Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიდევ ერთი იდუმალებით მოცული დანაშაული ვაზიანის სამხედრო ნაწილში


კვირის დასაწყისში თბილისთან ახლომდებარე ვაზიანის სამხედრო ბაზამ კვლავ მიიპყრო საზოგადოების ყურადღება, თუმცა ამჯერად ეს დაინტერესება აღარ უკავშირდება ერაყის წინააღმდეგ საომარი

კამპანიის შემთხვევაში მისი ინფრასტრუქტურის გამოყენების საკითხს. 17 თებერვალს საქართველოს მთავარმა სამხედრო პროკურატურამ ვაზიანის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე რადიოაქტიური ნივთიერება ცეზიუმ-137-ით დატვირთული სამი კონტეინერის დაკარგვის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ეს მეოთხე ფაქტია ელიტურ სამხედრო ნაწილში სამხედრო ქონების დაკარგვისა. ამიტომ სამხედრო პროკურატურა, რომელიც ადრე ერიდებოდა დივერსიაზე ლაპარაკს, რადიოაქტიური ნივთიერების დაკარგვის შემდეგ აქცენტს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ხელწერაზე აკეთებს.


რადიოაქტიური ნივთიერება ცეზიუმ 137-ის ოთხი კონტეინერი ვაზიანის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ნაწილების გასვლის შემდეგ დარჩა. საქართველოს სამხედრო უწყების მტკიცებით, რუსეთის დაჯგუფების ხელმძღვანელობამ რადიოაქტიური ნარჩენების არსებობის ფაქტი დამალა და ამიტომ ცეზიუმის კონტეინერები ბაზის ლიკვიდაციის ამსახველ მიღება-ჩაბარების აქტში არც შესულა. თუმცა ტერიტორიის შესწავლის შემდეგ, შარშან მარტში, ცნობილი გახდა, რომ ვაზიანის ბაზაზე არსებულ ერთ-ერთ ბუნკერში ცეზიუმის კონტეინერები იყო. სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობამ იგი აღრიცხა და სადღეღამისო დაცვაც მიუჩინა.
მაგრამ 3 თებერვალს სამხედრო კონტრდაზვერვის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, რომ დაცვის ქვეშ არსებული ცეზიუმის კაფსულის შემცველი ოთხი კონტეინერიდან მხოლოდ ერთიღაა ადგილზე, რომ არავინ არაფერი იცის და ყველა საშინლად დაბნეულია. შემთხვევა ეცნობა ვაზიანის სამხედრო პროკურატურას, რომელმაც რადიოაქტიური ნივთიერებების დაკარგვის ფაქტზე 17 თებერვალს სისხლის სამართლის საქმე აღძრა. თუმცა მთავარმა სამხედრო პროკურორმა, გენერალმა გია ჯიქიამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ფაქტის გამოძიება ადვილი არ იქნება. მით უფრო, რომ, შესაძლოა, საქმე არა, უბრალოდ, კრიმინალს, არამედ სპეცსამსახურის დონეზე დაგეგმილ ოპერაციასაც შეეხებოდეს.

[გია ჯიქიას ხმა] "ვერსიის დონეზე, რა თქმა უნდა, ვუშვებ იმიტომ, რომ ეს არის ძლიერმოქმედი რადიოაქტიური ნივთიერება და ამის დატოვება ესე არა ხდებოდა, რა. როგორ ეხლა, ეს ხომ არ არის ვიღაცის დაგდებული? სამხედრო გარადოკში არავინ შედიოდა, დაცვა ეყენა და ყველაფერი. ასე რომ, მე ლოგიკურად ვმსჯელობ, რომ ეს წინასწარგანზრახვით არის გაკეთებული."[სტილი დაცულია]

საკითხს სხვაგვარად უყურებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი სოსო კაკუშაძე. მას, უწინარესად, აოცებს საქციელი სამხედრო უწყების ხელმძღვანელობისა, რომელმაც მათ შემთხვევის ადგილის დათვალიერება აუკრძალა. კაკუშაძე გამორიცხავს თავდაპირველად გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს კონტეინერში მოთავსებული ცეზიუმი რადიოაქტიურ საფრთხეს წარმოადგენდეს ან შეიძლებოდეს მისი გამოყენება ე,წ. "ჭუჭყიანი ბომბების" დასამზადებლად.

[სოსო კაკუშაძის ხმა] "წყარო იყო დამცავ კონტეინერში, რომელიც, პრინციპში, უზრუნველყოფს აბსოლუტურ დაცვას, ცეზიუმის კაფსულით რაღაცის გაკეთება, თუნდაც იმ "ჭუჭყიანი ბომბების", არაფრით არ შეიძლება. ეს იყო, უბრალოდ, ხელსაწყოების გრადუირებისთვის გამოსაყენებელი წყაროები."[სტილი დაცულია]

თუმცა სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ კონტეინერის გახსნის შემთხვევაში ცეზიუმის კაფსულებთან შეხებით ადამიანმა საბედისწერო რადიაციული დამწვრობა მიიღოს. ასე მოხდა 6 წლის წინ ლილოს სასაზღვრო ცენტრში, სადაც ცეზიუმის კაფსულის ზემოქმედების შედეგად რამდენიმე ჯარისკაცი დასხივდა. სხვათა შორის, თავის დროზე არსებობდა მოსაზრება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე გაფანტული რადიაციული ნარჩენების შესანახი სარკოფაგი სწორედ ვაზიანის ტერიტორიაზე აგებულიყო, მაგრამ ცეზიუმის კონტეინერების გაუჩინარებამ ამ იდეის დისკრედიტაცია გამოიწვია.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG