კატეგორიული წინააღმდეგი იყო... შევარდნაძემ გაიტანა ეს კინოფაკულტეტი... მოსკოვი არ იძლეოდა უფლებას, მაგრამ ეთერ გუგუშვილი ინიციატივიანი ქალი იყო. შევარდნაძემ უთხრა, შენ გახსენი საოპერატორო ფაკულტეტი, ჩვენ გამოგიცხადებთ საყვედურს, ფაკულტეტი კი დარჩებაო. და, მართლაც, დარჩა. ასეთი დამსახურება მიუძღვის ბატონ პრეზიდენტს ჩვენი კინოფაკულტეტის წინაშე და ახლა, 30 წლის თავზე, ის მაინც გაგვიკეთოს... ჩემი და ჩემი კოლეგების ჯამაგირი გადარიცხოს იქ.”

სხვათა შორის, ასეთი უანგარობა თუ ქველმოქმედება ეროვნულ კინოსკოლას გახსნის დღიდან ახასიათებდა. კინოფაკულტეტის გახსნისთანავე, მოსკოვიდან თბილისში დაბრუნდა იმ დროის საბჭოთა კინოს ნომერი პირველი ოპერატორი ლევან პაატაშვილი, რომელმაც აღარ გააგრძელა საბჭოთა კინოს მაშინდელ ლიდერებთან მუშაობა, უარი თქვა საერთაშორისო კინოპროექტებზე და თეატრალურ ინსტიტუტში საოპერატორო სახელოსნოს ჩაუდგა სათავეში. მოსკოვი კინოფაკულტეტის პირველივე გამოშვებამ შეაშფოთა: სტუდენტების ფილმებს ახლა მოსკოვი აღარ ამტკიცებდა და 80-იანი წლების დასაწყისში მოსკოვი ვეღარ აკონტროლებდა ამ სურათების გატანას საზღვარგარეთ; და თუ ფირის გატანას აკონტროლებდა, იმას მაინც ვეღარ უწევდა წინააღმდეგობას, რომ ქართველი სტუდენტების ფილმები უცხოელ კრიტიკოსებსა და საერთაშორისო კინოფესტივალების დირექტორებს ენახათ. ამ პერიოდში, მიუხედავად მოსკოველი კინოჩინოვნიკების წინააღმდეგობისა, მაგალითად, ობერჰაუზენის კინოფესტივალის თანამშრომელმა ჰანს შლეგელმა საბჭოთა მებაჟეები მოატყუა და გოდერძი ჩოხელის “ადგილის დედა” გერმანიაში გაიტანა. ფილმი ობერჰაუზენის ფესტივალის “გრან-პრის” ლაურეატი გახდა. ეს ქართული კინოსკოლის ერთ-ერთი პირველი გამარჯვება იყო. ამას მოჰყვა “მოგზაურობა სოპოტში”, “ბეღურების გადაფრენა” და მრავალი სხვა ფილმი. ეროვნული კინოსკოლა ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე კარგა ხნით ადრე უკვე დამოუკიდებელი იყო. დღეს კინოსკოლა კვლავ დამოუკიდებელია, მაგრამ, “სილექტიდან” გარიცხვის შემთხვევაში, სრული იზოლაცია ემუქრება. ჩვენს კითხვაზე, კონკრეტულად როგორ დაზარალდება ქართული კინოსკოლა, თეატრალური ინსტიტუტის პრორექტორმა გოგი დოლიძემ გვიპასუხა:

[გოგი დოლიძის ხმა] “დაზარალდება იმით, რომ ჩვენ არსად არ გვიწვევენ და ვერსად გამოცხადდება ჩვენი კინოსკოლა. თანაც ჩვენ ვართ ნამდვილი წევრები, რომელმაც უკრაინას გაუწია რეკომენდაცია, პეტერბურგის კინოსკოლას.”

უკრაინისა და პეტერბურგის კინოსკოლა დღეს მსოფლიოს უამრავ საერთაშორისო კინოფესტივალზეა წარმოდგენილი. ფილმებს, ასე თუ ისე, ქართველი სტუდენტებიც იღებენ, მაგრამ მათ ნამუშევრებს, ძირითადად, მხოლოდ ქართველი მაყურებელი ეცნობა, - უფრო სწორად, გაეცნო ამ დღეებში, სტუდენტური ფესტივალის, “დებიუტის,” პროგრამით. 18 დეკემბერს შევიტყობთ, რამდენად საინტერესოა ეს პროდუქცია... და ვინ იცის, იქნებ კიდევ გამოჩნდეს ბატონ ჰანს შლეგელის მსგავსი კინემატოგრაფისტი, რომელიც, ყველანაირი წესის დაცვისა და ბიუროკრატული პროცედურის გავლის გარეშე, მსოფლიოს კარგ ქართულ ფილმს უჩვენებს.
XS
SM
MD
LG