Accessibility links

logo-print

ჯორჯ ბუშის პრეს-კონფერენცია ერაყის საკითხზე


ხუთშაბათს ვაშინგტონში გაიმართა შეერთებული შტატების პრეზიდენტის პრეს-კონფერენცია, რომელიც, თუ ჩრდილოეთი კორეასთან დაკავშირებულ ორიოდე შეკითხვას არ ჩავთვლით,

მთლიანად ერაყის კრიზისს დაეთმო. როგორც ჩვენი ვაშინგტონელი კორესპონდენტი ენდრიუ ტალი იუწყება, ჯორჯ ბუშმა კიდევ ერთხელ ისარგებლა შესაძლებლობით, რათა გამოეხატა თავისი ადმინისტრაციის სკეპტიკური დამოკიდებულება ერაყის ნებაყოფლობით განიარაღების პერსპექტივის მიმართ.

ჯორჯ ბუშის პრეს-კონფერენცია გაიმართა იმ დროს, როცა საერთაშორისო თანამეგობრობა მოელოდა ერაყის საკითხის განხილვას გაეროს უშიშროების საბჭოში - ლაპარაკია გაეროს განიარაღების ექსპერტთა ხელმძღვანელის ჰანს ბლიქსის მორიგ საანგარიშო მოხსენებით გამოსვლაზე, რომელზეც, სავარაუდოდ, დიდწილად იქნება დამოკიდებული ერაყის საკითხში უშიშროების საბჭოს პოზიციის ჩამოყალიბება. შესაბამისად, ჯორჯ ბუშმა ხუთშაბათის კონფერენციაზე გაეროც გააფრთხილა - "გაეროს, ისევე როგორც ერაყს, სულ უფრო ნაკლები დრო რჩებაო". ნს030701
"ხვალ ნიუ-იორკში, გაეროს უშიშროების საბჭო მოისმენს აქტუალურ ინფორმაციას განიარაღების ექსპერტების ხელმძღვანელისაგან. მსოფლიო მისგან მოელის პასუხს ერთადერთ შეკითხვაზე: განიარაღდა თუ არა ერაყის რეჟიმი სრულად და ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, როგორც ამას მისგან 1441ე რეზოლუცია მოითხოვს?"
ამ შეკითხვაზე პასუხი ჯორჯ ბუშისათვის უკვე ცნობილია - ერაყის რეჟიმს არ შეუსრულებია 1441ე რეზოლუცია, რითაც ხელიდან აქვს გაშვებული გაეროს მოთხოვნების შესრულების უკანასკნელი შანსი.
რაც შეეხება გაფრთხილებას გაეროსთვის განკუთვნილი დროს ამოწურვის შესახებ - მას ეხმიანება ჯორჯ ბუშის სიტყვები, რომ, მართალია, გრძელდება ერაყთან ომის მიზანშეწონილობაში საფრანგეთის, გერმანიის, ჩინეთისა და რუსეთის დარწმუნების მცდელობა, მაგრამ პრეზიდენტს უკვე "მოთმინების ფიალა ევსება". მისი თქმით, აშშ, ბრიტანეთი და ესპანეთი მაინც აპირებენ გაეროს უშიშროების საბჭოში ერაყის საკითხზე ახალი რეზოლუციის შეტანას - ანუ იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეზოლუციის დამტკიცების შანსი, ერთი შეხედვით, მცირეა. მაგრამ ჯორჯ ბუში ოპტიმისტურად არის განწყობილი: მან პრეს-კონფერენციაზე შეკრებილებს კიდევ ერთხელ გაახსენა 1441ე რეზოლუცია, რომლის დამტკიცება წინასწარ ბევრს აეჭვებდა და რომელმაც, როცა საქმე საქმეზე მიდგა, გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი 15-ვე სახელმწიფოს მხარდაჭერა მოიპოვა. პრეზიდენტი ბუში ამ სცენარის გამეორებას წინასწარმეტყველებს: აშშ-მა ერაყის წინააღმდეგ ომი გაეროს ოფიციალური ნებართვის გარეშეც რომ წამოიწყოს, მას, ჯორჯ ბუშის ვარაუდით, ბევრი მიემხრობა: 030704 "ვფიქრობ, როცა საქმე საქმეზე მიდგება, თუ ძალის გამოყენება მოგვიწევს, მხარში ამოგვიდგება მრავალი სახელმწიფო".
ეს სიტყვები ადასტურებს, რომ ვაშინგტონი არც გაეროს თანხმობის გარეშე გამორიცხავს სამხედრო ოპერაციის დაწყებას. როგორც ბუში ირწმუნება, ჯერ არაფერია გადაწყვეტილი: მას არ გადაწურვია იმედი, რომ ერაყის დიქტატორი უცებ პოზიციას შეიცვლის, ან სულაც, ემიგრაციაში წავა. მოკლედ, დღეს ომისა და მშვიდობის ბედი სადამ ჰუსეინზეა დამოკიდებული და თუ გავითვალისწინებთ, რომ სპარსეთის ყურის რეგიონში უკვე 300ი ათასამდე ამერიკელი და ბრიტანელი ჯარისკაცი იმყოფება, უნდა ითქვას, რომ ჯორჯ ბუშის გაფრთხილება დამაჯერებლად ჟღერს - ერაყის რეჟიმსა და ყველას, ვისაც ომის თავიდან აცილება სურს, მათ შორის გაეროს, ბევრი დრო აღარ რჩებათ.

პრეზიდენტ ბუშის პრესკონფერენციაზე, რომლის შესახებ მარიამ ჭიაურელმა გიამბოთ, როგორც უკვე ვთქვით, ჩრდილოეთი კორეის კრიზისსაც შეეხნენ. კერძოდ, ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რატომ ამბობს ვაშინგტონი უარს ფხენიანის მოთხოვნის შესაბამისად, მასთან პირდაპირ მოლაპარაკებაზე. საპასუხოდ ჯორჯ ბუშმა თქვა, რომ ვაშინგტონი უპირატესობას ანიჭებს მრავალმხრივ მოლაპარაკებას, ვინაიდან ჩრდილოეთი კორეის ბირთვული კრიზისის მოგვარება ამ ქვეყნის მეზობლებს ისევე ეხება და ისევეა მათზე დამოკიდებული, როგორც აშშ-ზე.
XS
SM
MD
LG