Accessibility links

logo-print

რა პერსპექტივები აქვს სუუამს


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 24 მაისს თბილისში გაიმართა სუუამის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელზეც ხელი მოეწერა კომუნიკეს უსაფრთხოების ერთიანი სისტემის შექმნისა და

ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესახებ. შეხვედრის შემდეგ მინისტრებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ ეს რეგიონალური ორგანიზაცია არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული და რომ ის ღიაა მასში გაწევრიანების ნებისმიერი მსურველისთვის. რამდენად ამართლებს სუუამი მისი დამფუძნებლების იმედებს?

განცხადება, რომ სუუამი არავის წინააღმდეგ მიმართული ორგანიზაცია არ არის, კეთდება 1997 წლიდან, როცა ამ რეგიონალურ გაერთიანებას სუამი ერქვა და მისი დამფუძნებლები იყვნენ: საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი და მოლდოვა. 1999 წლის 24 აპრილს, ვაშინგტონში გამართული ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს ფარგლებში გამართული სუამის წევრი სახელმწიფოების პრეზიდენტებისა და უზბეკეთის პირველი პირის შეხვედრის შემდეგ, გაერთიანებას ეს უკანასკნელიც შეუერთდა და ორგანიზაციასაც სუუამი ეწოდა.
სუუამის იდეის გახმოვანების დღიდან, ეს რეგიონალური ორგანიზაცია რუსეთის განსაკუთრებულ გაღიზიანებას იწვევდა. შესაბამისად, კრემლს განსაკუთრებულ სიამოვნებას ჰგვრიდა სუუამის "გარდაცვალების" შესახებ გავრცელებული ხმები, რაც ხან მოლდოვაში კომუნისტი პრეზიდენტის გამარჯვების ფაქტით იკვებებოდა, ხანაც უზბეკეთის გადაწყვეტილებით, შეეჩერებინა თავისი წევრობა სუუამში. თუმცა ეს ხმები გადაჭარბებული აღმოჩნდა: ამ რეგიონალური ორგანიზაციის მიმართ ინტერესი დღითიდღე იზრდება. სულ რაღაც ერთი თვის წინ საქართველოს პრეზიდენტი ასეთ პროგნოზს აკეთებდა:
[ ედუარდ შევარდნაძის ხმა] " სუუამს აქვს მომავალი. რომელი სახელმწიფოები შეიძლება შემოუერთდნენ, - შეიძლება ეს იყოს ცენტრალური აზიის სახელმწიფოები, შეიძლება იყოს ბალკანეთის ქვეყნები, - ახლა ძალიან ძნელია წინასწარ ამის თქმა, მაგრამ მე მჯერა, რომ ის პრინციპები, რომლებიც უკვე ჩამოყალიბებულია, მიმზიდველია ბევრი ქვეყნისთვის."
სუუამის ბევრი ქვეყნისთვის მიმზიდველობის დასტურია თუნდაც ის ფაქტი, რომ ერთი წლის წინ იალტაში გამართულ სუუამის სამიტს სტუმრისა და დამკვირვებლის სტატუსით ესწრებოდნენ: ბულგარეთის, საბერძნეთის, ირანის, პოლონეთის, რუმინეთის, სლოვენიის, თურქეთისა და აშშ-ის წარმომადგენლები. ვაშინგტონის ინტერესი სავსებით ლოგიკურია, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ ვაშინგტონი არ მალავს, რომ პოსტსაბჭოთა სივრცის ამ მონაკვეთზე მას თავისი სტრატეგიული ინტერესი აქვს. შესაბამისად, უკვე გაფორმებულია თანამშრომლობის ხელშეკრულება სუუამსა და აშშ-ს შორის.
და მაინც, რამდენად ეწინააღმდეგება სუუამი რუსეთის ინტერესებს? - თუ გავითვალისწინებთ, რომ სუუამის ძირითადი მიზანი ენერგომატარებლების ტრანზიტსა და სატრანსპორტო მაგისტრალების შექმნას გულისხმობს, ნამდვილად ეწინააღმდეგება. რუსეთი კარგავს თავის ფუნქციას, იქნება ეს ნავთობის ევროპისთვის მიწოდება თუ ტვირთის გადატანა. ბოლო ჩანაფიქრით, გაზი პოლონეთს და შემდგომ - ევროპას სწორედ სუუამის სახელმწიფოებზე გამავალი გაზსადენით მიეწოდოს, - ძალზე საეჭვოა, კრემლი აღფრთოვანებული დარჩეს. მით უფრო, რომ სუუამის წევრები კვლავ ოპტიმიზმით არიან გამსჭვალულნი ამ რეგიონალური ორგანიზაციის მომავალთან დაკავშირებით: 24 მაისს გამართულ სუუამის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში სხვებთან ერთად უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც მონაწილეობდა. შეხვედრას დამკვირვებლის რანგში დაესწრო ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ლინ პასკო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვაშინგტონი სუუამის წევრ სახელმწიფოებს სასაზღვრო ინფრაქსტრუქტურის გაუმჯობესებისთვის 46 მილიონ დოლარს გამოუყოფს.
სუუამის სამიტი კი ივლისის დასაწყისში კვლავ იალტაში გაიმართება. წესით, ამ რეგიონალური გაერთიანების თავმჯდომარე ერთი წლის ვადით საქართველო გახდება.
XS
SM
MD
LG