Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვის ემხრობა შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში?


ანდრო ეული, პრაღა მრავალი მიმომხილველის აზრით, თეთრი სახლის ადმინისტრაციამ სარგძნობლად შეზღუდა თავისი მონაწილეობა ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში,

რაც იმით უნდა იყოს გამოწვეული, რომ ოფიციალური ვაშინგტონი ამ კონფლიქტში ისრაელს უჭერს მხარს. ხოლო სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა რიჩარდ ბაუჩერმა ორშაბათს ვაშინგტონში განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში შექმნილ კრიზისულ ვითარებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაცია ეგრედ წოდებული "ოთხეულის" დანარჩენი სამი წევრის - რუსეთის, ევროკავშირისა და გაეროს წარმომადგენლებთან შეხვედრის შესაძლებლობას იხილავს. შეგახსენებთ, რომ ხსენებულმა ოთხეულმა შეიმუშავა "გზამკვლევის" სახელით ცნობილი გეგმა, რომელიც ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მშვიდობის დამყარებას ითვალისწინებს.

სამი თვის წინათ შემუშავებულმა "გზამკვლევმა" ბევრს ისრაელსა და პალესტინელებს შორის მშვიდობის დამყარების იმედი აღუძრა. ივნისის დასაწყისში პრეზიდენტი ბუში ისრაელის პრემიერ-მინისტრს არიელ შარონსა და ამ უკანასკნელის პალესტინელ კოლეგას მაჰმუდ აბასს შეხვდა იორდანიის ქალაქ აქაბაში. სულ მალე, 8 ივნისს, ტერორისტული დაჯგუფებების - ფათას, ჰამასისა და ისლამური ჯიჰადის წევრებმა ერთობლივი ძალისხმევით 4 ისრაელი ჯარისკაცი მოკლეს ღაზის სექტორში. რამდენიმე დღის შემდეგ ისრაელის მცდელობა ჰამასის ერთ-ერთი ლიდერი აჰმედ რანტისი მოეკლა - წარუმატებელი აღმოჩნდა. 11 ივნისს, ჰამასის თვითმკვლელმა ტერორისტმა იერუსალიმში 15 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

კვირას, ტელეკომპანია NBC-თვის მიცემულ ინტერვიუში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა განაცხადა, რომ პრობლემის თავი და თავი ახლო აღმოსავლეთში ტერორიზმია [კოლინ პაუელის ხმა]: "პრობლემა აქ მომდინარეობს ჰამასის, ისლამური ჯიჰადისა და სხვა ტერორისტული ორგანიზაციებისაგან, რომლებსაც არ სურთ, რომ პალესტინის სახელმწიფომ ისრაელის გვერდით იარსებოს. ამ ადამიანებს ისრაელის განადგურება სურთ და ტერორია მათი იარაღი, რასაც ბოლო უნდა მოეღოს. და ვინც უნდა გახდეს პალესტინელთა ახალი პრემიერ-მინისტრი, იმისათვის, რათა გაგრძელდეს სამშვიდობო პროცესი და "გზამკვლევის" პირობათა შესრულება, და მჯერა, რომ ასეც მოხდება, აუცილებელია ერთობლივი ძალისხმევით მოეღოს ბოლო ჰამასისა და სხვა ტერორისტულ ორგანიზაციათა თარეშს".

კოლინ პაუელმა კომენტარი გაუკეთა ამასთანავე
ჰამასის სულიერი ლიდერის შეიხ აჰმედ იასინის მოკვლის მიზნით შაბათს განხორციელებულ თავდავდასხმას, რაც უშედეგოდ დამთავრდა
[კოლინ პაუელის ხმა]: "ამგვარ პოლიტიკას ჩვენ არ ვუჭერთ მხარს. არასოდეს გაგვიმართლებია მსგავსი ქმედება. ისრაელს აუცილებლად მიაჩნია ამგვარი ზომების მიღება. ჩვენ ყოველთვის ვეუბნევით ისრაელ კოლეგებს, "ანგარიში გაუწიეთ ამგვარ ქმედებათა სამომავლო შედეგებს, "ასეთი აქციები, როცა უდანაშაულო ადამიანები ზარალდებიან, მომავალში ხომ მეტ მკვლელს წარმოშობს ჰამასის რიგებში".

მიმომხილველებმა, რომლებსაც ჩვენმა ვაშინგტონელმა კორესპონდენტმა ჩამოართვა ინტერვიუ, თქვეს, რომ შეერთებული შტატები ურიგდება ისრაელის მიერ განხორციელებულ ძალადობას, ხოლო პალესტინელთა საპასუხო თავდასხმებს - არა.

ამასობაში, პალესტინელთა პარლამენტის თავჯდომარემ აჰმედ ყორეიმ განაცხადა, რომ უარს იტყვის ავტონომიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, თუკი ისრაელი არ შეწყვეტს პალესტინელ მოიერიშეთა ლიკვიდაციას. ყორეიმ მოითხოვა ამასთანავე, რომ ისრაელმა ალყა მოუხსნას პალესტინელთა ავტონომიის ლიდერის იასირ არაფატის რეზიდენტიას ალყა ქალაქ რამალაში. აჰმედ ყორეის მიაჩნია, რომ აშშ-მა და ევროპის კავშირმა კვლავინდებურად უნდა განაგრძონ აქტიური მონაწილეობა ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში.
XS
SM
MD
LG