Accessibility links

logo-print

"წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამა მეოთხე ფაზას მიუახლოვდა - საჩხერის მეთექვსმეტე სამთო-მსროლელი ბატალიონის საზეიმო გამოშვება რესპუბლიკის მოედანზე


10 მაისს საზეიმო სამხედრო აღლუმით აღინიშნა ქართულ-ამერიკული "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამის ფარგლებში საჩხერის მეთექვსმეტე სამთო-მსროლელი ბატალიონის ოფიცერთა

და ჯარისკაცთა 3 თვიანი წვრთნის წარმატებით დასრულება. ამ უკანასკნელთ ამერიკელმა ინსტრუქტორებმა 9 მაისს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცეს. შაბათს რესპუბლიკის მოედანზე გამართულ საზეიმო ცერემონიაზე მეთექვსმეტე სამთო-მსროლელი ბატალიონის ჯარისკაცებმა ღვთისა და პრეზიდენტის წინაშე სამშობლოსადმი ერთგულების ფიცი დადეს.

[საჩხერის ბატალიონის მეთაურის ხმა] "ვფიცავთ, ყველგან და ყოველთვის სიცოცხლის უკანასკნელ წვეთამდე დავიცვათ სამშობლოს ღირსება!"

საჩხერის მეთექვსმეტე სამთო-მსროლელი ბატალიონი ამიერიდან მზად არის წარმატებით გაართვას თავი დღის შეტევებს თუ ღამის თავდაცვით ოპერაციებს. ამ ბატალიონის ოფიცრებისა და ჯარისკაცების მომზადებას ამერიკელმა ინსტრუქტორებმა მაღალი შეფასება მისცეს; უფრო მეტიც, მეთექვსმეტე ბატალიონის ჯარისკაცებმა და ოფიცრებმა ამერიკელი ინსტრუქტორები დაარწმუნეს, რომ საქართველოში მეომრის სულია.
ამ ბატალიონმა, რომელიც 13 წლის წინ იმერეთის სადროშო ბატალიონის სახელით ჩამოყალიბდა და რომლის შექმნაც ბესიკ ქუთათელაძის სახელს უკავშირდება, "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამის ფარგლებში მომზადება 3 თვის წინ კრწანისის სასწავლო ცენტრში დაიწყო. მომზადების დასრულების შემდეგ ბატალიონის შემადგენლობას, საქართველოს პრეზიდენტს და შაბათს რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ მთელ საზოგადოებას ამერიკელი საზღვაო ფეხოსნების მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა კემბელმა ამ სიტყვებით მიმართა:

[ვიცე-პოლკოვნიკ კემბელის ხმა] " ჩვენ აქ შეგვხვდა არა მხოლოდ მკაცრი ზამთარი, უამინდობა და ცხოვრების სასტიკი პირობები, არამედ წარმატება და სიხარულიც გავიზიარეთ. ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობა გასაოცარია. თქვენი ხალხი გაშლილი ხელებით შეგვხდა და ქართულ ტრადიციებს გვაზიარა. შინ დაბრუნებულებს სასიამოვნო მოგონებები გაგვყვება. ეს ფაზა დასრულდა, თუმცა პროგრამა გრძელდება და წინ კიდევ ბევრი სირთულეებია. "

"წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამის მომდევნო ფაზის დაწყების საზეიმო ცერემონია 24 მაისს დავით აღმაშენებლის სახელობის სამხედრო აკადემიაში გაიმართება. ამ ეტაპზე წვრთნას მეთერთმეტე ბრიგადის ასმეთერთმეტე ბატალიონის ჯარისკაცები გაივლიან, რისთვისაც ამერიკელი ინსტრუქტორები თბილისს რამდენიმე დღეში ეწვევიან. "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამა არის ერთ-ერთი სერიოზული საშუალება საქართველოს არმიის მაღალპროფესიულ არმიად ჩამოყალიბების გზაზე, გზაზე, რომელიც საქართველოს სტარატეგიულ მიზანთან, ნატოში მის გაწევრიანებასთან, მისაახლოებელ გზად უნდა წარმოვიდგინოთ. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა საზეიმო აღლუმზე გამოსვლისას აღნიშნა:

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] "მოკლე დროში, ძალიან მოკლე დროში უნდა შევძლოთ ჩვენი შეიარაღებული ძალების მომზადება ნატოს სტანდარტების შესაბამისად. ეს ურთულესი ამოცანაა, მაგრამ მის გადაჭრაში აქტიურად გვეხმარებიან ჩვენი მეგობრები. ამ მხრივ, მართლაც, გამორჩეულია ამერიკის შეერთებული შტატების ძალისხმევა. "

საჩხერის მეთექვსმეტე ბატალიონი მუდმივი დისლოკაციის ადგილს, საჩხერის რაიონს, უახლოეს დღეებში დაუბრუნდება.
XS
SM
MD
LG