Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტ ბუშის მიმართვა ამერიკელი ხალხისადმი ''ქვეყნის მდგომარეობის შესახებ''


ანდრო ეული, პრაღა სამშაბათს, თავის ყოველწლიურ მიმართვაში ამერიკელი ხალხისადმი "ქვეყნის მდგომარეობის შესახებ", აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა, კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა,

რომ შეერთებული შტატები მზად არის, მთელი თავისი სამხედრო პოტენციალი გამოიყენოს ერაყის პრეზიდენტის, სადამ ჰუსეინის დასამხობად.


თავის გამოსვლაში ჯორჯ ბუშმა სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტის ყურადღების ცენტრში მაინც ერაყი იყო. დაგმო რა ბაღდადი გაეროს რეზოლუციების შეუსრულებლობისთვის და იმისთვის, რომ დღემდე გაურკვეველი რჩება, რა ბედი ეწია ათასობით ქიმიურსა და ბიოლოგიურ იარაღსა და რაკეტას, რომელსაც წარსულში ფლობდა ერაყი და რომელიც, გაეროს უშიშროების საბჭოსადმი დეკემბერში წარდგენილ დეკლარაციაში მოხსენიებული არ არის. ბუშმა კვლავ განაცხადა, რომ თუ გაერო არ მიიღებს ქმედით ზომებს, მაშინ ამერიკა სათავეში ჩაუდგება კოალიციას სადამ ჰუსეინის წინააღმდეგ.

ჯორჯ ბუშმა გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდა, 5 თებერვალს შეიკრიბოს საგანგებო სხდომაზე, რომელზეც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი წარადგენს სადაზვერვო უწყებათა ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ დაარღვია ერაყმა გაეროს რეზოლუციები. თავის გამოსვლაში ბუშმა თქვა, რომ ბაღდადმა განიარაღების ექსპერტებს დაუმალა მასობრივი განადგურების იარაღი, ხოლო "საჭირო"ინფორმაციას ექსპერტებს, შეიარაღების სფეროში ნამუშევარი მეცნიერების ნაცვლად, ერაყელი ოფიცრები აწვდიან.

ბუშმა აღნიშნა ამასთანავე, რომ ერაყი ტერორისტულ ორგანიზაცია "ალ-ყაიდასთანაა" კავშირში: [ჯორჯ ბუშის ხმა] "სადაზვერვო უწყებების, საიდუმლო კონტაქტებისა და ამჟამად პატიმრობაში მყოფი პირებისაგან მიღებული ჩვენებების თანახმად, სადამ ჰუსეინი იცავს და ეხმარება ტერორისტებს, მათ შორის "ალ-ყაიდის" წევრებს ."

ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ 11 სექტემბრის ტრაგედიის შემდეგ, ყველაზე დიდ საფრთხეს მსოფლიოს უქმნიან ერაყის მაგვარი არასაიმედო რეჟიმები, ყოველნაირად რომ ცდილობენ მასობრივი განადგურების იარაღის შეძენას, რომელიც, შესაძლოა, ტერორისტებს გადასცენ, ან კიდევ სხვა ქვეყნების დასაშინებლად გამოიყენონ. "მსოფლიო ვერ დაუშვებს, რომ ერაყმა მიბაძოს ჩრდილოეთ კორეას, რომელმაც საიდუმლოდ შექმნა ბირთვული იარაღი" – განაცხადა ჯორჯ ბუშმა და თან მოუწოდა ჩრდილოეთ კორეას, შეწყვიტოს თავისი ბირთვული პროგრამა.

თავის გამოსვლაში ბუშმა ერაყელ ხალხს მიმართა უშუალოდ და თქვა, რომ მტერს კი არა ჰყავს ალყაში მოქცეული ერაყი, არამედ მტერი მართავს ერაყს. "და ის დღე, როცა ეს მტერი და მისი რეჟიმი დაემხობა, თქვენი გათავისუფლების დღე იქნება" – განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

პრეზიდენტ ბუშს 77-ჯერ შეაწყვეტინეს სიტყვა ტაშითა და შეძახილებით სენატის, წარმომადგენელთა პალატის, უზენაესი სასამართლოსა და თეთრი სახლის ადმინისტრაციის წევრებმა. და მაინც, პირველად 11 სექტემბრის ტრაგედიის შემდეგ, ჯორჯ ბუშის პოპულარობა ამერიკაში ეცემა.

მაშინ როცა, ბუშის პოზიციას ერაყის საკითხში, ამერიკელთა 80 პროცენტი უჭერდა მხარს ერთი წლის წინ, დღეს ეს მაჩვენებელი 60 პროცენტამდეა შემცირებული. ხოლო საზოგადოებრივი აზრის უკანასკნელი გამოკითხვის თანახმად, 50 პროცენტზე ნაკლებს შეადგენს იმათი რიცხვი, ვინც გაეროს სანქციის გარეშე ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყების მომხრეა.
XS
SM
MD
LG