Accessibility links

logo-print

რა უშლის ხელს რუსეთს ჩეჩნეთის პრობლემის გადაჭრაში


წლევანდელი ზაფხული განსაკუთრებით სისხლიანი აღმოჩნდა როგორც რუსი სამხედროებისთვის, ისე ჩეჩენი მეამბოხეებისთვისაც. ამას დაერთო თვითმკვლელთა მიერ განხორციელებული აფეთქებები როგორც ჩეჩნეთის ტერიტორიაზე, ისე მის გარეთ. რუსეთის

ხელისუფლება არ ეპუება რეალობას და ახლა ჩეჩნეთში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებით ცდილობს შექმნას სურათი, რომ იქ ვითარება უმჯობესდება. ეს რომ ასე არ არის, ბევრი აღნიშნავს, მაგრამ საინტერესოა ის, რომ ჩეჩნეთში კონფლიქტის დასრულება შეიძლება ყველაზე მეტად არა ჩეჩნებს, არამედ რუს სამხედროებს არ აწყობდეთ.

ბოლო აფეთქება, რომელზე პასუხისმგებლობაც არავის აუღია და რომელსაც რუსეთის ხელისუფლება ჩეჩნების ნახელავად მიიჩნევს, ჩრდილოეთ ოსეთში, მოზდოკში მოხდა. რუსების სამხედრო ჰოსპიტლის აფეთქების შედეგად იქ 50 ადამიანი დაიღუპა. ამას წინ უსწრებდა აფეთქებები მოსკოვის ცენტრში, მანამდე როკ ფესტივალზე, ერთი თვის წინ ქალმა თვითმკვლელმა ჩრდილოეთ ოსეთში რუსი სამხედროების ავტობუსი ააფეთქა და ეს კიდევ არ არის სრული ჩამონათვალი ყველა ამგვარი ინციდენტისა, რომელიც ჩეჩნეთის კონფლიქტს უკავშირდება.

თითქოს პარალელურ რეალობაში არსებობსო, კრემლი განაგრძობს ვითარების "პოლიტიკურ მოწესრიგებას" ჩეჩნეთში: გაზაფხულზე საკონსტიტუციო რეფერენდუმის ჩატარების შემდეგ მოსკოვმა ჯერ შეზღუდული ამნისტია გამოაცხადა, შემდეგ ჩეჩნეთში უშიშროების უზრუნველსაყოფაზე პასუხისმგებლობა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადააბარა და ახლა ოქტომბრისთვის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გეგმავს და ჩაატარებს კიდეც. რადგან ის, რასაც ამ ყველაფრისთვის ხელი უნდა შეეშალა და მომავალშიც შეუშლის, მოსკოვის მიერ უგულვებელყოფილია. ჩეჩნეთის პრეზიდენტობის სურვილი უკვე ათზე მეტმა პირმა გამოთქვა.

ბუნებრივია, ჩეჩნეთის პრობლემას ვერც საპრეზიდენტო არჩევნები მოხსნის. რა არის რეალური მიზეზი, რაც ხელს უშლის რუსეთს თუნდაც, ძალით, თავის ნებაზე გადაწყვიტოს საკითხი. ბრიტანეთში არსებული ომისა და მშვიდობის ცენტრის მიმომხილველი თომას დე ვალი კონფლიქტის გაჭიანურების უპირველეს მიზეზად კორუფციას ასახელებს. მისი აზრით რუსეთის სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლების ძალიან ბევრი წარმომადგენელი აკეთებს ფულს ჩეჩნეთში ომით. დე ვალი ამბობს: [დე ვალის ხმა] "ეს ძალიან მნშვნელოვან ფაქტორად მიმაჩნია. უდიდეს პრობლემას წარმოადგენს ჩეჩნეთში მყოფი რუსი სამხედროების კრიმინალიზაცია. ისინი ჩართული არიან ნავთობის მრეწველობაში, სძალავენ ფულს ადგილობრივ მოსახლეობას, ძალადობით ახერხებენ ფულის შოვნას. ე.წ. "კონტრაკტნიკების" უმეტესობა ჩეჩნეთში საკუთარი ქვეყნისთვის სამსახუროდ კი არა ფულის საკეთებლად არის წასული".

კორუფციის შედეგად მიიჩნევს ბრიტანელი ექსპერტი ჩეჩენი მეამბოხეების კარგ შეიარაღებასაც და სვამს სრულიად ბუნებრივ შეკითხვებსაც: [დე ვალის ხმა] "ვკითხოთ საკუთარ თავს: რატომ განაგრძობენ მეამბოხეები ბრძოლას დღემდე, საიდან შოულობენ იარაღს, როგორ ხდება, რომ მეამბოხეთა ყველა მთავარი ლიდერი დღემდე თავისუფლად მოქმედებს ჩეჩნეთში, თითქმის ოთხი წლის შემდეგ, რაც მეორე საომარი კამპანია დაიწყო? ჩეჩნეთის არ არის ძალიან დიდი მასშტაბის. ამ ყველაფრის უმთავრესი მიზეზი კორუფციაა და მანამდე, სანამ ის იარსებებს, ჩეჩნეთში ვითარება არათუ არ გაუმჯობესდება, გაუარესდება კიდეც".

მეორე მიზეზი, რის გამოც ჩეჩნეთის პრობლემა ჩიხში მოექცა, არის რუსეთის ხელისუფლების პოზიცია - არ წავიდეს მოლაპარაკებებზე ჩეჩენ ლიდერებთან, მათ შორის ასლან მასხადოვთან. ჟურნალისტ სანობარ შერმატოვას აზრით (ის "მოსქოუ ნიუზისთვის" ჩეჩნეთში მიმდინარე მოვლენებს აშუქებდა), რუსეთის ხელისუფლებას ჩეჩნეთის საკითხის გადაჭრის მხოლოდ ორი გზა გააჩნია: ან მოელაპარაკოს სეპარატისტთა ლიდერებს, ან გაანადგუროს ისინი. მესამე გზა, ჟურნალისტის აზრით, არ არსებობს.
XS
SM
MD
LG