Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საარჩევნო სიებზე მუშაობის პირველი ეტაპი დასრულდა


ამომრჩეველთა სიებზე მომუშავე სპეციალურმა კომისიამ ამ დღეებში საქმიანობის პირველი ეტაპი დაასრულა. შეიქმნა 100 000 გვერდიანი წიგნი, რომელშიც პერსონალურად ჩაიწერა საარჩევნო ასაკის

თითოეული მოქალაქის გვარი. გასაგები მიზეზების გამო, აღნიშნულ სიებს სიზუსტის პრეტენზია არ აქვს და იგი კვლავაც ექვემდებარება შესწორებასა და მონიტორინგს. სიების შედგენის ტექნიკური სამუშაო, ადგილობრივი გამგეობების დახმარებით, მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფებმა შეასრულეს. ამ სამუშაოს თავისებურება სწორედ ის იყო, რომ საგანგებოდ შექმნილი 1000-მდე მობილური ჯგუფი კარდაკარ ამოწმებდა მოქალაქეთა რეგისტრაციის მონაცემებს. შესაბამისად, ოფიციალური ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სიების მოსამზადებლად საკუთარი სპეცსახსრებიდან 400 000 ლარი დახარჯა. პრეზიდენტის ბრძანებულებით, დანახარჯის საკომპენსაციოდ სახელმწიფო სარეზერვო ფონდმა სამინისტროს ანგარიშზე 180 000 ლარი უნდა გადარიცხოს.

დავიწყოთ იმით, რომ საარჩევნო სიებზე მომუშავე პოლიციის მობილური ჯგუფი ჩემს ოჯახში არ მოსულა. ოფიციალური ინფორმაციით, მთლიანად საქართველოში პოლიციამ 3 200 000 ამომრჩეველი აღრიცხა, რაც 100 000-ით მეტია, ვიდრე 1999 წლის საპარალმენტო არჩევნების დროს. მართალია, აღნიშნული საბაზისო სიები უკვე ექვემდებარება მონიტორინგს და ყველა დაინტერესებული პირისა თუ ორგანიზაციისთვის გახსნილად ითვლება, მაგრამ მაინც მიზანშეწონილად მივიჩნიეთ მისი შედარება 2002 წლის 16-17 იანვრის აღწერის მონაცემებთან. კომენტარი საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს სოსო არჩვაძეს ვთხოვეთ.

[სოსო არჩვაძის ხმა] "მე შემიძლია გითხრათ, ჩვენი მონაცემებით რამდენი გამოდის 18 ან მეტი წლის მოსახლეობა საქართველოში. ჰოდა, რამდენი მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას ან რამდენს აქვს ხმის უფლება, ეს უკვე მეორე საკითხია. თანაც ჩვენ ამ ციფრს გაძლევთ აღწერის მდგომარეობით და არა არჩევნების დღის მდგომარეობით. მათ შორის განსხვავება 22 თვეა. ე.ი. დაახლოებით ჩვენთან არის, საქართველოში, - ახლავე გეტყვით, - 3 232 495 ამომრჩეველი - საარჩევნო ხმის ასაკის მქონე მოსახლეობა, მოსახლეობის აღწერის მიხედვით."

როგორც ვხედავთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აღრიცხული ამომრჩევლის რაოდენობა მცირედით განსხვავდება აღწერის მონაცემებისაგან. თუ გავითვალისწინებთ, რომ პოლიციის მიერ შედგენილ სიებში არ აღმოჩნდნენ საარჩევნო ხმის უფლების არმქონე მოქალაქეები, მაშინ ცდომილება პრაქტიკულად არც კი არსებობს. ამასვე ადასტურებს ნანა კაკაბაძე, ლიდერი მოქალაქეთა აღრიცხვის პროცესზე მეთვალყურე ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციისა - "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის". იგი ფიქრობს, რომ საქართველოში ერთადერთი სტრუქტურა, რომელიც სრულყოფილად შეძლებდა საარჩევნო ასაკის მოსახლეობის პირობით აღწერას, სწორედ პოლიციაა.

[ნანა კაკაბაძის ხმა] "ვისაც კი პირადობის მოწმობა ან პასპორტი აქვს, ესენი ყველანი აღრიცხულნი არიან პოლიციაში."

შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსთან და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან ერთად, კანონი აქამდეც ავალდებულებდა რეგისტრირებული საარჩევნო ასაკის მოქალაქეთა საბაზისო სიების წარდგენას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. სიახლე აქ მხოლოდ ისაა, რომ პოლიციამ უშუალოდ, პერსონალურად გადაამოწმა მონაცემები და საკმაოდ შრომატევადი სამუშაოც გასწია. ამის შემდეგი ეტაპი უკვე ამომრჩევლის ერთიანი კომპიუტერული ბაზის შექმნა და, რაც მთავარია, არჩევნების სამართლიანად ჩატარებაა. საბაზისო დონეზე მოქალაქეთა რეგისტრაციის უზრუნველყოფა პოლიციის პრეროგატივა იყო. ამ ეტაპზე პოლიციამ სტატისტიკოსის ფუნქცია არცთუ ურიგოდ შეასრულა, რაც, სხვათა შორის, ევროსაბჭოს გენერალური მდივნის წარმომადგენელმაც აღნიშნა. როგორ გამოიჩენს თავს პოლიცია უშუალოდ არჩევნებზე, სამომავლო საკითხია.
XS
SM
MD
LG