Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარტიათა რეიტინგების უკანასკნელი მონაცემები


დავით პაიჭაძე, თბილისი ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევებზე ლაპარაკს მომდევნო სიუჟეტშიც გავაგრძელებთ. ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა

ბი-სი-ჯი რისერჩ-თან ერთად დაასრულა პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო რეიტინგების კვლევა. მიმდინარე კვირის მიწურულს რეიტინგების გამოქვეყნებას უკვე კანონი კრძალავს. ასე რომ, 30 ოქტომბერს გახმაურებული მონაცემები, რომლებიც 28 ოქტომბრის სურათს აჩვენებენ, შეიძლება საბოლოო რეიტინგებადაც ჩაითვალოს. თუმცა გასათვალისწინებელია ის აცდენა, რაც, წესისამებრ, არსებობს არჩევნების საბოლოო შედეგსა და წინასაარჩევნო რეიტინგებს შორის. გარდაუვალია, აგრეთვე, რეიტინგების მცირედი რყევა არჩევნების დღემდე. რაც უნდა იყოს, კვლევის სურათი სინამდვილესთან გვაახლოებს.

პოლიტიკურ პარტიათა რეიტინგებზე არანაკლებ საინტერესოა მოქალაქეთა დამოკიდებულება არჩევნებისადმი; რამდენად აქტიურნი იქნებიან ისინი არჩევნების დღეს? 28 ოქტომბერს გამოკითხულთა 71% აცხადებდა, რომ არჩევნებში აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას. არჩევნებზე წაუსვლელობა ასევე დანამდვილებით ჰქონდა გადაწყვეტილი გამოკითხულთა 6,7%-ს. 16,5% ვარაუდობს, რომ მონაწილეობას მიიღებს. ამ მონაცემებს თუ საარჩევნო უფლების მქონე მთელ საზოგადოებაზე გავავრცელებთ, უნდა ითქვას, რომ აქტივობის პროცენტი მაღალია.

1300 გამოკითხული რესპონდენტიდან 19,4% ბლოკ "ბურჯანაძე-დემოკრატების" ამომრჩეველი აღმოჩნდა. თითქმის ამდენივე, 0,2%-ით ნაკლები, ერგო "ნაციონალურ მოძრაობას". მესამე ადგილი 16%-ით უკავია ლეიბორისტულ პარტიას. ერთნაირი პოზიციები აქვთ ხელისუფლების ბლოკსა და "აღორძინებას" - 9%. განსხვავება მათ შორის ერთი მეათედი პროცენტია.

გამოკითხვა აჩვენებს, რომ "ბურჯანაძე-დემოკრატები" უფრო ამომრჩეველი ქალების კეთილგანწყობით სარგებლობენ - მათი რაოდენობა 62,4%-ა. ქალი ამომრჩევლები ჭარბობენ "ნაციონალური მოძრაობისა" და ხელისუფლების ბლოკის მხარდამჭერთა შორის. აი, ლეიბორისტებს კი უფრო მამაკაცთა იმედი უნდა ჰქონდეთ.

არჩევნების მოახლოებასთან ერთად, გაჩნდა ტენდენცია: უფრო გააქტიურდნენ საშუალო ასაკის - 35-დან 45 წლამდე - ამომრჩევლები. არადა, გამოკითხვის ადრეულ ეტაპზე, სექტემბერში, ეს ჯგუფი ყველაზე პასიური იყო. BCG Research-ის ხელმძღვანელი, სოციოლოგი ანი უჩანეიშვილი ამ ტენდენციას ასე განმარტავს:

[უჩანეიშვილის ხმა] "ის, ბუნებრივია, აქტიურია, იმიტომ რომ თავის ბედს, თავის მომავალ კარიერას და წარმატებას უკავშირებს იმ პოლიტიკურ გარემოს, რაც იქნება ხვალ საქართველოში. ძალიან ზოგადად თუ ვიტყვით, ეს ასაკობრივი ჯგუფი აქტიურდება უფრო ოპოზიციის სასარგებლოდ."

საგულისხმო იყო გამოკითხულთა მიმართება ერთი საკითხისადმი: ესაა არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე სოციოლოგიური კვლევის ჩატარება, ანუ ეგზიტ პოლები, და მისი მნიშვნელობა რეალური სურათის დასადგენად. ასეთი კვლევა მნიშვნელოვნად მიიჩნია გამოკითხულთა თითქმის 78%-მა, თუმცა მათგან მხოლოდ 57% ფიქრობს, რომ ეგზიტ პოლი ხელს შეუშლის არჩევნების შედეგების გაყალბებას.
XS
SM
MD
LG