Accessibility links

logo-print

დღევანდელი პროგრამით სოხუმის დაცემის დღეს


დავით პაიჭაძე, ეკა წამალაშვილი, თბილისი დღევანდელი პროგრამით სოხუმის დაცემის დღეს,

27 სექტემბერს ვეხმიანებით. სიმღერა, ჩვენს გადაცემას რომ გასდევს, მსმენელების ნაწილს ნამდვილად ეცნობა, უკეთ, ეცნობა არა მხოლოდ სიმღერა, არამედ სიმღერის კლიპი. ჩვენს გადაცემაში სწორედ ამ კლიპის პერსონაჟებსა და ავტორს შეგახვედრებთ. პერსონაჟები - მათ ინგა ცეკვავა და ვახტანგ ნარსია განასახიერებენ - ეკა წამალაშვილის რესპონდენტები არიან, რეჟისორ ბასა ფოცხიშვილს კი მე ვესაუბრები. ამჯერად საუბრების თემისა და ძირითად საკითხთა წინასწარი ჩამოთვლით თავს არ შეგაწყენთ - ისედაც ნათელია, რაზე იქნება ლაპარაკი. ჯერ ეკა წამალაშვილსა დამის სტუმრებს მოუსმინეთ.

ეკა წამალაშვილი:

ბასა ფოცხიშვილის მიერ "უცნობის" ამ სიმღერის მიხედვით გადაღებულ კლიპში ინგა და ვახტანგი ნეფე-დედოფალს წარმოადგენენ. მათ ქორწილში აფხაზეთიდან დევნილები ილხენენ. სუფრა მდიდრულია, ლხინიც ისეთი, როგორიც ამ ადამიანებმა დევნილობამდე აფხაზეთში იცოდნენ. დევნილობის სევდა მაშინ იკვეთება, როცა ცეკვის სცენის დროს ჩნდება წარწერები: "ინგა - გაგრიდან", "ვახტანგი - სოხუმიდან" და ასე შემდეგ. ეს სევდა მაშინ მძიმდება, როცა ნეფე-დედოფალი მდიდრული სუფრიდან სახლის ნაცვლად სასტუმრო "ივერიის" ნაცრისფერ რეალობაში ხვდებიან.

მაყურებლის დიდ ნაწილს ჰქონია, რომ კლიპის ავტორებმა აფხაზეთიდან დევნილების ნამდვილი ქორწილი გადაიღეს, რომ ინგა და ვახტანგი რეალური წყვილია, მაგრამ ეს ასე არ არის. მათაც და სოხუმის თეატრის მსახიობებმაც (ისინი მექოწრილეები იყვნენ) ისე ითამაშეს, რომ მაყურებელს ეს ეჭვი გაუჩინეს.

ინგა ცეკვავა 17 წლისაა, სწავლობს სკოლაში, ცეკვავს ანსამბლ "ერისიონში," არის გაგრელი და ამჟამად თავის ხუთსულიან ოჯახთან ერთად სასტუმრო "ივერიის" ერთ მომცრო ოთახში ცხოვრობს. სოხუმელი ვახტანგი 20 წლისაა. მისდევს კრივს, არის სოხუმის უნივერსიტეტის თბილისის ფილიალის სტუდენტი. ოჯახთან ერთად, რომელიც 6 წევრისგან შედგება, ისიც ერთ ოთახში ცხოვრობს, ოღონდ წყნეთში, დევნილებისთვის გამოყოფილ საერთო საცხოვრებელში.

ამ ცოტა ხნის წინ ორივე ძალიან გაახარა იმ ფაქტმა, რომ ისინი აფხაზეთის თემაზე გადასაღები კლიპის მთავარ გმირებად შეარჩიეს. მანამდე ინგა და ვახტანგი ერთმანეთს შორიდან იცნობდნენ. გადაღებისთვის, რომელიც 4 დღეს გრძელდებოდა, ისინი ნამდვილი სიძე-პატარძალივით მოამზადეს. გადაღებების პროცესი სასიამოვნო იყო. დადგმულ ქორწილს ნამდვილი ქორწილისგან ერთი რამ განასხვავებდა - მექორწილეები ნეფე-დედოფალს ღვინით კი არა, წვენით ადღეგრძელებდნენ.

კლიპი საზოგადოებამ უკვე ნახა. მას შემდეგ ინგას და ვახტანგს ქუჩებში სცნობენ. ისინი ბედნიერები არიან იმით, რომ ბასასთან, "უცნობთან" და კლიპში გადაღებულ სოხუმის თეატრის მსახიობებთან ერთად საზოგადოებას გაახსენეს პრობლემა, რომელიც, ვახტანგის თქმით, პოლიტიკოსებს უფრო არჩევნების წინა პერიოდებში ახსენდებათ ხოლმე.

ინგამ გაგრა მაშინ დატოვა, როცა პირველკლასელი ხდებოდა და სკოლაში წასასვლელად ემზადებოდა. ვახტანგს კი სოხუმის სკოლაში მესამე კლასამდე მოუხდა სწავლა. მათ აფხაზეთში ჰქონდათ სახლები, ჰქონდათ ყველაფერი.
ინგას ახსოვს გაგრა, მაგრამ ბუნდოვნად, ახსოვს როგორი იყო მისი სახლი გაგრაში. ვახტანგს სოხუმის დატოვება შედარებით უფროსს მოუხდა, ამდენად, მას დეტალურად შეუძლია წარმოიდგინოს სოხუმის ცენტრი, სოხუმის სანაპირო და სახლი, სადაც იზრდებოდა.

[ინგა ცეკვავას ხმა] "6 წლის ვიყავი, როცა წამოვედით გაგრიდან. ჩემთვის ეს იყო დიდი ტრამვა. ჩემი თავი დიდი მეგონა, ისეთი რამ განვიცადეთ. ვხედავდით როგორ ისროდნენ, მამაჩემი და ბიძაჩემიც იბრძოდნენ. ძალიან განვიცადეთ, რომ იქიდან ძალით გამოგვყარეს. გული მტკივა".

[შეკითხვა : "რითი დაგამახსოვრდა გაგრა, შენი სახლი გაგრაში?"]

[ინგა ცეკვავას ხმა] "გაგრა მახსოვს პარკით, ძალიან ლამაზი პარკით, სადაც ვსეირნობდი. მახსოვს უზარმაზარი გემი "კარაველა" და კაფე, სადაც ყოველდღე დავდიოდით ბავშვები. სახლი არ მახსოვს კარგად. მახსოვს ჩემი პატარა, მყუდრო ოთახი, სადაც ვიყავი მარტო მე და ვემზადებოდი სკოლაში წასასვლელად. ჩემი სახლი დღეს დამწვარია. მამაჩემის მეგობარი იყო გაგრაში ჩასული და ჩუმად გადაუღო სურათი ჩვენს სახლს, რომელიც არის დამწვარი და გაუბედურებული. ეზოს ვიღაც უვლის".

[ვახტანგ ნარსიას ხმა] " ინგაზე ცოტა უფროსი ვარ და ვიზუალურად თითქმის მთელი ქალაქი მახსოვს. მესამე კლასამდე მივაღწიე სოხუმში. სკოლა შორს არ იყო და იქ ფეხით დავდიოდი. ქალაქი, ცენტრი, ჩემი ეზო, სახლი მახოვს კარგად. ჩვენ ომამდე წამოვედით სოხუმიდან. მამაჩემი მოსკოვში მუშაობდა, იქ ჩავაკითხეთ ერთი თვით. უკან დაბრუნება ვეღარ შევძელით. დაბრუნება ყველას უნდა. აქ დაბადებულ ბავშვებს რომ შეეკითხები, სადაური ხარო, იძახიან აფხაზეთიდან ვართო. არადა, აქ დაიბადნენ და აფხაზეთი თვალით არ უნახავთ".

[ინგა ცეკვავას ხმა] "დაბრუნება ყველას გვინდა, განსაკუთრებული სურვილი აქვთ ჩვენს მშობლებს, ჩვენ იმდენად არ გვახსოვს აფხაზეთი, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ დავბრუნდებით".

აფხაზეთის თემაზე გადაღებული ვიდეო-კლიპის მთავარ გმირებს გაგრელ ინგა ცეკვავას და სოხუმელ ვახტანგ ნარსიას სჯერთ, რომ აფხაზეთში დაბრუნების ოცნება აუხდებათ, თუმცა როდის და როგორ, ამაზე წარმოდგენა არა აქვათ. ეს უკვე სხვების საქმეაო, - ამბობენ ისინი. ინგამ და ვახტანგმა ერთი რამ იციან - ის, რომ მათ როგორმე უნდა შეძლონ წარსულის დავიწყება და აფხაზებთან მეგობრული, მეზობლური თანაცხოვრება.
XS
SM
MD
LG