Accessibility links

logo-print

"ჩაუძირავი" ჯონი ფირცხალაიშვილის ახალი ოდისეა


თითქმის ერთი კვირაა, რაც საქართველოს შეიარაღებული

ძალები გენერალური შტაბის უფროსის გარეშეა დარჩენილი. გენერალ-ლეიტენანტმა ჯონი ფირცხალაიშვილმა, რომელიც ამ პოსტზე 1998 წლის მაისიდან იმყოფება, 8 სექტემბერს სამხედრო მუნდირი გაიხადა და კანდიდატად დარეგისტრირდა მშობლიური ლანჩხუთის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში. მოქმედი თუ გადამდგარი გენერლებისთვის საქართველოს საპარლამენტო სივრცე არასოდეს ყოფილა უცხო და, შესაბამისად, ჯონი ფირცხალაიშვილის სადეპუტატო ამბიციაც არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ არა ერთი გარემოება. როგორც ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობს, ბოლო ხანს იმდენად დაიძაბა ურიერთობები გენერალური შტაბის უფროსსა და თავდაცვის მინისტრს შორის, რომ ჯონი ფირცხალაიშვილი იძულებული იყო პოლიტიკაში წასვლით გაცლოდა მოახლოებულ სკანდალს, რაც არაერთი იყო მის მხედრულ ბიოგრაფიაში.

სულ რაღაც ორი თვის წინ გენერალ-ლეიტეტენანტი ჯონი ფირცხალაიშვილი მწყობრიდან გამოჰყავდა და პროვოკაციულს უწოდებდა ჟურნალისტების შეკითხვას მისი მომავალი პოლიტიკური გეგმების შესახებ - ეცადა ბედი საარჩევნო კამპანიაში. მაგრამ დღეს უკვე გენერალური შტაბის უფროსმა საბოლოოდ გააკეთა არჩევანი პოლიტიკური მოღვაწეობის სასარგებლოდ. თანაც, აცხადებს, რომ მისი ეს ნაბიჯიც სამხედრო უწყების ინტერესებითაა ნაკარნახევი, რომელსაც რეფორმირების პროცესში მეტი საკანონმდებლო მხარდაჭერა სჭირდება.

[ჯონი ფირცხალაიშვილის ხმა] "საკანონმდებლო რეფორმა ერთ-ერთი პუნქტია ამ გზისა და, ჩვენის აზრით, საჭიროა, პარლამენტში იყოს ის ადამიანი, ვინც ლობირებას გაუწევს ამ ყველაფერს".

ჯონი ფირცხალაიშვილი არ არის პირველი სამხედრო პირი, ვინც სამხედრო ფორმის გახდას და პოლიტიკაში წასვლას მსგავსი არგუმენტით, ანუ თავდაცვის უწყების ლობირების სურვილით ამართლებს. თავის დროზე, ამ შემართებით დაიწყეს საკანონმდებლო მოღვაწეობა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა გია ყარყარაშვილმა, უშიშროების ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ბათიაშვილმა და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ რობერტ თავაძემ, მაგრამ მთელი ავტორიტეტისა და ორატორული ნიჭის მიუხედავად, მათ რეალურად ვერც ვერაფერი შეცვალეს და ვერც ვერაფერი შეჰმატეს ქვეყნის სამხედრო პოლიტიკას. მაშ, რისი იმედი აქვს ჯონი ფირცხალაიშვილს, რომლის წარსულის მიმართ პოლიტიკურ სპექტრში ყოველთვის ფრთხილი დამოკიდებულება არსებობდა.

ჯონი ფირცხალაიშვილმა გენერლის წოდება საკამოდ ახალგაზრდამ, 39 წლისამ მიიღო უკრაინაში, სადაც იგი ერთ-ერთი დიდ საბჭოთა არმიის შენაერთის შტაბის უფროსი გახლდათ. ყოფილი საბჭოთა გენერალი სამოქალაქო ომის დაწყების წინ, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ბრძანებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრად დაინიშნა. სამხედრო გადატრიალების შემდეგ ფირცხალაიშვილი ოჯახთან ერთად იძულებული გახდა გახიზნულიყო უკრაინაში, სადაც ძველ მეგობრებთან ერთად მცირე ბიზნესით იყო დაკავებული. თავდაცვის ყოფილი მინისტრი საქრთველოში 1995 წელს, როგორც თავად ამბობს, აწ გარდაცვლილი უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის, ნუგზარ საჯაიას ხელშეწყობით დაბრუნდა და ჯერ სახმელეთო ჯარების სარდლად, მერე კი თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა. მაგრამ ფირცხალაიშვილის რეინკარნაციამ მხოლოდ ერთ წელს გასტანა. ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ვარდიკო ნადიბაიძის მიერ საჯაროდ მიყენებული სიტყვიერი შეურცხყოფის გამო, ფირცხალაიშვილმა პროტესტის ნიშნად დატოვა თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა. მაგრამ 1998 წლის გაზაფხულზე ჩაუძირავი ჯონი ფირცხალაიშვილი გენერალური შტაბის უფროსის რანგში დაბრუნდა შეირაღებულ ძალებში.

თუ მის ამ ბიოგრაფიის ზიგზაგებს გავადევნებთ თვალს, შეიძლება ითქვას, რომ ჯონი ფირცხალაიშვილი ყოველთვის ზუსტად ირჩევს წასვლის დროს. როგორც პოლიტოლოგი და საქართველოს სამხედრო ისტორიის მკვლევარი დავით დარჩიაშვილი მიიჩნევს, გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობიდან გადადგომა და პოლიტიკაში ბედის ძებნა, შესაძლოა, თვითგადარჩენის ინსტიქტითაც იყოს ნაკარნახევი.

[დავით დარჩიაშვილის ხმა] "ჯარში ვითარება, მიუხედავად "წვრთნისა და აღჭურვის "პროცესისა, იმდენად რთულია - იქ ზემო ეშელონებში ურთიერთობები, დაუფინანსებლობა, კრიტიკა გარედან, კრიტიკა შიგნიდან, - რომ ვიღაც-ვიღაცეებს თვალი გაქცევაზე რომ ეჭიროს, არ გამიკვირდება. მეორე ისაა, რომ 2004 წელს საქრათველოს სამოქალაქო თავდაცვის მინისტრი უნდა ჰყავდეს. შესაძლოა, რომ თავად თავდაცვის მინისტრი ფიქრობდეს გენერალური შტაბის უფროსის პოსტზე და ადგილს ითავისუფლებდეს კულუარული მოლაპარაკების შედეგად."

ის, რომ თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე ნამდვილად ფიქრობს გენერალური შტაბის უფროსობაზე, ეს ე.წ. "პოლიშინელის საიდუმლოა" და ამგვარ ვერსიაზე დღეს ყველაზე ხმამაღლა თავად სამხედრო უწყების კედლებში ლაპარაკობენ. ამგვარ ვერსიებს თავდაცვის სამინსიტოში გამეფებული ვითარება ასაზრდოებს. მრავალწლიანი საკადრო ექსპერიმენტების შემდეგ, რაც თავდაცის მინისტრის აპარატის განმტკიცებას ემსახურებოდა, გენერალურ შტაბის უფროსის გავლენა შეიარაღებულ ძალებზე მინიმუმამდე დავიდა. სამხედრო კომისარიატების გაუქმების შემდეგ კი გენშტაბის უფროსი თითქმის უფუნქციოდ დარჩა, რის გამოც ყველა ფიქრობდა, რომ ჩაუძირავი ქართველ გენერალი, რომელიც არ არის დაჩვეული ცარიელი ადგილის ტკეპვნას, მალე დატოვებდა თანამდებობას. ამას დაემატა მოულოდნელი ავადმყოფობა ორი წლის წინ, როდესაც ჯონი ფირცხალაიშვილს მცირე ხნით მოძრაობის უნარი წაერთვა. თუმცა, სამხედრო ჰოსპიტლიდან გამოსული გენერალური შტაბის უფროსი პირდაპირ პანკისის ხეობაში გაეშურა და ჟურნალიტების შეკითხვას, თუ როგორ გრძნობთ თავსო, ჩვეული იუმორით უპასუხებდა - "ხმები ჩემი გარდაცვალების შესახებ ერთობ გადაჭარბებულიაო."

დღეს საქართველოში ახალი ხმები დადის: ამბობენ, რომ ჯონი ფირცხალაიშვილს თითქმის განაღდებული აქვს მაჟორიტარი დეპუტატის მანდატი მშობლიურ ლანჩხუთის რაიონში და რომ 55 წლის გადამდგარი გენერალი კვლავ უმიზნებს იმ უწყებას, საიდანაც იგი მესამედ მიდის.
XS
SM
MD
LG