Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სკანდალი მას-მედიაში - შეძლებს თუ არა "60 წუთი" თავის დაცვას


სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში კანონიერების დაცვაზე ზედამხედველი პროკურატურა გადაცემა "60 წუთის" წინააღმდეგ საქმის მოკვლევას აწარმოებს. საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით,

რომელიც კერძო საუბრების უკანონოდ მოსმენას გულისხმობს. ავჭალის ნომერ მეოთხე მკაცრი რეჟიმის კოლონიაში პატიმარ იაგო თედიაშვილისათვის ფარული კამერის შეგზავნის ფაქტს "60 წუთის" კორესპონდენტი ვახტანგ კომახიძე არ უარყოფს. თუმცა, ამავე დროს ვარაუდობს, რომ სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ გადაცემას პროვოკაცია შეგნებულად მოუწყო.

5 სექტემბერს ავჭალის კოლონიის უფროსთან ყაჩაღობისთვის გასამართლებული იაგო თედიაშვილი გამოცხადდა და როგორც სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის თავმჯდომარე ამბობს, ნებაყოფლობით შეატყობინა სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი-2"-თან გარიგების შესახებ. ამ გარიგებით, ფულადი საზღაურისა და პატიმრობიდან დროზე ადრე გათავისუფლების იმედით, მსჯავრდებული ორი კვირის განმავლობაში ციხეში ფარულ გადაღებებს აწარმოებდა. ციხის ადმინისტრაციის მაკომპრომეტირებელი ერთი კასეტის გამოტანა დამკვეთმა მხარემ უპრობლემოდ შეძლო. რაც შეეხება მეორე კასეტას, იგი დაცვამ ჩხრეკისას აღმოაჩინა და, ვიდეოკამერასთან ერთად, პროკურატურას გადასცა. როგორც ჟურნალისტი ვახტანგ კომახიძე ამბობს, ფარული კამერა ციხეში მათ, ქრთამის საშუალებით, ძალიან იოლად შეიტანეს. მიზეზი კი, რისთვისაც ეს უკანონობა მოხდა, იუსტიციის სამინისტროსთან არსებული პენიტენციალური სისტემის საზოგადოებრივი კონტროლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრთა აზრით, ჟურნალისტისათვის საპატიოა. სხვათა შორის, ვახტანგ კომახიძე თავადაც ამ საბჭოს წევრია. მიზეზებს იგი თავად განგვიმარტავს:
[ვახტანგ კომახიძის ხმა] "პატიმარმა მთხოვა, რომ მე მიმეწოდებინა მისთვის ფარული კამერა და, ესე იგი, ის ჩაწერდა გარკვეულ ურთიერთობებს, რომელიც დაადასტურებდა ადამიანების გატაცების ფაქტებს, რომლებიც დაკავშირებული იყო აი, ამ პენიტენციალურ სისტემასთან. ამის გარდა, ის ამბობდა, რომ ჩაწერდა, ასახავდა კორუფციულ ფაქტებს."
ვახტანგ კომახიძე აღიარებს, რომ ფარული კამერის სასჯელაღსრულებით დეპარტამენტში გამოყენება სერიოზული დანაშაულია, თუმცა უმნიშვნელოა იმ დანაშაულებებთან შედარებით, რაც პენიტენციალურ სისტემაში ხდება - იქნება ეს კოლონიებში ნარკოტიკებით ვაჭრობა თუ გამალებული აღებ-მიცემობა - პატიმრებთან პაემანზე დაშვებიდან დაწყებული, ვადამდელი გამოშვებით დამთავრებული. მოკლედ, "60 წუთის" გადამღები ჯგუფი გულუბრყვილოდ იმედოვნებდა, რომ კოლონიის ხელმძღვანელობის დანაშაულებებში მამხილებელი კასეტის მასალებით ხელისუფლება დაინტერესდებოდა და ფარული კამერის გამოყენების ფაქტს სიხარულით წაუყრუებდა. თუმცა მოხდა სრულიად საწინააღმდეგო - ჟურნალისტების არდაშვებით, იუსტიციის სამინისტრომ შეგნებულად ჩაშალა კასეტისა და კამერის ამოღების ფაქტზე შეკრებილი საზოგადოებრივი კონტროლის დამოუკიდებელი საბჭოს სხდომა. ამას გარდა, სასჯელაღსრულებით დეპარტამენტში სწორედ ამ სხდომის დროს დაინიშნა საგანგებო პრესკონფერენცია. დაბოლოს, კულმინაცია: ჩვენთან საუბარში დეპარტამენტის თავმჯდომარემ, შოთა კოპაძემ განაცხადა, რომ "60 წუთის" გადამღებ ჯგუფს ანგარება ამოძრავებდა და არა დანაშაულის მხილების სურვილი.
[შოთა კოპაძის ხმა] "როგორც პატიმარი განმარტავს, აღნიშნული გარიგება მოხდა იმისათვის, რომ მოეპოვებინებინათ თანამშრომლებზე მაკომპომენტირებელი მასალები, გამოეძალათ გარკვეული თანხა და შეპირდნენ მსჯავრდებულს გარკვეულ ჰონორარს აღნიშნული თანხიდან."
მისივე თქმით, პატიმარმა შესრულებულ სამუშაოში უკვე მიიღო 500 დოლარი და 150 ლარი.
მიუხედავად იმისა, რომ საქმე ძიებაშია, "60 წუთი", ვიდეოკამერასთან ერთად, პენიტენციალურ სისტემაში არსებულ დანაშაულებებზე რეაგირების მიზნით, კასეტის დაბრუნებასაც ითხოვს.
XS
SM
MD
LG