Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავგმოთ სტიგმა!


10 ოქტომბერს თბილისში ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღინიშნა. წინა წლებისგან განსხვავებით, აქცია, დევიზით "დავგმოთ სტიგმა", რამდენიმე დღე გაგრძელდება და ქართული საზოგადოების

ფართო ფენებს მოიცავს. პირველად საქართველოში შესაძლებელი გახდება არა მარტო ფსიქიკურად დაავადებულ პაციენტთა ნახატების გამოფენის, კონცერტების მოწყობა, არამედ საქველმოქმედო პროექტებში კულტურის გამოჩენილ მოღვაწეთა ჩართვაც.

ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე 10 ოქტომბერს ერთდროულად ასამდე ქვეყანაში აღინიშნა. ქართველი ფსიქიატრები ამ დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებებს 1993 წლიდან მართავენ. მაგრამ წელს პირველად გახდა შესაძლებელი ფსიქიკური ჯანმრთელობის კვირეულის მოწყობა. თბილისში ჩამოვიდნენ საერთაშორისო ორგანიზაციის "ჟენევის ინიციატივა ფსიქიატრიაში" მესვეურები. მართალია, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ფსიქიატრებმა წელს ერთ კონკრეტულ თემაზე, ბავშვთა და მოზარდთა ემოციურ-ქცევით დარღვევებზე, გაამახვილეს ყურადღება, ფსიქიკური ჯანმრთელობის კვირეული საქართველოში უფრო აქტუალურ პრობლემას, ეგრეთ წოდებულ "სტიგმას", ანუ სულით დაავადებულების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებას, მიეძღვნა. ქართველი ფსიქიატრების განმარტებით, "სტიგმა", იგივე სირცხვილის "დამღა", ხელს უშლის პაციენტებს ექიმთან მისვლასა და მკურნალობის დაწყებაში. საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციის პრეზიდენტის მანანა შარაშიძის თქმით:

[მანანა შარაშიძის ხმა] "რისთვის ტარდება ეს დღე მთელ მსოფლიოში? იმისთვის ტარდება, რომ შეიცვალოს საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულება ფსიქიკურად დაავადებულების მიმართ - ფსიქიკურ დაავადებას ყოველთვის თან ახლავს დისკრიმინაცია და სტიგმა, ანუ უარყოფითი დამოკიდებულება ფსიქიკურად დაავადებულთა მიმართ. დასავლეთში ასეთი მოძრაობა დაიწყო 30-40 წლის წინათ... რომ საზოგადოება უფრო ტოლერანტული გამხდარიყო ფსიქიკურად დაავადებულების, და არა მარტო ფსიქიკურად დაავადებულების, მიმართ, საზოგადოების ყველა დაუცველი წევრის მიმართ... დღეს მათთან ფსიქიკურად დაავადებულების გარიყვა ისე არ ხდება, როგორც ჩვენთან. მე მარტო საქართველოს არ ვგულისხმობ, ვგულისხმობ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს, აღმოსავლეთ ევროპას."


ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ამჟამად 100 000-მდე ადამიანია რეგისტრირებული ფსიქიკური მოშლილობის დიაგნოზით, მათ შორის 4 000 ბავშვია. ზოგიერთი მათგანი ექიმებთან ერთად 10 ოქტომბერს თბილისის ქუჩებში გამოვიდა პლაკატით "ნუ გაგვრიყავთ". ასეთივე დევიზით მოეწყო პაციენტების ნახატების გამოფენა "ქარვასლაში", სადაც საზოგადოების მიერ ფაქტობრივად განდევნილმა ადამიანებმა 200-მდე ექსპონატი - ფერწერა, გრაფიკა, გობელენი, ნაქარგი და ნაქსოვი ტანსაცმელი - წარმოადგინეს. მანანა შარაშიძის თქმით, მნიშვნელოვანია არა მარტო ის, რომ პაციენტები ხელოვნებაში ცდილობენ დამკვიდრებას... მნიშვნელოვანია მათ თავად იხილონ ეს ნამუშევრები გამოფენაზე, დარწმუნდნენ, რომ არ არიან გაუცხოებულნი საზოგადოებისგან.

[მანანა შარაშიძის ხმა]: "რა თქმა უნდა ეს არის ხელოვნებით თერაპია. ის ადამიანს თვითრეალიზაციის, თვითშეფასების გაზრდის საშუალებას აძლევს. ეს არის ხელოვნებით მკურნალობა..."

მაგრამ სულით დაავადებულები იმაშიც უნდა დარწმუნდნენ, რომ მათ აფასებენ როგორც მაყურებელს, აინტერესებთ მათი აზრი. "სტიგმის" დასაძლევად აუცილებელია მოეწყოს საქველმოქმედო აქციები პაციენტებისთვის - ის, რაც დასავლეთის ქვეყნებში სისტემატურად ხდება. წელს პირველად ფსიქიკური ჯანმრთელობის დღეს ქართველი მსახიობები, მომღერლებიც გამოეხმაურნენ. პაციენტებისათვის მათ კონცერტები მოაწყვეს.



[მანანა შარაშიძის ხმა]:"ჩვენი ხელოვნების მუშაკებიც არ არიან იოლ მდგომარეობაში, სოციალური პირობები მათთვის ძნელია, მაგრამ ჩვენ გვინდა საზოგადოების ყურადღება მივიპყროთ ამით, რომ ასეთი ადამიანები არ უნდა იყვნენ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ჩამწყვდეულნი - სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს არ არის ადამიანი, რომელიც "აგურებს ისვრის", ეს არის ჩვეულებრივი, ჩვენნაირი ადამიანი, რომელსაც ცხოვრების განმავლობაში შეხვდა ეს დაავადება, მაგრამ ხელჩასაქნევი არ არის - ჯერ ერთი, იმიტომ, რომ მას ბევრი რამის გაკეთება შეუძლია."

მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში სულით ავადმყოფებიც მიიღებენ მონაწილეობას, ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო კვირეულისთვის ვერ მოიცალა. სპეციალისტების თქმით, ფსიქიკურად დაავადებული ადამიანებისკენ პოლიტიკოსების შემობრუნება ყველაზე ძნელი იქნება.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG