Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭო ერაყის შესახებ ახალ რეზოლუციას განიხილავს


გაეროს უშიშროების საბჭოში დაიწყო ერაყის შესახებ ახალი რეზოლუციის პროექტის განხილვა. ეს პროექტი აშშ-ის მიერ არის მომზადებული და ითვალისწინებს გაეროს როლის გაფართოებას ერაყში.

მაგრამ გაერო და უშიშროების საბჭოს არაერთი წევრი ქვეყანა პროექტით უკმაყოფილო ჩანან. მათი შეფასებით, გაეროს როლი საკმარისად არ ფართოვდება: ორგანიზაციას არ ენიჭება დამოუკიდებლობა ერაყის პოლიტიკური გარდაქმნის მეთვალყურეობაში. ამის შესახებ იუწყება გაეროში ჩვენი რადიოს კორესპონდენტი რობერტ მაკმეჰონი.

ერაყის შესახებ ახალი რეზოლუციის განხილვა ხუთშაბათს დაიწყო და მის მიმართ კრიტიკაც ხუთშაბათსვე გაისმა. გაეროს გენერალური მდივნის, კოფი ანანის თქმით, რეზოლუციის პროექტი არ ითვალისწინებს მის რეკომენდაციებს. მანამდე ანანს ნათქვამი ჰქონდა, რომ მიზანშეწონილად მიაჩნია ერაყის გარდამავალი პერიოდის მთავრობის მალე ჩამოყალიბება მისთვის ძალაუფლების ჩასაბარებლად. ანანის არგუმენტი ასეთია: ერაყელებს აღარ ექნებათ შეგრძნება, რომ მათი ქვეყანა ოკუპირებულია, უცხოელების მიერ იმართება და შედეგად, უცხოელებისადმი წინააღმდეგობაც იკლებს. ამ მოსაზრებას იზიარებენ საფრანგეთი, გერმანია, და რუსეთი. [სერგეი ლავროვის ხმა] "ამ ეტაპზე გაეროს უნდა მივანიჭოთ წამყვანი როლი პოლიტიკურ პროცესში, რათა იმუშაოს ერაყელებთან და შეიმუშავოს განრიგი, რომელსაც ქვეყნის სუვერენობის სრული აღდგენა მოჰყვება და რომელსაც შესაძლოა, ხელი შეუწყონ მრავალეროვანმა ძალებმა", განაცხადა გაეროში რუსეთის ელჩმა სერგეი ლავროვმა.

მაგრამ ვაშინგტონი შიშობს, რომ ერაყის მთავრობისათვის ძალაუფლების მალე ჩაბარება შესაძლოა, ნაჩქარევი ნაბიჯი გამოდგეს და, თუ სახელმწიფო მდივან კოლინ პაუელის სიტყვებს მოვიშველიებთ, "კატასტროფული შედეგებით" დამთავრდეს. ვითარებას ამერიკული კოალიცია უნდა აკონტროლებდეს, რიგიანი გარდამავალი პერიოდის უზრუნველსაყოფადო, აღნიშნა პაუელმა.
[კოლინ პაუელის ხმა] "გვინდა, ამ პროცესმა რაც შეიძლება მალე ჩაიაროს, მაგრამ გულუბრყვილობა იქნებოდა იმის ფიქრი, რომ ორიოდე კვირაში, თუ თვეში შევძლებთ გამოვაცხადოთ: "აი 25ი კაცი, როგორც ჩანს საქმეს უმკლავდება, მოდი, მათ ჩავაბაროთ პასუხისმგებლობა ერაყში".

რაც შეეხება მრავალეროვან ძალებს, რომლებიც წეღან მოიხსენია რუსეთის ელჩმა. ახალი რეზოლუციის პროექტის შესაბამისად, სამხედრო ოპერაცია ერაყში გაეროს თანხმობით უნდა გარდაიქმნას სწორედ მრავალეროვან ძალებად - ამერიკული სარდლობით. შეერთებულ შტატებს, რომლის კოალიციის ჯარისკაცებზე ერაყში სულ უფრო სახიფათო თავდასხმები ხორციელდება, იმედი აქვს, რომ ერაყის სტაბილიზაციის მძიმე ტვირთს შეუმსუბუქებს იქ სხვა ქვეყნების, განსაკუთრებით, მუსლიმანური ქვეყნების სამშვიდობო ძალების განთავსება. მაგრამ, ერთ-ერთი მუსლიმანური ქვეყნის, პაკისტანის ელჩმა გაეროში, მუნირ აკრამმა აღნიშნა: [მუნირ აკრამის ხმა] "უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ერაყელ ხალხს სურდეს ჩვენი მიღება. არ გვინდა, მიგვიჩნიონ საოკუპაციო ჯარების დამატებად და გვსურს, რა ამოცანაც უნდა იყოს, ერთად ვაკეთოთ რეგიონის ყველა ქვეყანამ".

გაეროს ახალი რეზოლუცია, დასძინა აკრამმა, უნდა ქმნიდეს კანონიერ საფუძველს ერაყში პაკისტანის ჯარების განსათავსებლად. არანაკლებ საყურადღებოა მექსიკის ელჩის გამოსვლა: ის ერაყში წამყვანი როლის გაეროსათვის მინიჭებას მიემხრო და გამოთქვა მოსაზრება, რომ ვაშინგტონის მიერ შეთავაზებული ახალი რეზოლუცია ამას არ ითვალისწინებს.

ახლა მოსალოდნელია ვრცელი და დეტალური დისკუსია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა განაწილდეს როლები გაეროს, ამერიკულ კოალიციასა და ერაყის დროებით ხელმძღვანელობას შორის. ერაყის ამჟამინდელი მმართველი საბჭოს წარმომადგენელი, აჰმად ხალაბი, რომელიც ხუთშაბათს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოვიდა, ოპტიმისტურად არის განწყობილი: [აჰმად ხალაბის ხმა] "დღეს გვინდა გამოვაცხადოთ ახალი ერაყის დაბადება. ერაყისა, სადაც ღირსება, სამართლიანობა და ადამიანის უფლებები ყველა მოქალქისათვის იქნება გარანტირებული. მშვიდობიანი ერაყისა საკუთარი ხალხის, მეზობლებისა და მთელი მსოფლიოსათვის".

გაეროს უშიშროების საბჭოში ორშაბათს განახლდება კონსულტაციები ერაყის შესახებ ახალი რეზოლუციის პროექტზე.
XS
SM
MD
LG