Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის კონსტიტუციის პირველი პროექტი - შიდაევროპულ უთანხმოებათა სარკე


ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის

ქვეყნებში ევროკავშირში გაწევრიანებაზე ჩატარებული რეფერენდუმების შედეგებმა რეალურობა შემატა ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივას. ევროკავშირის ისტორიაში ამ თავისთავად უმნიშვნელოვანეს პროცესს, გაფართოებას ვგულისხმობ, დაძაბულობას მატებს კიდევ ერთი პარალელური პროცესი - ევროკავშირის მომავალი კონსტიტუციის შემუშავება, რომლის პირველი პროექტის განხილვას ევროკავშირის ლიდერები 20 ივნისს საბერძნეთში შეუდგებიან. ყოველკვირეულ პროგრამაში "ახალი ევროპა" ნინო გელაშვილი მოგითხრობთ იმაზე, თუ რას მიაღწიეს 16 თვიანი მუშაობის შემდეგ ევროპის კონვენციის წევრებმა, რა დოკუმენტს წარადგენენ ისინი პარასკევის სამიტზე.

ევროპის კონვენციის 200-მა წევრმა თესალონიკის 20 ივნისის სამიტამდე სულ რაღაც ერთი კვირით ადრე შეძლო გარკევული შეთანხმების მიღწევა: კონვენციის პრეზიდენტმა ვალერი ჟისკარ დ ესტენმა მოახერხა ევროკავშირის კონსტიტუციის პირველ კომპრომისულ ვერსიაზე დაეთანხმებინა კონვენციის წევრები.

ჟისკარ დ'ესტენმა პროექტზე კენჭისყრის წინ განაცხადა:

[დ ესტენის ხმა]
"ჩვენ ვართ კონვენცია, რომელშიც ბევრი მხარე, ეროვნება, კულტურა და ისტორიაა წარმოდგენილი. ჩვენ ვალდებული ვიყავით მიგვეღწია კონსენსუსისთვის სხვადასხვაგვარი მოთხოვნებსა და მიდგომებს შორის. ეს კონსენსუსი არის ერთ-ერთი, რომელიც ნახსენებია თქვენს წინაშე არსებულ დოკუმენტში".

კონვენციაში დანიის წარმომადგენელმა ჰენინგ ქრისტოფერსენმა კენჭისყრის შემდეგ განაცხადა:

[ქრისტოფენსენის ხმა]
"ეს კონვენცია განსაკუთრებით წარმატებული იყო. არა იმიტომ, რომ ყოველი ჩვენგანი ეთანხმება ტექსტის ყველა მუხლს, სულაც არა. მაგრამ ეს ტექსტი არის სამართლიანი კომპრომისის ასახვა და წარმოადგენს ძალიან კარგ საფუძველს მომავალი მთავრობათაშორისი კონფერენციისთვის".

კონვენციის იტალიელმა წევრმა, იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ჯულიანო ამატომ კი ორაზროვნად განაცხადა, რომ ის ამაყობს "ახალშობილით", ასე უწოდა მან კონსტიტუციის პროექტს, "მაგრამ ჩვენ გოგო გვინდოდა და სინამდვილეში ბიჭი იშვაო".

კონსტიტუციის ახლანდელ ვერსიაში ევროკავშირის ამოცანა, მიზანი ასეა ჩამოყალიბებული "ევროპის ხალხები, რომლებიც ამაყობენ საკუთარი ეროვნული თვითმყოფადობითა და ისტორიით, მოწოდებული არიან გადალახონ ძველი, ისტორიული დაყოფა, დაშორიშორება და გაერთიანდნენ ისე, როგორც არასდროს საერთო მიზნის განხორციელებისთვის".

ზოგიერთი მიმომხილველი "მრავალფეროვნებაზე" დაფუძნებულ ერთიანობას ზებუნებრივ ამოცანად მიიჩნევს. მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს მრავალფეროვნება 10 ახალი წევრის შემატების შემდეგ კიდევ უფრო გაიზრდება და ევროკავშირში 450 მილიონი ადამიანი 21 ენაზე ილაპარაკებს.

კონსტიტუციის ტექსტზე მუშაობისას აზრთა სხვადასხვაობა წარმოიშვა ევროკავშირის მომავალ სახელწოდებაზე. იყო საუბარი "გაერთიანებულ ევროპაზე", "ევროპის გაერთიანებულ სახელმწიფოებზე", მაგრამ საბოლოოდ კონსტიტუციის პროექტში გაერთიანების ახლანდელი სახელწოდება - ევროკავშირი დარჩა.

კონვენციის ზოგიერთი დელეგატი ფიქრობდა, რომ ვალერი ჟისკარ დესტენმა მოახერხა პროექტში ხორცი შეესხა საფრანგეთის დიდი ხნის ოცნებისთვის - ევროკავშირის ერთიანი საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის შექმნისთვის. დელეგატები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირის კონსტიტუციის პროექტში ეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტის შემოღებაში აისახა. დოკუმენტში აღნიშნულია აგრეთვე, რომ წევრმა ქვეყნებმა მხარი უნდა დაუჭირონ და გამოავლინონ სოლიდარობა კავშირის ერთიანი პოლიტიკის მიმართ.
ევროკავშირის წევრი ზოგიერთი სახელმწიფოს ლიდერი ეჭვობს, რომ კონსტიტუციის პროექტი არის ნაწილი იმ გეგმის შესრულებისა, რომელიც ევროპის ზესახელმწიფოდ ჩამოყალიბებას გულისხმობს და რომ ის შეერთებულ შტატებს დაუპირისპირდება. ეს ეჭვები სამიოდე თვის წინ საფრანგეთის მიერ ერაყის მიმართ შეერთებული შტატების პოლიტიკის კრიტიკამაც განამტკიცა. ევროპის სულ ცოტა რვა ქვეყნის ლიდერი, მათ შორის დიდი ბრიტანეთის, ესპანეთისა და იტალიის პრემიერ-მინისტრები აცხადებენ, რომ ევროპის მომავლის მათეული ხედვა არ გულისხმობს ატლანტიკური ალიანსის რღვევას.

აზრთა განსხვავება და მრავალ საკითხზე შეუთანხმებლობა აისახა იმაში, რომ ევროკავშირის კონსტიტუციის პროექტი 400 მუხლისგან შედგება და 72 გვერდიანი დოკუმენტი გახლავთ. ერთ-ერთი მიმომხილველი შედარებისთვის შეერთებული შტატების პირველ კონსტიტუციას იხსენებს, რომელშიც მხოლოდ შვიდი მუხლი იყო.

ევროკავშირის კონსტიტუციაზე საბოლოო სიტყვას არა თესალონიკის სამიტის მონაწილეები, არამედ მთავრობათაშორისი კონფერენცია იტყვის, რომელიც ამ წლის ოქტომბერში იწყებს მუშაობას და ნახევარ წელიწადს გაგრძელდება.

კონსტიტუციის ამოქმედებას წლები დასჭირდება. არსებობს ერთი ასეთი თამამი მოსაზრებაც - თუკი კონსტიტუცია რეალურად იმუშავებს ევროკავშირი გადარჩება, თუ არა და ის დაიშლება.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG