Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში იარაღის შესახებ ახალი კანონი ამოქმედდა


საქართველოში 1 ივლისიდან ძალაში შევიდა კანონი, რომელიც ერთბაშად ცეცხლსასროლ იარაღთან დაკავშირებული რამდენიმე პრობლემის მოგვარებას - მათ შორის, იარაღის ბრუნვის,

მათი რეგისტრაციისა და ტარების უფლების რეგულირებას - ითვალისწინებს. კანონი ერთმნიშვნელოვნად კრძალავს რამდენიმე კატეგორიის ცივი იარაღის ტარებასაც. იმ ფონზე, როდესაც ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის გამოყენების შედეგად საქართველოში ყოველწლიურად ორასამდე ადამიანი იღუპება, იარაღის იმპორტის, წარმოებისა და რეგისტრაციის სფეროში შექმნილი ქაოსის აღკვეთის მცდელობა ძალზე დროულია. თუმცა ოპტიმისტური პროგნოზებისგან ყველა მოხელე თავს იკავებს, რადგან საქართველოში კანონთა უმრავლესობა, როგორც წესი, არ მოქმედებს.


საქართველოში ცეცხლსასროლი იარაღი არ იწარმოება, მაგრამ ვისაც არ უნდა ჰკითხოთ, ყველა გეტყვით, რომ იარაღს თითქმის ყველა მესამე მოქალაქე ფლობს. უფრო სასტიკია ოფიციალური სტატისტიკა: საქართველოში ყოველწლიურად 100 ადამიანი იღუპება ცეცხლსასროლი იარაღით და ერთი ამდენი - ე.წ. ცივი იარაღით. მხოლოდ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით თბილისში რამდენიმე გახმაურებული მკვლელობა მოხდა: დეპუტატ იური ჩიხრაძის შვილი სადარბაზოსთან გამოასალმეს სიცოცხლეს, ორი დღის წინ გაძარცვის მიზნით მანქანაში ჩაცხრილეს ერთ-ერთი სამარშრუტო ტაქსის მძღოლი, 30 ივნისს კრიმინალური გარჩევა, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, იყო თბილისის ცენტრში, თანაც 21 წლის ახალგაზრდები პირდაპირ მანქანებიდან ესროდნენ ერთმანეთს - ზუსტად ისე, როგორც ეს ავადსახსენებელ 1993-95 წლებში, ე.წ. საძმოებისა და “მხედრიონის” ზეობის დროს, ხდებოდა თბილისში. ამ პერიოდთან მსგავსებაზე დღეს ბევრი ადამიანი ლაპარაკობს და არამხოლოდ იმიტომ, რომ თავის დროზე ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის უფლება საქართველოს პარლამენტმა “მხედრიონის” ლიდერ ჯაბა იოსელიანის მოთხოვნით დააკანონა. პარლამენტარ ზაქრო ქუცნაშვილის თქმით, დღევანდელი ვითარება აშკარად ატარებს “მართვადი ქაოსის” ნიშნებს, როგორც ამ ათი-თერთმეტი წლის წინ - რომელიღაც დაჯგუფებები ახლაც ცდილობენ ჯერ ქუჩაში მოიპოვონ გავლენა და შემდეგ ამ გავლენას პოლიტიკაც დაუქვემდებარონ.

მაგრამ თუკი ეს ასეა, იბადება სრულიად ბუნებრივი შეკითხვა: საკმარისია კი ერთი კანონი, რათა ბოლო მოეღოს იარაღის ფაქტორს პოლიტიკაში? მით უფრო, რომ როგორც ძველი, ისე ახალი კანონის მიხედვით, იარაღის შეძენა მეტად იოლია, თუკი გაქვთ საკმარისი თანხა და ცნობა, რომ ფსიქიკურად ჯანმრთელი ხართ. ამავე დროს, როგორც პირველი, ისე მეორე კანონი იარაღის ტარებას უკრძალავს უბრალო მოქალაქეებს, მაგრამ აქაც პარადოქსულ ვითარებასთან გვაქვს საქმე.

[ზაქრო ქუცნაშვილის ხმა] “თუ, ვთქვათ, თქვენ გაქვთ კანონიერად შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღი მაღაზიაში და ამ შემთხვევაში თქვენ იარაღის უკანონო ტარების პირვესავე ფაქტზე დაგაჯარიმებენ ხუთი ლარით, იარაღსაც დაგიბრუნებენ და სახლშიც გაგიშვებენ. რეალურად ეს ნორმა არ მუშაობს. და დღეს ამ დამნაშავეთა სამყაროს ხუთლარიანი ჯარიმით ვერ გავაჩერებთ.” [სტილი დაცულია]

თანაც, როგორც დეპუტატი ზაქრო ქუცნაშვილი აღნიშნავს, კანონში არაფერია ნათქვამი ადმინისტრაციული ზომების გამკაცრებაზე მათ მიმართ, ვისაც უკანონოდ აღმოაჩნდება იარაღი. კიდევ უფრო დიდი დაბნეულობა სუფევს სამართალდამცველ ორგანოებში, სადაც სწორედ ახლა იწყებენ იმაზე ფიქრს, თუ რას ნიშნავს ცივი სასროლი იარაღი - არბალეტს თუ მამაპაპურ მშვილდ-ისარს და როგორ უნდა მოხდეს ცივი ირაღის, ვთქვათ, დასაკეცი დანის ტარების აკრძალვა, თუკი პოლიციას აღარ აქვს რეიდზე მოქალაქის ჩხრეკის უფლება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG