Accessibility links

logo-print

მოკავშირეთა ქვეითი ჯარი ერაყის დედაქალაქისკენ ორ ფრონტზე მიიწევს


ერაყიდან მიღებული ცნობების თანახმად, მოკავშირეთა ქვეითი ჯარი განაგრძობს ბაღდადისკენ სვლას. თანაც, წინსვლა ერთბაშად ორ ფრონტზე შეინიშნება. აშშ-ის საზღვაო ქვეითი ჯარის ნაწილებმა

აღმოსავლეთ ერაყში მდინარე ტიგროსი გადალახეს და ახლა ბაღდადისკენ მიმავალ საავტომობილო გზას აკონტროლებენ. წინსვლის შესახებ იტყობინებიან ცენტრალური ერაყის ქალაქ ქარბალიდანაც, რომელიც ბაღდადიდან 80 კილომეტრით არის დაშორებული.

ტიგროსის გადალახვის ფაქტი დაადასტურა აშშ-ის შეიარაღებული ძალების ბრიგადის გენერალმა ვინსენტ ბრუკსმა. კატარის დედაქალაქ დოჰაში, მოკავშირეთა ჯარების სამეთაურო ცენტრში გამოსვლისას, გენერალმა დასძინა, რომ ამერიკელთა სამხედრო შენართებმა გაანადგურეს ერაყის რესპუბლიკური გვარდიის ბაღდადის დივიზია.

[ვინსენტ ბრუკსის ხმა] "საზღვაო ქვეითი ჯარის სწრაფი მოქმედების პირველმა შენაერთმა ქალაქ ალ-ქუთთან იერიში მიიტანა ერაყის რესპუბლიკური გვარდიის ბაღდადის დივიზიაზე და შემდეგ მდინარე ტიგროსი გადალახა. ბაღდადის დივიზია განადგურებულ იქნა."

ქუთიდან დასავლეთით ამერიკელმა ჯარისკაცებმა ალყაში მოაქციეს ქალაქი ქარბალა და ახლა მდინარე ევფრატის გადასალახად ემზადებიან. ევფრატი უკანასკნელი ბუნებრივი ზღუდეა, რომელიც კოალიციის ჯარებს ბაღდადისგან აშორებს.

ასეთ ვითარებაში ბუნებრივია, რომ ერაყელები თავიანთი დედაქალაქის დასაცავად ემზადებიან. ოფიციალური პირები გამუდმებით იმეორებენ, რომ ბაღდადის მისადგომებთან შეუპოვარ წინააღმდეგობას გაუწევენ მტერს. აი, რა თქვა სამშაბათს ერაყის თავდაცვის მინისტრმა სულთან ჰაშიმ აჰმედმა:

[სულთან ჰაშიმ აჰმედის ხმა] "მტერს მოეპოვება ინფორმაცია ჩვენი პოზიციების, ჩვენი ბაზების შესახებ; განსაკუთრებით ახლა, ორკვირიანი ბრძოლების შემდეგ. ამიტომ მტერმა ისიც კარგად უწყის, რომ როცა კი ბაღდადთან მიახლოებას ეცდება, ეს ძალიან ძვირად დაუჯდება."

ომის პირველ დღეებში კოალიციის ქვეითი ჯარი საკმაოდ სწრაფად მიიწევდა ბაღდადისკენ, მაგრამ თანდათან მისი მოძრაობის ტემპი შენელდა: მოკავშირეები მედგარ წინააღმდეგობას წააწყდნენ ერაყის არმიისა და რესპუბლიკური გვარდიის მხრიდან. ლონდონის სამხედრო კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ჯონ გარნეტი კოალიციის სამხედრო სტრატეგიას ასე ახასიათებს:

[ჯონ გარნეტის ხმა] "ძირითადი სტრატეგია ასეთი იყო: ნუ შეხვალ ქალაქში და თავი აარიდე ხელჩართულ შეტაკებებს, თითოეული სახლისთვის ბრძოლას, რადგან ეს დიდძალ ნგრევასა და მსხვერპლს იწვევს, და სვლა განაგრძე. მაგრამ ასეთი ტაქტიკის არჩევისას საფრთხე გექმნება სნაიპერებისა და ქალაქში გამაგრებული რაზმების მხრიდან."

გარნეტის აზრით, კოალიციის ჯარი ჯერ არც საკმარისად ძლიერია და არც საკმარისად მრავალრიცხოვანი საიმისოდ, რომ ბაღდადი აიღოს. იგი ვარაუდობს, რომ მოკავშირეები დაახლოებით ერთ კვირას დაიცდიან და ბაღდადზე გადამწყვეტ იერიშს მხოლოდ მას შემდეგ დაიწყებენ, რაც მათ ასი ათასამდე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაემატებათ.

აშშ-ის შეიარაღებული ძალების მესამე ქვეითი დივიზიის მეორე საბრძოლო ბრიგადასთან ერთად ბაღდადს უახლოვდება რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტი რონ სინოვიცი. როგორც რონმა სატელეფონო საუბარში გვითხრა, იგი ახლა ქარბალასთან იმყოფება.

[სინოვიცის ხმა] "ამჟამად ქალაქ ქარბალის მახლობლად მდებარე ერთ-ერთ რაიონში ვიმყოფებით. ბოლო ექვსი დღის მანძილზე მოწმე ვიყავი განუწყვეტელი საჰაერო იერიშებისა, სარაკეტო და საარტილერიო დარტყმებისა ერაყის რესპუბლიკური გვარდიის პოზიციებზე ქალაქ ქარბალის მიდამოებში - როგორც დასავლეთით, ისე აღმოსავლეთით. ახლა ამერიკის ძალები ჩრდილოეთისკენ, ბაღდადისკენ მიიწევენ."

ცხადია, გვაინტერესებდა, რამდენად მართალია გავრცელებული ცნობები, რომელთა თანახმად, მოკავშირეთა ავიაციის დარტყმებმა მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენეს ერაყის არმიასა და სხვადასხვა სამხედრო თუ საკომუნიკაციო ობიექტებს. რონ სინოვიცმა ეს ინფორმაცია დაგვიდასტურა.

[სინოვიცის ხმა] "იმ წესების თანახმად, რომლის შესრულებაზეც დავთანხმდი, როგორც აშშ-ის სამხედრო შენაერთებზე მიმაგრებული რეპორტიორი, უფლება არა მაქვს, ზუსტად აღვწერო, რა ზარალი მიაყენა ერაყის რესპუბლიკურ არმიას საჰაერო იერიშებმა. მაგრამ რისი თქმაც დაბეჯითებით შემიძლია, ის არის, რომ საჰაერო შეტევა უაღრესად ინტენსიური იყო და ერაყს ძალიან, ძალიან დიდი ზარალი მიადგა. ეს უდავოდ ძალას მატებს ბაღდადისკენ მიმავალ ქვეით ჯარს."

შეგახსენებთ, რომ ეს იყო რადიო "თავისუფლების" სპეციალური კორესპონდენტი რონ სინოვიცი.
XS
SM
MD
LG