Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული მართლმსაჯულება პირდაპირ ეთერში


სამართლებრივ სახელმწიფოში გახმაურებული სასამართლო პროცესების ტრანსლირების საკითხს თავად დამოუკიდებელი ტელეკომპანიები წყვეტენ და სასამართლო ხელისუფლება ვალდებულია,

დაეხმაროს პრესას ამ კონსტიტუციური უფლების უზრუნველყოფაში. საპირისპიროდ მოიქცა გლდანი-ნაძალადევის რაიონის სასამართლოს მოსამართლე ნანა გუგუნაშვილი, რომელმაც თავისი გაიტანა და ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობაში ეჭვმიტანილ გიორგი ხურცილავას პროცესის ტრანსლირება საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიის პირველ არხს დაავალა. სამშაბათს გამართულ სასამართლო სხდომაზე კი პირველ მოწმედ რადიო "თავისუფლების" თბილისის ბიუროს თანამშრომელი გიორგი გვახარია დაიკითხა, თუმცა მისი გამოსვლა საქართველოს ტელევიზიის პირდაპირი ეთერით არ გადაცემულა. სწორედ გიორგი გვახარიასთან საუბრით გადავწყვიტე ამ პროცესისადმი მიძღვნილი რეპორტაჟის დაწყება.

[კობა ლიკლიკაძის ხმა] "გოგი, პროცესზე მოწმეების დაკითხვა შენი ჩვენებით დაიწყო, რაც, სამწუხაროდ, "პირველმა არხმა" რაღაც მიზეზების გამო არ გადასცა. მოკლედ ხომ ვერ გაიხსენებდი, რაზე ილაპარაკე - ის, რაც საინტერესო იქნებოდა საზოგადოებისათვის."

[გიორგი გვახარიას ხმა] " პარასკევს გაზეთმა "ახალმა შვიდმა დღემ" დაბეჭდა ჩემთან ინტერვიუ, სადაც მე ვწერდი, რომ ბევრი რამ არ თქმულა და მე ამას ვიტყვი პროცესზე, 11 მარტს. უკვე წელიწადნახევარი გავიდა და პროცესზე აღმოჩნდა, რომ ყველაფერი ის, რაც, მეგონა, არ მითქვამს, ყველაფერი ეს, მართლაც, მქონდა დაკითხვის დროს ნათქვამი. ამიტომ სრულიად იდენტური აღმოჩნდა ჩემი დაკითხვა და დღევანდელი გამოსვლა. მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ, შესაძლებელია, ამ ინტერვიუს შემდეგ აღარ მოინდომეს ეჩვენებინათ ჩემი დაკითხვა. თუმცა, მართალი გითხრათ, მე წინააღმდეგი ვიყავი ამ ყველაფრის პირდაპირ ეთერში ჩვენებისა. ჩემთვის არავის არ უკითხავს, თანახმა ვარ თუ არა, რომ მე გამომაჩინონ პირდაპირ ეთერში. არ ვიცი, ეს იურიდიულად შესაძლებელი იყო თუ არა, მაგრამ ეს არის ადამიანის უფლებათა დარღვევა. ახლა, პრინციპში, ვნანობ კიდეც, რომ არ აჩვენეს; იმიტომ, რომ ამის შემდეგ შესაძლებელია, რომ ათასნაირი ინტერპრეტაცია წავიდეს და გამოვიდა, რომ აჩვენეს ის, რაც აწყობდა ხელისუფლებას."

სასამართლო პროცესის უაპელაციო ტრანსლირების გამო გაკვირვებას გამოთქვამს დაზარალებული მხარის, გიორგი სანაიას ქვრივ ხათუნა ჩხაიძის, ადვოკატი ზვიად კორძაძეც, რომელიც ხუთ ტომად გაერთიანებული საქმის გასაცნობად დამატებით ორკვირიან ვადას ითხოვდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც მოსამართლე ნანა გუგუნაშვილმა მისი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, ზვიად კორძაძემ სხდომა პროტესტის ნიშნად მიატოვა.

[ზვიად კორძაძის ხმა] "სხდომის ტრანსლირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო სასამართლომ და დაევალა (ეს მეორე გადაწვეტილება იყო) პირველ არხს ამის ტრანსლირება, - ეს არ ჯდება არანაირ სამართლებრივ ჩარჩოებში და პროცესუალური ნორმებით არ არის გამაგრებული. ამას სასამართლო გადაწყვეტილება არ სჭირდება. ტრანსლაციის უფლება თვითონ პროცესისა აქვს ყველას. პირიქით, თუ დაიხურა პროცესი, რომ აიკრძალოს ტრანსლაცია, ამას სჭირდება სასამართლო გადაწყვეტილება. მე არ მახსენდება ეგეთი პრეცედენტი, მიუხედავად იმისა, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანი პროცესები გამართულა ამ ქვეყანაში და ინტერესიც დიდი ყოფილა პროცესებზე, მაგრამ პირდაპირი ეთერის გადაწყვეტილება არავის მიუღია."[სტილი დაცულია]

ასეა თუ ისე, გიორგი სანაის მკვლელობის სასამართლო გამოძიების პროცესის პირდაპირ ეთერით ტრანსლირება, მისთვის დამახასიათებელი შოუს ელემენტებით, - პროკურორის თეატრალური ჟესტიკულაციითა და ეჭვმიტანილ გრიგოლ ხურცილავას გაუგებარი გაცხარებით, - ისტორიული ფაქტია. მეხსიერებიდან აღარ ამოიშლება ეჭმიტანილის დის, ძაბული ხურცილავას, საჯარო ჩვენება ცნობილი ტელეჟურნალისტის მკვლელობის იმ ვერსიის შესახებ, რომელიც თავიდანვე "ბინძურ ვერსიად" შეირაცხა და ორ ბანაკად გაყო ჟურნალისტთა კორპუსიც და სასამართლო ხელისუფლებაც. ხოლო ეს უკანასკნელი, საკუთარი მიუკერძოებლობის დასამტკიცებლად, იძულებული გახდა პროცესის ტრანსლირების შესახებ გადაწყვეტილება მიეღო და შეექმნა პრეცედენტი, რომლის საბოლოო შედეგსაც ვერავინ განჭვრეტს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG