Accessibility links

logo-print

ელის თუ არა საქართველოს დამატებითი დახმარება ამერიკიდან


დავით პაიჭაძე, თბილისი 1 აპრილს რუსეთის ელექტრონულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ფინანსურად დაეხმარება იმ ქვეყნებს, რომლებმაც ერაყში სამხედრო ოპერაციას სრული

მხარდაჭერა გამოუცხადეს. ამერიკა თანამოაზრეებს 8 მილიარდ დოლარს გაუნაწილებს - იუწყებოდა რუსული ინტერნეტ-გამოცემა "გაზეტა.რუ". იმის დასაზუსტებლად, თუ რამდენად შეესაბამება სიმართლეს ეს ცნობა საქართველოს მიმართ, ინტერვიუ ვთხოვე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში რიჩარდ მაილსს.

გაუწევს თუ არა ამერიკა ფინანსურ დახმარებას საქართველოს მაშინ, როცა ეს უკანასკნელი, 40-ზე მეტი სხვა ქვეყნის დარად, მხარდაჭერას უცხადებს სამხედრო კამპანიას ერაყში? შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, რიჩარდ მაილსი, კითხვას ასე უპასუხებს [რიჩარდ მაილსის ხმა]: "ჩვენ არაპროპორციულად დიდი ოდენობის დახმარებას ვუწევთ საქართველოს. დახმარების სახით, საქართველოს ჩვენ, დაახლოებით, ას მილიონ დოლარს ვაწვდით ყოველ წელს. ამას ემატება 64 მილიონი დოლარი წვრთნისა და აღჭურვის პროგრამისათვის, რაც 21 თვეზეა გათვლილი. ნება მომეცით, განვმარტო, რას ვგულისხმობ არაპროპორციულად დიდ დახმარებაში: საქართველოს მოსახლეობა, დაახლოებით, 4,5 მილიონია. მე ვიყავი ელჩი ბულგარეთში, რომელიც ასევე გარდამავალ პერიოდში იმყოფება და აქვს პრობლემები. ამ ქვეყანას 8 მილიონი მოსახლე ჰყავს, საქართველოზე თითქმის ორჯერ მეტი. ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ბულგარეთისთვის გაწეული ეკონომიკური და სამხედრო დახმარება ყოველწლიურად 50 მილიონი დოლარის ტოლია. საქართველოსა და ბულგარეთის მოსახლეობას თუ შევადარებთ, საქართველოსთვის გაწეული დახმარება 3-ჯერ მეტი იქნება. ჩვენ შევეცდებით, დახმარების ეს დონე შევინარჩუნოთ. მომავალ ფისკალურ წელს შეიძლება დახმარება ცოტა შემცირდეს. ჩვენი ბიუჯეტიც შეზღუდულია. ავღანეთში ომის შემდგომ პროცესებზე საკმაოდ დიდი თანხა დაიხარჯა, ასევე დიდძალი თანხა დასჭირდება ერაყში ომის შემდგომ პროცესებს. მაგრამ ჩვენ შევეცდებით, შევინარჩუნოთ ან ცოტა ავამაღლოთ კიდეც საქართველოსთვის გასაწევი დახმარების არსებული დონე. ამ თვალსაზრისით, ძალიან ბევრი რამ დამოკიდებულია საქართველოს ხელისუფლებასა და ხალხზე, რათა დახმარება ზუსტად და მიზნობრივად დაიხარჯოს სპეციალური პროგრამების შესასრულებლად. ეს მთავარი კრიტერიუმი გახლავთ. ამ თემაზე ლაპარაკი ვრცლადაც შემიძლია, მაგრამ მოკლედ გეტყვით - ზოგ სფეროში მნიშვნელოვანი პროგრესია, ზოგში კი - არა".

ინტერვიუს დროს ჩვენ შევეხეთ რუსეთის პრეზიდენტის ამასწინანდელ განცხადებას, რომ რუსეთი არ არის დაინტერესებული ამერიკის მარცხით ერაყის ომში და, ამავე დროს, რუსი პოლიტიკოსების მწვავე ნეგატიურ რეაქციას საქართველოს პარლამენტის მიერ ამერიკელ სამხედროებთან დაკავშირებული შეთანხმების რატიფიკაციაზე. პასუხად შეერთებული შტატების ელჩმა ეს განმიცხადა: [რიჩარდ მაილსის ხმა]: "რუსეთის ხელმძღვანელთა განცხადებებს ვერ გავაანალიზებ. მიმაჩნია, რომ პრეზიდენტ პუტინს ამ საკითხის ბრძნული და აწონილ-დაწონილი გაგება აქვს. ნაკლებ მაინტერესებს, რა განცხადებებს აკეთებენ პრეზიდენტ პუტინის ხელქვეითები ან რა ხმაურია რუსეთის დუმაში. ვფიქრობ, საკმაოდ უცნაურია, როცა ერთი ქვეყნის პარლამენტი განიხილავს მეორე ქვეყნის პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას".
XS
SM
MD
LG