Accessibility links

logo-print

468-ე გამოშვება.


წამყვანი: მარიამ ჭიაურელი, პრაღა 468-ე გამოშვება.

წამყვანი:
ძვირფასო რადიომსმენელებო, დღევანდელ გადაცემას, როგორც ყოველთვის “მეათე სტუდიაში” ვაგრძელებთ და ჩვენი ყოველკვირეული რადიოჟურნალის ამ გამოშვებაში რამდენიმე “საახალწლო თემას” შემოგთავაზებთ: ჯერ შევეცდებით, ვუპასუხოთ შეკითხვას, რატომ გავიდნენ თბილისელები ახალი წლის ღამეს გარეთ, მოგითხრობთ გასული წლის გამორჩეული ქალების შესახებ, შევეხებით საქართველოში ჯაზური მუსიკის მდგომარეობას და გიამბობთ ამერიკელ კინორეჟისორზე, რომლის ერთ, ჩვენში მეტად პოპულარულ ფილმში რეგტაიმები ჟღერს. ბოლოს კი შემოგთავაზებთ ინტერვიუს “მეათე სტუდიის” სტუმრებთან, ზურაბ ფოცხვერიასთან და დიმიტრი აბესაძესთან. პრაღაში მიკროფონთან მარიამ ჭიაურელია.

[მუსიკა]

რატომ გავიდნენ თბილისელები ახალი წლის ღამეს გარეთ?
დავით პაიჭაძე, თბილისი

წამყვანი:
2003 წელი პირველი ახალი წელია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, როცა ამ დღესასწაულს ქვეყანაში, ყოველ შემთხევვაში, მის დედაქალაქში რამდენადმე განსხვავებულად, ახლებურად შეეგებნენ. სამი წლის წინ თბილისის ქუჩებში ახალი წლის ღამეს ასევე ბევრი მოქალაქე იყო, მაგრამ ეს უფრო თბილი ამინდის დამსახურება გახლდათ. წელს კი ბევრმა ადამიანმა მიაშურა როგორც რესპუბლიკის მოედანს, ისე ნაირგვარ რესტორნებსა და თუ სხვა გასართობ ადგილებს. რისი ნიშანია ეს, რატომ არჩია ქალაქის მკვიდრთა ერთმა ნაწილმა ახალი წლის ტრადიციულად ოჯახში აღნიშვნას, მისი შეხვედრა შინაური გარემოს მიღმა? დავით პაიჭაძე, ჩვენს რესპონდენტებთან ერთად, შეეცდება ახსნას ეს მოვლენა.

დავით პაიჭაძე:
წამოჭრილი კითხვის პასუხი, ერთი შეხედვით, მარტივია: ჩვენ კი მოვთქვამთ, რომ მოსახლეობა გაღატაკდა, დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს და პურის ფული არა აქვს, მაგრამ ტოტალურად საქმე, ეტყობა, ასე არ არის. რაღაც ფული ჩვენს მოქალაქეებს მაინც აქვთ, თორემ ახალი წლის წინა დღეებში ფართოდ რეკლამირებული რესტორნები 1 იანვრის ღამეს ასე არ გაივსებოდა. ამასთან, ყველა რესტორანი კლიენტებს არა მხოლოდ მენიუს, არამედ, უწინარესად, მხიარულებას, გასართობ პროგრამას სთავაზობდა. მეორეც, რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო შოუზე დასწრებას ფული არ სჭირდებოდა – იქაც ათასობით ადამიანმა მოიყარა თავი. სოციოლოგი ემზარ ჯგერენაია ფიქრობს, რომ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია არა იმდენად ეკონომიკური შეძლება და ფულის ხარჯვის სურვილი, არამედ ის, რომ არაპრივატული ანუ საზოგადოებრივი გარემო მიმზიდველობას იძენს მოქალაქეებისათვის. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? ემზარ ჯგერენაიას აზრით [ჯგერენაიას ხმა]: “ერთი მიზეზია საკუთარი ტავის დემონსტრაცია და პრეზენტაცია ოჯახის გარეთ. რადგან ქართველისთვის, ჩვენი ხასიათის მნიშვნელოვანი მომენტი არის თეატრალობა და საკუტარი ტავის ჩვენება, ამიტომმნიშვნელოვანია ამის კეთება სწორედ სხვა ადამიანებთან. ის გადის საოჯახო სცენიდან სხვა სივრცეში და ახდენს საკუთარი თავის დემონსტრირებას. ოჯახი საკმარისი აღარ არის საამისოდ”.

ოჯახში ახალი წლის შეხვედრა საქართველოში მყარი, საუკუნეებიდან მომდინარე ტრადიციაა. როგორც ჩემი რესპონდენტი ამბობს, ახალი წელი საოჯახო რიტუალი და დღესასწაული იყო საქართველოს აღმოსავლეთშიც და დასავლეთშიც. [ჯგერენაიას ხმა]: “ახლა ხდება ამ საოჯახო დღესასწაულის სოციალური არეალის გაფართოება, გარეთ გადატანა. მე ვფიქრობ, ეს პოზიტიური მომენტია. რადგან საქართველოში არსებობს წინააღმდეგობა პრივატულ და სოციალურ სივრცეებს შორის, ოჯახიდან გამოსვლა მე წარმომიდგენია სოციალური სივრცისათვის მეტი ყურადღების დათმობად. ეს შეიძლება დადებითად გამოადგეს ჩვენს ქვეყანას, გარკვეული აზრით.”.

სხვა თვალსაზრისი გამიზიარა ფილოსოფოსმა და კულტუროლოგმა ზაზა შათირიშვილმა. მისი აზრით, დღესასწაულის აღნიშვნა არა ოჯახურ, საზოგადოებრივ გარემოში, უამრავი უცხო ადამიანის გვერდით არაფრით ეწინააღმდეგება ჩვენში ტრადიციულად მიჩნეულ ღირებულებებსა თუ რიტუალებს. [შათირიშვილის ხმა]: “ტრადიციულ კულტურებში ძალიან კარგად არის რეალიზებული სწორედ ეს, კარნავალური მომენტი. უბრალოდ, საბჭოთა რეალობა შეეცადა, ყველაფერი თავის ხელში აეღო. ოჯახისა და დღესასწაულტა ამ საზოგადოებრივი, ე.წ. კარნავალური ფორმების შეთავსება სწორედ ტრადიციულ კულტურებს ახასიათებს. არ ვიტყოდი, რომ ეს ნიშნავს ოჯახთან დაპირისპირებას. ჩენი კულტურული ცხოვრება ხდება უფრო მდიდარი და საბჭოთა რეალობის გამო დავიწყებული ფორმები ჩვეულ გარემოს უბრუნდება, ნორმალურ მოვლენებად იქცევა. ეს არ ნიშნავს ტრადიციულ ღირებულებებთან დაპირისპირებას. ესაა კაცობრიობის თანამდევი მომენტი. მე თუ მკითხავ, ახალი წლის ასე შეხვედრა კიდევ უფრო ტრადიციულია”.

დაბოლოს, გარეთ გასვლა და მოლხენა იმითაც არის გამართლებული, რომ წლების მანძილზე ჩვენი მოქალაქეები დარწმუნდნენ: ტელევიზიით გადაცემული მხიარულება გადამდები არ არის: გამრთობსა და გასართობს შორის, სჯობს, უშუალო კავშირი იყოს. სიხარული და სიცილი ამ დროს უფრო იბადება.

დავით პაიჭაძე რადიო “თავისუფლებისათვის”, თბილისი
[მუსიკა]

გესაუბრებით 2002 წლის გამორჩეული ქალების შესახებ
თამარ ჩიქოვანი, თბილისი

წამყვანი:
მსჯელობა იმის შესახებ, შეესაბამება თუ არა ახალი წლის გარეთ აღნიშვნა ქართულ ტრადიციებს, სპეციალისტებს მივანდოთ. აი, ის კი ეჭვს არ იწვევს, რომ წლის ბოლოს ტრადიციად იქცა ყველაზე გავლენიანი ადამიანების გამოვლენა. ამასთან აშკარაა, რომ ბოლო დროს ყველაზე გავლენიანთა და წარმატებულთა შორის სულ უფრო ხშირად ქალებიც სახელდებიან და სულ უფრო ფართოვდება იმ სფეროთა ჩამონათვალი, რომელშიც ქალები წარმატებებს აღწევენ. ამაში დარწმუნდებით თამარ ჩიქოვანის მონათხრობით, რომელშიც მოისმენთ პასუხს შეკითხვებზე: ვის თვლიან მსოფლიოში ყველაზე გავლენიან და პოპულარულ ქალებად? და რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში?

თამარ ჩიქოვანი:
ვინ წარმოიდგენდა ამ სამიოდე წლის წინ, რომ ბრიტანელი მასწავლებელი ჯოან კეტლინ როულინგი 2002 წელს, სიმდიდრის თვალსაზრისით, არა მხოლოდ ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ მეორეს, არამედ ყველაზე ძვირად ღირებულ მომღერალ მადონასაც უკან მოიტოვებდა. ჯადოსანი ბიჭის - ჰარი პოტერის თავგადასავლების ავტორმა მხოლოდ 2002 წელს 77 მილიონი ევრო მიიღო წიგნისა და მის მიხედვით გადაღებული ორი ფილმის საავტორო უფლებების გაყიდვით. 37 წლის როულინგი ბრიტანეთის ყველაზე მდიდარი ქალბატონია: მისი ქონება ექვსჯერ აღემატება ბრიტანეთის დედოფლის ქონებას.

მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ქალბატონად კი დასავლეთის პრესა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების სფეროში, 48 წლის კონდოლიზა რაისს აღიარებს. სხვადასხვა პროგნოზით, სულაც არ არის გამორიცხული, 2004 წლის არჩევნებზე ქალბატონმა რაისმა ვიცე-პრეზიდენტის პოსტზეც იყაროს კენჭი. მისივე აღიარებით, პოლიტიკაში კონდოლიზა მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც მიხვდა, რომ მსოფლიო სახელის მქონე ბალეტის მოცეკვავე მისგან არ დადგებოდა. კლასიკური ბალეტის გარდა, იგი ბავშვობიდან სწავლობდა ფორტეპიანოზე დაკვრას; ლაპარაკობს რუსულ, ფრანგულ და ესპანურ ენებზე, არის რამდენიმე წიგნის ავტორი, კითხულობს ლექციებს რამდენიმე პრესტიჟულ უნივერსიტეტში. მაღალი პროფესიონალიზმის გამო, კონდოლიზა რაისი ის ადამიანია პრეზიდენტ ბუშის გუნდში, ვისაც პრეზიდენტი უსიტყვოდ ენდობა.

რაც შეეხება პოპულარობას, 2002 წელს გელაპის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვით გაირკვა, რომ ამერიკელებს ყველაზე მეტად მოსწონთ: პრეზიდენტი ბუში, სენატორი კლინტონი და ჯენიფერ ლოპესი. გამოკითხულთა 28 პროცენტმა ყველაზე პოპულარულ მამაკაცად პრეზიდენტი ბუში დაასახელა. ექს-პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა, რომელიც 2002 წელს ნობელის მშვიდობის პრემიით დაჯილდოვდა, მხოლოდ 9 პროცენტი მიიღო. რაც შეეხება ყველაზე პოპულარულ ქალებს, სენატორმა ნიუ-იორკის შტატიდან ჰილარი კლინტონმა მხოლოდ ერთი პროცენტით გაუსწრო დღევანდელ პირველ ქალბატონს ლორა ბუშს. ყველაზე პოპულარულ ქალად ასევე დასახელდა ცნობილი ტელეწამყვანი ოპრა უინფრი. საინტერესოა, რომ თუ ოპრა ამერიკელ ქალებს მოსწონთ, ჰილარი კლინტონი ამერიკელ კაცებში სარგებლობს პოპულარობით. ასეთი შედეგი, შესაძლოა, მამაკაცთა გემოვნების მკვეთრ ცვლილებად იქნეს აღქმული: აქამდე ხომ მიგვაჩნდა, რომ მამაკაცებს ჭკვიანი და ძალაუფლების მოყვარე ქალები არ უყვართ. სამაგიეროდ, 2002 წლის ევროპის ყველაზე ლამაზი ქალის არჩევნების შედეგმა დაადასტურა ქართველი კაცების გემოვნების სიმყარე: მათ 2002 წლის ყველაზე ლამაზ ევროპელ ქალად რუსი სვეტლანა კოროლიოვა აღიარეს.

რაც შეეხება საქართველოს ყველაზე წარმატებულ ქალებს, სამწუხაროდ, სხვადასხვა ნომინაციაში მხოლოდ ორიოდე ქალბატონი მოხვდა. ”დილის გაზეთმა” წლის აღმოჩენად პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე მიიჩნია. ერთ-ერთი სოციოლოგიური გამოკითხვით, ყველაზე მომხიბვლელი პარლამენტარი ქალბატონი მაია ნადირაძეა. რაც შეეხება გავლენას, როგორც ჩანს, ამ მხრივ, მამაკაცები ქალებს ჯერჯერობით ჩაგრავენ. ყოველ შემთხვევაში, გავლენის თვალსაზრისით, ათეული მხოლოდ მამაკაცებითაა დაკომპლექტებული. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ქალები სულ უფრო აქტიურად ერთვებიან პოლიტიკაში, წინ კი საპარლამენტო არჩევნები გველის, სულაც არ არის გამორიცხული, 2003 წლის ბოლოს ქართველმა მანდილოსნებმა წარმატებას გავლენის სკალაზეც მიაღწიონ.

თამარ ჩიქოვანი, რადიო “თავისუფლებისათვის”, თბილისი

[მუსიკა]

ჯაზური მუსიკის მდგომარეობა საქართველოში
გიორგი კაკაბაძე, თბილისში

წამყვანი:
სანამ საქართველო ეგუება აზრს, რომ პრეზიდენტად, შესაძლოა, ქალი მოევლინოს, გასული წლის ამბების მიმოხილვა განვაგრძობთ – ჩვენი თანამშრომელი გიორგი კაკაბაძე საქართველოში ჯაზური მუსიკის სფეროში შექმნილი მდგომარეობით დაინტერესდა და ამ საკითხზე რამდენიმე შეკითხვით მიმართა კონტრაბასის ქართველ ოსტატს, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ სახელგანთქმულ მუსიკოსს, თამაზ ყურაშვილს. მაშ ასე, ეთერს გიორგი კაკაბაძეს ვუთმობ.

გიორგი კაკაბაძე:
შარშანდელი მოვლენებიდან უპირველესად აღსანიშნავია ცნობილი ამერიკელი მუსიკოსის ბობ მინცერის ჩამოსვლა. იგი თავისი კვარტეტით და საკუთარი პროგრამით წარდგა გივი გაჩეჩილაძის ბიგ-ბენდთან ერთად, სადაც თამაზ ყურაშვილი უკრავს. შემდგომ კიდევ რამდენიმე შემსრულებელი ეწვია თბილისს. დეკემბერში კი უკვე მეოთხედ ჩამოვიდა ნიუ-ორლეანის კონსერვატორიის პროფესორი, კომპოზიტორი და პიანისტი სენფორდ ჰინდერლი, რომელსაც დიდი მეგობრობა აკავშირებდა თბილისის კონსერვატორიის ყოფილ რექტორთან, ნოდარ გაბუნიასთან. ამერიკელი მუსიკოსისა და თამაზ ყურაშვილის დუეტმა კონცერტი გამართა კონსერვატორიაში.

ჩემთან საუბარში თამაზ ყურაშვილმა ხაზი გაუსვა საზღვარგარეთელი შემსრულებლების იშვიათ სტუმრობას, რასაც, მისი თქმით, მასპინძელი მხარის მუშაობაში არსებული ორგანიზაციული ნაკლოვანებები იწვევს. იგი ამბობს, რომ შემოქმედებითი კონტაქტების სიმწირის გამო ქართველი შემსრულებლები ძალიან ბევრს კარგავენ და, ამასთან ერთად, მსმენელთა დონეც ვერ იწევს მაღლა.

ბატონ თამაზს კომენტარი ვთხოვე იმასთან დაკავშირებით, რომ შემოდგომაზე არ შედგა შესანიშნავი ამერიკელი გიტარისტის, ვოკალისტისა და კომპოზიტორის ჯორჯ ბენსონის კონცერტი. ჯერ ერთი, ქართველი კონტრაბასისტი აღნიშნავს, რომ ჯორჯ ბენსონს “ბრილიანტ- შემსრულებელს” უწოდებენ ჯაზის სამყაროში.

[ყურაშვილის ხმა] “მე აღფრთოვანებული ვარ მისი შემოქმედებით. მე პირადად ვიცნობ მას, ბევრჯერ შევხვედრივარ ნიუ-იორკის ჯაზ-კლუბ “ბლიუ-ნოტში” და მისი ქათინაურებიც მახსოვს. საერთოდ, ჩემთვის ცნობილია მისი პოზიცია. მისი კოლეგა უკრავდა ჩემთან ერთად, გიტარისტი სტენლი ჯორდანი, რომელიც განსხვავებული ტექნოლოგიით ასრულებს ჯაზს, და მე არ დამავიწყდება ეს შეხვედრა. ეს იყო ჩემი იქ მოღვაწეობის პერიოდი და ბევრმა ჩემმა მეგობარმა მას საოცარი სითბო და სიყვარული გამოუხატა. ერთმა მათგანმა მისი პორტრეტი დახატა და საჩუქრად მიართვა. სამწუხაროდ, ჯორჯ ბენსონის ჩვენთან ჩამოსვლა არ შედგა. ეს, როგორც ჩანს, ორგანიზატორების და იმ ადამიანების ბრალი უნდა იყოს, ვინც ორგანიზატორებთან ერთად კონცერტის გამართვას შუამავლობდა”.

მუსიკოსთან საუბარში დავინტერესდი ვითარებით, რომელიც საქართველოში ჯაზის ახალგაზრდა შემსრულებელთა წრისთვისაა დამახასიათებელი. ბატონი თამაზის თქმით, ჯერ ერთი, რაგინდ ნიჭიერი და მონდომებულიც უნდა იყოს მუსიკოსი, მისთვის ძირითად დაბრკოლებას ცხოვრების ეკონომიკური მხარე წარმოადგენს, რაც, თავის მხრივ, ნეგატიურად აისახება სელექციის პროცესზე. “გარდა ამისა, შემსრულებელსა და მსმენელს შორის ერთგვარი დისკომფორტიც არსებობს”.

[ყურაშვილის ხმა] “მუსიკოსი არასდროს არ უნდა იყოს ვალდებული, რომ მსმენელის დონემდე დავიდეს. თუ მუსიკოსის დონე მაღალია, მაშინ მისი განათლება და განვითარება რასაც უკარნახებს, ის უნდა შეასრულოს. მაგრამ არის მომენტები, როცა შესრულება მსმენელზეა დამოკიდებული და, აქედან გამომდინარე, მუსიკოსის პროგრესი, სამწუხაროდ, ჩერდება”.

რაც შეეხება თავად კონტრაბასისტის შარშანდელ მოღვაწეობას, ამის შესახებ ჩემ მიერ უკვე ნათქვამს დავამატებ, რომ თბილისის კონსერვატორიის საზაფხულო სეზონი თამაზ ყურაშვილის კვარტეტის კონცერტით დაიხურა. მასთან ერთად მონაწილეობდნენ: ზურაბ რამიშვილი, გია სალაღიშვილი და დავით ჯაფარიძე. ბატონ თამაზის თქმით, ცოცხალი შესრულება იმდენად კარგი იყო, რომ შესაძლებელი გახდა ფირფიტის გამოშვებაც.

[ყურაშვილის ხმა] “ფირფიტას ჰქვია “ფრენდს”- “მეგობრები” და ეს ფირფიტა, ალბათ, ავსტრიაში გამოიცემა. ბუნებრივია, დახლზე ჯერ არ არის, მაგრამ სასიგნალო ნიმუშები გამოიცა და საკმაოდ ნორმალური ხარისხის გამოდგა”.

თებერვალში თბილისში მაუწყებლობას დაიწყებს ახალი ტელეკომპანია “იმედი”, სადაც თამაზ ყურაშვილი მუსიკალურ გადაცემათა პროდიუსერად იმუშავებს. ეჭვგარეშეა, რომ ცნობილი მუსიკოსი არაერთ საინტერესო გადაცემას შესთავაზებს მსმენელს და საქართველოში ჯაზის პოპულარიზაციის საქმეს კარგ სამსახურს გაუწევს.

გიორგი კაკაბაძე, რადიო “თავისუფლებისათვის”, თბილისი

წამყვანი:
ჩანაწერი, რომლის შესახებ გიორგი კაკაბაძემ მოგვითხრო, სამწუხაროდ, არ გაგვაჩნია. მაგრამ ჯაზურ მუსიკას თუ არა, მის უშუალო წინამორბედს, რეგტაიმებს მაინც მოგასმენინებთ.

[მუსიკა]

ამერიკელი კინორეჟისორის ჯორჯ როი ჰილის გარდაცვალების გამო
მარიამ ჭიაურელი, პრაღა

წამყვანი:
ფილმი, რომელიც კინორეჟისორ ჯორჯ როი ჰილს თავისი სულ 14 ნამუშევრიდან ყველაზე მეტად უყვარდა, ჩვენი მსმენელებიდან, ალბათ, ბევრს არ უნახავს - კინოსურათი სათაურით “დიდებული უოლდო პეპერი” 1975 წელს არის გადაღებული და ერთი უიღბლო მფრინავის თავგადასავალზე გვიამბობს. კომერციული თუ მხატვრული თვალსაზრისით, ფილმი წარუმატებელი გამოდგა - სახელგანთქმული რობერტ რედფორდის მონაწილეობის მიუხედავად. ასე რომ, ერთი შეხედვით, სრულიად გაუგებარია, რატომ ასახელებდნენ რეჟისორის უსაყვარლეს ნამუშევრად. მაგრამ საკმარისია, თვალი გადავავლოთ ჯორჯ როი ჰილის ბიოგრაფიას, რომ მიზეზი ნათელი გახდება: “დიდებული უოლდო პეპერის” ავტორი ერთ დროს თავადაც მფრინავი იყო! მეორე მსოფლიო ომში ის სატრანპორტო თვითმფრინავის საჭესთან იჯდა, მოგვიანებით კორეის ომში მონაწილეობდა, ხოლო ჰოლივუდში წარმატების მოპოვების შემდეგ, უკვე საკუთარი თვითმფრინავის მართვის ფუფუნებით ტკბებოდა.

ეს წარმატება უწინარესად ორ ფილმს უკავშირდება, რომლებიც მფრინავებზე არანაკლებ გაბედულ, რომ იტყვიან თავზეხელაღებულ მამაკაცებზე მოგვითხრობს, ორივე ჯორჯ როი ჰილის ფილმების ტრადიციული წყვილის – პოლ ნიუმანისა და რობერტ რედფორდის მონაწილეობით. ეს ფილმები კი მსმენელს, ალბათ, კარგად ახსოვს: 1969 წელს გადაღებული “ბუჩ კესიდი და სანდენს კიდი” და 1973 წელს გამოსული “აფერა” (განსაკუთრებით ეს უკანასკნელი) – ჩვენში ძალიან უყვარდათ. როგორც ჩანს, ამ შეფასებას ამერიკული კინოაკადემიაც იზიარებდა, რახან სწორედ მას მიანიჭა საუკეთესო კინოფილმისთვის განკუთვნილი "ოსკარი". ჩვენც “აფერას” მიხედვით შევარჩიეთ სიუჟეტის მუსიკალური გაფორმება – შავკანიანი ამერიკელი კომპოზიტორისა და პიანისტის, სკოტ ჯოპლინის “რეგტაიმები”. ეს არის მუსიკა, რომლის ფონზე ამერიკელი რეჟისორი 30-ანი წლების ჩიკაგოს აცოცხლებს, რომლის ფონზე ორი თაღლითი ისეთ გონებამახვილობას ამჟღავნებს მაფიის თავდაჯერებული ბოსების გაცურებისას, რომ დღემდე გაუნელებელი ხიბლით გვაჯადოვებს.

ამ მშვენიერი ფილმის რეჟისორი, ჯორჯ როი ჰილი რამდენიმე დღის წინათ, 28 დეკემბერს, 80ი წლის ასაკში გარდაიცვალა.

[მუსიკა]

წამყვანი:
პროგრამის ბოლოს, როგორც დაგპირდით, “მეათე სტუდიის” დღევანდელ სტუმრებთან საუბარს მოისმენთ. თუ ვინ არიან ეს სტუმრები, დავით კაკაბაძისაგან შეიტყობთ.

იხ. აუდიო-ვერსია

წამყვანი:
“მეათე სტუდია” და მასთან ერთად რადიო “თავისუფლების” ქართული რედაქცის დღევანდელი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა. ის პრაღაში მოამზადეს დავით კაკაბაძემ და მარიამ ჭიაურელმა. თბილისის ბიუროში ხმის რეჟისორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე. გემშვიდობებით, ლაპარაკობს რადიო “თავისუფლება”.
XS
SM
MD
LG