Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი განრისხდა, მაგრამ ამით ბევრი არაფერი შეცვლილა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოში, საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, პოლიტიკური თერმომეტრის ნიშნული სულ უფრო მაღლა იწევს, რაც ადეკვატურად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზეც.

ამჟამად ეკონომიკა მთლიანად პოლიტიკური პროცესების მძევალი გახლავთ და აღარავისთვის არის საიდუმლო, რომ არჩევნებამდე დარჩენილი რამდენიმე თვეც სწორედ ამ ნიშნით ჩაივლის.

გასული კვირის პოლიტიკური სკანდალები საკანონმდებლო ხელისუფლებაში, ძირითადად, ეკონომიკური სარჩულით მიმდინარეობდა. ყბადაღებული მინიმალური ხელფასის თემა, ახალი საგადასახადო კოდექსი და თავისუფალი ეკონომიკური ზონების შესახებ კანონპროექტიც, რომელთა შესახებ, ღიად თუ კულუარებში, გაცხოველებული პოლიტიკური ვაჭრობა მიმდინარეობს, ამის ნათელი დადასტურებაა.

მინიმალური ხელფასის 115 ლართან გატოლების შესახებ შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებების 1 ივლისიდან ამოქმედების არარეალურობა და ამ აქციის წმინდა პოლიტიკური მნიშვნელობა გასულ კვირაში თავად "გაერთიანებული დემოკრატების ლიდერმა" ზურაბ ჟვანიამაც დაადასტურა. მიუხედავად ამისა, კვირის ბოლოს საპარლამენტო "თემატური უმრავლესობის" უსუსური მცდელობა 28 თებერვალს მიღებული შესწორება შრომის კანონში საკანონმდებლო ხელისუფლების ხელით გაებათილებინათ და პრეზიდენტი უხერხულ მდგომარეობაში არ ჩაეგდოთ, სრული კრახით დასრულდა.

მთავრობა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის 50 პროცენტით შესრულებასაც ვერ ახერხებს, ამ ვალდებულების მტვირთველი ნამდვილად ვერ არის. უფრო მეტიც, ხელისუფლებას, უსუსური საგადასახადო ადმინისტრირების გამო, იმ მინიმალური და სიმბოლური შემწეობების დარიგებაშიც სერიოზული პრობლემები შეექმნება, რომელთა უზრუნველყოფას გასულ წლებში არჩევნების წინ მაინც ახერხებდა. დღეს შექმნილი ვითარება კი სიტუაციის რამენაირად გამოსწორების არანაირ შანსს აღარ ტოვებს. სახელისუფლებო კრიზისი, რომელიც ქართული პოლიტიკური ცხოვრების თანამდევი პროცესი გახდა, უკიდურესად მწვავე ფაზაში შედის.

გასულ კვირაში ფრაქცია "ახალი მემარჯვენეების" ლიდერმა დავით გამყრელიძემ, ქვეყანაში შექმნილი საბიუჯეტო პრობლემების გამო, პრეზიდენტ შევარდნაძეს უმოკლეს ვადაში სახელმწიფო მინისტრის, მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და ძალოვანი მინისტრების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მოსთხოვა.
ამასთან, "მემარჯვენეების" ლიდერმა სხვა შემთხვევაში ამ პასუხისმგებლობის პრეზიდენტისათვის დაკისრება იწინასწარმეტყველა.

საინტერესოა, რომ დავით გამყრელიძე უმრავლესობას ბიუჯეტის სეკვესტრის მხარდაჭერას ჰპირდება, თუკი მისი წინადადებები გათვალისწინებული იქნება.

გამყრელიძის თქმით, სეკვესტრი არის ერთადერთი გამოსავალი ამ ბიუჯეტის გამოსწორებისა და დეფოლტის თავიდან აცილებისათვის. ახალი მემარჯვენეების ლიდერს მიაჩნია, რომ მისთვის, როგორც პოლიტიკოსისათვის, ეს წინადადება წამგებიანია, მაგრამ იგი მზად არის მხარი დაუჭიროს სეკვესტრს, რადგან არჩევნები უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე ქვეყანა. გამყრელიძის თქმით, არავინ აქცევს ყურადღებას იმას, რომ გასული წელი 130 მილიონიანი გარღვევით დასრულდა, ხოლო წელს იანვარ-თებერვალში გარღვევამ 30 მილიონ ლარს გადააჭარბა.

იქმნება უცნაური სიტუაცია, როდესაც ბიუჯეტის კორექტირების მეტისმეტად არაპოპულარული წინადადებით გამოდის ოპოზიციური ფრაქციის ლიდერი, ხოლო სახელისუფლებო წრეები უკვე აშკარად ჩავარდნილი ბიუჯეტის სეკვესტრის თაობაზე კრინტსაც არ ძრავენ და პირველი კვარტალის დასრულებას ელოდებიან. ვერ გეტყვით, რომელი ეკონომიკური სასწაულის სჯერა მთავრობას ან მის საკანონმდებლო გუნდს, მაგრამ სახელმწიფო ბიუჯეტის კანონი რომ აუცილებლად დაირღვევა, ამაში ეჭვი აღარავის ეპარება.

თუ წინა წლებში სეკვესტრი, მართალია, მტკივნეული, მაგრამ ჩვეული პროცედურა გახლდათ, წელს წლის დასაწყისში ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვითი ნაწილის მოკვეცას განსაკუთრებული რეზონანსი მოჰყვება. ერთი მხრივ, მთავრობას უაღრესად ეჩოთირება არჩევნების წინ ამ პრეცედენტის შექმნა, მაგრამ, მეორე მხრივ, კორექტირების გარეშე თავად ქვეყანა აღმოჩნდება უმძიმეს მდგომარეობაში და დეფოლტის საფრთხე სავსებით რეალური გახდება.

გასულ თვეში, თბილისში საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვიზიტის მსვლელობისას, ემისრებმა იმთავითვე ეჭვის ქვეშ დააყენეს სახელმწიფო ბიუჯეტის პარამეტრები და ქვეყნის ძირითად ეკონომიკურ კანონში მინიმუმ 110 მილიონი ლარის გარღვევის პერსპექტივა შენიშნეს. დაახლოებით ამ ოდენობის სეკვესტრის რეკომენდაცია ვიზიტის ბოლოს ფონდის მემორანდუმშიც დაფიქსირდა. ეს რეკომენდაცია, სხვა რამდენიმე საკითხთან ერთად, ერთ-ერთი მთავარი პირობა გახლავთ ამ საერთაშორისო ინსტიტუტთან კონსტრუქციული თანამშრომლობის გასაგრძელებლად. თუ მთავრობა ფონდის პირობებს არ შეასრულებს, ფონდი პარის კლუბში კრედიტორებთან მოლაპარაკებაში საქართველოს პარტნიორად არ გამოვა, რაც ავტომატურად ვალების რესტუქტურიზაციაზე უარს და, შესაბამისად, ქვეყნის გადახდისუუნაროდ გამოცხადებას ნიშნავს.

სავალუტო ფონდის რეკომენდაციების შესრულების შესახებ სახელმწიფო მინისტრის მოადგილის გიორგი ისაკაძის მიერ მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ მოხსენებას აღმასრულებელ ხელისუფლებაში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა, ხოლო პრეზიდენტმა თავისი მთავრობით აღშფოთება არ დამალა და არც "ჯანდაბაში" წასასვლელი გზა დაუშურებია მისთვის. თუმცა "აბობოქრებული" შევარდნაძე ბოლო პერიოდში არაერთხელ გვინახავს, ხოლო მისი მუქარები, როგორც ჩანს, დიდი ვერაფერი საფრთხობელაა აღმასრულებელი ხელისუფლების "მაღალ გვამთათვის".

ფონდის მისიის დასრულებიდან ორი კვირის თავზე მთავრობას არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს რეკომენდაციების შესასრულებლად. კვლავ უკიდურესად დაბალია საგადასახადო შემოსავლების ადმინისტრირების დონე, აქციზური საქონელი ისევ კონტრაბანდულია, არ გამოცხადებულა ტენდერი საერთაშორისო აუდიტის გამოსავლენად, რომ სამი უმსხვილესი სახელმწიფო საწარმოს საქმიანობა შემოწმებულიყო, არ არის მიღებული "საბიუჯეტო სისტემების შესახებ", ასევე "ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" კანონები და არაფერია გამოკვეთილი საგადასახადო კოდექსის გამარტივების კუთხით, - ამასთან, საფიქრებელია, რომ, დამღლელი პოლიტიკური კონიუნქტურისა და სრული პარალიზების პირობებში, პარლამენტი ამ კანონმდებლობისათვის კიდევ კარგა ხანს ვერ მოიცლის. ტრადიციულად, შეუსრულებელია ფონდის რეკომენდაციები ენერგეტიკის სფეროში. არ გაუმჯობესებულა მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის მაჩვენებელი, რომელიც, რეკომენდებული 70 პროცენტის ნაცვლად, 34 პროცენტის დონეზე რჩება.

განრისხებული პრეზიდენტი მთავრობის სხდომაზე აცხადებს, რომ აღარ აპირებს მთავრობისათვის ფონდის რეკომენდაციების შეუსრულებლობის პატიებას, რადგან სწორედ ამ რეკომენდაციების შესრულებაზეა დამოკიდებული"საქართველოს ბედი". შევარდნაძე პირობის დამრღვევ და "ორ სკამზე მჯდომ და აქეთ-იქით მაცქერალ მინისტრებს" არჩევნების წინა დღეს გათავისუფლებით დაემუქრა. თუ რამდენად რეალურია პრეზიდენტის ეს მუქარა და რამდენად ქმედითია ქვეყნის პირველი პირის შენიშვნები, ამას უკვე მარტის ბოლოს ვნახავთ, მანამდე კი, მომავალ კვირაში, მინიმალური ხელფასის თაობაზე პოლიტიკური დებატებისა და საპარლამენტო შოუს მორიგი რაუნდი გველის.
XS
SM
MD
LG