Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა მიზნებს ისახავენ პრეზიდენტების ქალიშვილები?


შუა აზია დედამიწის იმ რეგიონებს მიეკუთვნება, სადაც ქალის როლი, როგორც წესი, ოჯახში საქმიანობით შემოიფარგლება. საზოგადოებრივ ასპარეზზე, პოლიტიკაში და, მით უფრო,

მაღალ სახელმწიფოებრივ პოსტებზე ქალს შუა აზიის ქვეყნებში იშვიათად თუ შეხვდებით. მაგრამ, როგორც ბოლო ხანს განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, ამ მხრივ ვითარება შეიძლება შეიცვალოს.

დარიღა ნაზარბაევასა და გულნორა ქარიმოვას ერთი რამ აქვთ საერთო: ერთიცა და მეორეც პრეზიდენტის ქალიშვილები არიან, თანაც უფროსი ქალიშვილები; პირველი - ყაზახეთის ლიდერის ნურსულთან ნაზარბაევის, ხოლო მეორე - უზბეკეთის სახელმწიფოს მეთაურის ისლამ ქარიმოვისა. თუმცა, ამით მსგავსება არ მთავრდება. ბოლო ხანს ორივეზე ბევრს ლაპარაკობენ და პოლიტიკურ სარბიელზე ამომავალ ვარსკვლავებადაც კი მიიჩნევენ.

მაინც, რას წარმოადგენენ პრეზიდენტების ასულები და რა გეგმები აქვთ? დავიწყოთ ყაზახეთის ლიდერის ქალიშვილით.

40 წლის დარიღა ნაზარბაევა თავის ქვეყანაში ცნობილი ადამიანია. კარგა ხნის მანძილზე იგი "კაბარის" სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ხელმძღვანელობდა, ხოლო ახლახან სათავეში ჩაუდგა სოციალურ მოძრაობას სახელწოდებით "ასარი" ("ერთად").

მაგრამ როგორც სულ მალე გაირკვა, "ასარის" მიზნები არამც და არამც არ შემოიფარგლება უქონელთა დახმარებითა თუ სხვა სახის საქველმოქმედო მოღვაწეობით.

[პავლოდარელი ჟურნალისტის ხმა] "16 სექტემბერს დარიგა ნაზარბაევა, "ასარის" მოძრაობის ლიდერი, პავლოდარში ჩამოვიდა. ადგილობრივი მასმედიის წარმომადგენელთათვის მან გამართა ბრიფინგი, რომელზეც განაცხადა, რომ მისი მოძრაობა პოლიტიკურ პარტიად გადაკეთდება."

ეს გახლდათ პავლოდარელი ჟურნალისტი, რომელმაც გვთხოვა, მისი ვინაობა არ გაგვემხილა. ხოლო რაც შეეხება "ასარის" სოციალური მოძრაობის პოლიტიკურ პარტიად გადაკეთებას, ასეთი გეგმის არსებობას არც თვით დარიგა ნაზარბაევა უარყოფს.

[დარიღა ნაზარბაევას ხმა] "ახალი პოლიტიკური პარტიის დაარსებით მიზნად არ ვისახავ, დავიცვა მამაჩემი, პრეზიდენტი ნაზარბაევი, ოპონენტების თავდასხმებისგან. ასეთი დაცვა მას, უბრალოდ, არ სჭირდება."

ეს განცხადება დარიღა ნაზარბაევამ 18 სექტემბერს, ქალაქ თურქესტანში სტუმრობისას გააკეთა. ასეა თუ ისე, ექსპერტთა დიდი ნაწილის აზრით, ყაზახეთის პრეზიდენტის ქალიშვილს პოლიტიკური კარიერის გასაკეთებლად რეალური შანსი აქვს.

იგივე შეიძლება ითქვას ჩვენი სიუჟეტის მეორე გმირზე - უზბეკეთის ლიდერის, ისლამ ქარიმოვის ქალიშვილზე. თუმცა, 31 წლის გულნორა ქარიმოვაზე უზბეკეთში არცთუ დიდი ხნის წინათ ალაპარაკდნენ. აგვისტოში უზბეკეთის პრესაში გაჩნდა ცნობები ქარიმოვას აურაცხელ სიმდიდრესა და ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სადიკ საფაევთან მის ქორწინებაზე. საგარეო უწყებამ ეს ცნობები უარყო და პრესის მუშაკებს ურჩია, თავშეკავება გამოიჩინონ პრეზიდენტის უახლოესი გარემოცვის წევრთა პირადი ცხოვრების გაშუქებისას.

მაგრამ მოვლენათა შემდგომმა განვითარებამ გულნორა ქარიმოვა ისევ საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოახვედრა. საქმე ის გახლავთ, რომ სულ ახლახან პრეზიდენტის ასული რუსეთში უზბეკეთის ელჩის მრჩევლად დანიშნეს. ამ ცნობამ საბოლოოდ გააქარწყლა ეჭვი იმის თაობაზე, რომ ჰარვარდის ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებული პოლიტიკურ სარბიელზე გამოსვლას ლამობს.

მაგრამ, თუ უზბეკეთის ერთ-ერთი უდიდესი ოპოზიციური ორგანიზაციის, ერკის დემოკრატიული პარტიის პირველ მდივანს ათანაზარ არიფოვს დავუჯერებთ, ქარიმოვას აღზევება მხოლოდ ქვეყნის კორუმპირებული რეჟიმის დაცემის მომასწავებელი იქნება.

[ათანაზარ არიფოვის ხმა] "ერთი რამე ნამდვილად ვიცი: დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ჩვენმა ხელისუფლებამ თავისი რეჟიმი ტყუილებზე ააგო. და ამიტომ დარწმუნებული ვარ: ქარიმოვას პოლიტიკური აღზევება იმის დასტურია, რომ საქმე გვაქვს რეჟიმის დასასრულის დასაწყისთან."

გასულ თვეში ბრიტანეთის გაზეთმა "ფაინენშლ ტაიმსმა" ქარიმოვა უბზეკეთის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ბიზნესმენად მოიხსენია, თუმცა დასძინა, რომ ბუნდოვანია როგორც მისი სიმდიდრის წყარო, ისე მისი გავლენის მასშტაბი. გაზეთის თქმით, მის ხელთ არსებული ინფორმაცია ადასტურებს, რომ გულნორა ქარიმოვას ეკუთვნის აქციათა საკონტროლო პაკეტები უზბეკეთის მობილური ტელეკომუნიკაციების უმსხვილეს კომპანიასა და ერთ-ერთ უდიდეს ცემენტის ქარხანაში, უძრავ-მოძრავი ქონებისა და ექსპორტ-იმპორტის რამდენიმე კომპანიაში.

ყაზახეთისა და უზბეკეთის პრეზიდენტებისა არ იყოს, ქალიშვილი, მოგეხსენებათ, საქართველოს პრეზიდენტსაც ჰყავს. ასე რომ, ერთ-ერთ უახლოეს გადაცემაში მანანა შევარდნაძის პორტრეტსაც შემოგთავაზებთ.
XS
SM
MD
LG