Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის ძალებმა ქალაქი ბასრა აიღეს


ანდრო ეული, პრაღა ორშაბათს, 7 აპრილს, ბრიტანეთის ძალებმა ერაყის სიდიდით მეორე ქალაქი, ბასრა აიღეს. ამდენად, დამთავრდა ქალაქის ორკვირიანი ალყა. მართალია, ბაათის პარტიის ცალკეული წევრები და მომხრეები ჯერ

კიდევ განაგრძობენ წინააღმდეგობას, ქუჩებში გამოსული ასობით მოქალაქე ბრიტანელ ჯარისკაცებს შეეგება. ბასრაში იმყოფება რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტი ჩარლზ რეკნაგელი.

[ჩარლზ რეკნაგელის ხმა]: "ბრიტანელ ჯარისკაცებს ერთობ თბილად შეხვდნენ აქ, ბასრაში. ქალაქში დღეს დილით ჩამოსულ ჟურნალისტებს ბრიტანელთა არაერთი საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლა მოგვიხდა. ჯარიკაცები გამოსული არიან თავიანთი ტანკებიდან. ზოგიერთი მათგანი შემოკრებილ ხალხს ებაასება. რამდენიმე ტანკზე ყვავილების თაიგულები დავინახეთ, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მოსული ხალხი მართლაც კეთილადაა განწყობილი ჯარისკაცებისადმი"- მოგვითხრობს ჩარლზ რეკნაგელი.

არავინ მოელოდა, რომ ბასრაში შესულ ბრიტანელ ჯარისკაცებს, ორშაბათს, ესოდენ უმნიშვნელო წინააღმდეგობას გაუწევდნენ ერაყელები, და რომ დღის ბოლოს ეს ქალაქი მთლიანად ბრიტანელთა კონტროლქვეშ მოექცეოდა, ხოლო მოსახლეობა ასე გულთბილად შეხვდებოდა ჯარისკაცებს.

ბაათის პარტიის ერთგულმა ერთმა მედდამ იმ თანამემამულეების გაჩუმება სცადა, რომლებიც კორესპონდენტებს ეუბნებოდნენ, სადამ ჰუსეინის რეჟიმი დამხობის ღირსიაო.

ბრიტანელმა ჯარისკაცებმა ანგარიში გაუწიეს მოსახლეობის თხოვნას, ქალაქში შეწყვეტილიყო ძარცვა-გლეჯა, რამაც საყოველთაო ხასიათი მიიღო ორშაბათს, როცა ბასრაში ბრიტანეთის ჯარი შევიდა.

სამშაბათს, როგორც ჩარლზ რეკნაგელი იუწყება, ბასრაში ცალკეულმა მაღაზიებმა ვაჭრობა განაახლეს და ცხოვრება ნორმალურ კალაპოტს უბრუნდება. ბრიტანელმა ჯარისკაცებმა დაიკავეს ქალაქის ცენტრალური საავადმყოფო, აგრეთვე ისლამურ საქმეთა სამინისტრო, რომელიც ორშაბათს ცეცხლის ალში იყო გახვეული და იძარცვებოდა.

რაც შეეხება ქალაქის ინფრასტრუქტურას ორკვირიანი ბრძოლების შედეგად იგი თითქმის ხელუხლებელი დარჩა. განადგურებულია მხოლოდ იარაღის საწყობები, საარტილერიო ქვემეხები და ტანკები, რაც შვეულმფრენებიდან დაინახეს ბრიტანელმა ჯარისკაცებმა და რაკეტები ესროლეს. ხოლო შენობებს უმნიშვნელო ზიანი მიადგა.

ჩარლზ რეკნაგელი იმასაც გვატყობინებს, რომ ბასრაში ჯერაც არ დაწყებულა ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება. სამაგიეროდ, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ძალისხმევით, აღდგენილ იქნა გასული კვირის ბოლოს დაზიანებული წყალმომარაგების სისტემა.
XS
SM
MD
LG