Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კონტურები საქართველოს რეგიონებში


"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას სამოქალაქო დაუმორჩილებლობისაკენ, ჩვენი ინფორმაციით, ენთუზიაზმით გამოეხმაურნენ საქართველოს რეგიონებშიც.

თუმცა, ამ ენთუზიაზმის მიუხედავად, წინააღმდეგობის კომიტეტების ფორმირების პროცესი პრაქტიკულად არ დაწყებულა. რადიკალური ოპოზიციის რეგიონალური კოორდინატორები თბილისიდან კონკრეტული დირექტივების მოლოდინში არიან. გამოკვეთილია ამ მოწოდებული დაუმორჩილებლობის ძირითადი არსი: ადგილობრივი სახელისუფლებო ადმინისტრაციების ხელმძღვანელ პირთა თანამდებობიდან გადაყენება და საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანების ბოიკოტი.

ადგილობრივი წინააღმდეგობის კომიტეტის ფორმალური, წინმსწრები ორგანო, შეიძლება ითქვას, რომ უკვე არსებობს თელავში, სადაც მაჟორიტარულ არჩევნებში გამარჯვებული ნაციონალის თამაზ ხიდეშელის მიერ ორგანიზებულმა საპროტესტო აქციამ თითქმის მიაღწია მიზანს. თელავის გამგებლისადმი წაყენებული არაოფიციალური ულტიმატუმის ვადა ამჯერად უქმეებზე ვრცელდება. ორშაბათს, თანამდებობიდან გადაუდგომლობის შემთხვევაში, გამგეობა ისევ ხალხის პიკეტში აღმოჩნდება, თავად მეზვრიშვილს კი სამუშაო კაბინეტის კარებს აუჭედავენ.

[თამაზ ხიდეშელის ხმა] " რომელი კარებიდანაც შევა, რომელ ოთახშიც შევა, ის კარები იქნება აჭედილი. მთელ რაიკომს ავუჭედავთ, შესასვლელ კარებებს ავუჭედავთ. დაბლიდან შესასვლელს. აღარ შევუშვებთ თელავის რაიონის გამგეობაში. გამგეობაში კი არა, რაიკომში. ეგენი ხომ სუყველა, სუყველა კომუნისტები არიან."

როგორც საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური სამსახური იტყობინება, ადგილობრივი სახელისუფლებო მაღალჩინოსნების სამსახურებიდან გათავისუფლებას თავად ხელისუფლება არ გეგმავს. სახელმწიფო მინისტრის მოადგილის ანზორ ბალუაშვილის ინფორმაციით კი, თავად პრეზიდენტი, რასაკვირველია, ხალხის ნაწილობრივი დაშოშმინების მიზნით, საკადრო ცვლილებების განხორციელების წინააღმდეგი არ იქნება. სხვათა შორის, ამის პირველი პრეცედენტი ისევ კახეთში მოხდა. პრეზიდენტმა შევარდნაძემ მეზვრიშვილი ვერ დათმო, მაგრამ ადვილად შეელია გურჯაანისა და დედოფლისწყაროს გამგებლებს, რომელთა სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი არასიტუაციური შეფასების უნიკალურ ნიმუშადაც კი შეგვიძლია მივიჩნიოთ. კახეთის რწმუნებულმა ბიძინა სონღულაშვილმა გურჯაანისა და დედოფლისწყაროს გამგებლების დაკავებული თანამდებობიდან მოხსნა ბიუჯეტის შეუსრულებლობას დაუკავშირა. თავად ბიძინა სონღულაშვილი ჯერჯერობით რადიკალური ოპოზიციისა და მედეა მეზვრიშვილის მედიატორის ფუნქციას ასრულებს. კახელების აგრესია მის მიმართ ამ დროისათვის აშკარა და გამოკვეთილი არ არის, რასაც ვერ ვიტყვით სხვა რეგიონებზე, კერძოდ, იმერეთსა და სამეგრელოზე, სადაც ოპოზიციის სამიზნეს, მმართველობის ადგილობრივ ორგანოებთან ერთად, სწორედ რწმუნებულები წარმოადგენენ. "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ჭონიშვილი, არ გამორიცხავს, რომ წინააღმდეგობის კომიტეტების ერთ-ერთ სამოქმედო ლოზუნგად სწორედ რწმუნებულის ინსტიტუტის გაუქმება იქცეს.

[მამუკა ჭონიშვილის ხმა] "იმერეთში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული თემურ შაშიაშვილი ეწევა ისეთ კამპანიას, როგორსაც არ ეწეოდა, მე შემიძლია ღიად ვთქვა, აი, თვით მედიკო მეზვრიშვილიც კი. ეს ადამიანი, რომელიც თავს იწონებდა, რომ ვითომ არის ნეიტრალური და არის სიმართლის მთქმელი და არ არის პრეზიდენტის ამალაში, იქცევა როგორც პრეზიდენტის ყველაზე ერთგული."

ქუთაისში კვლავ გრძელდება "ნაციონალური მოძრაობისა" და აბსანძის ბლოკის წარმომადგენელთა შიმშილობის აქცია. აქციები ყოველდღიურად იმართება ქუთაისის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთანაც. ქუთაისის რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები კატეგორიულნი არიან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მიმართაც და მათ პოზიციის გამოკვეთას სთხოვენ: ხალხთან თუ შევარდნაძის რეჟიმთან. არჩევანის მიხედვით შემუშავდება წინააღმდეგობის მოძრაობის თვითმმართველობასთან ურთიერთობის სტრატეგია.
"იბერიის გაბრწყინების" შიმშილობის აქცია გრძელდება ზუგდიდშიც, სადაც თბილისში ორშაბათისთვის დაგეგმილ აქციაში მონაწილეთა მობილიზაციაა გამოცხადებული. ეგრეთ წოდებული საინფორმაციო მიტინგები გაიმართა აბაშაში, ხაშურში. წინააღმდეგობის რეგიონალური კომიტეტების ფორმირების პროცესი, შეიძლება ითქვას, ჯერჯერობით ადგილობრივი ხელისუფლების რეაგირების გარეშე მიმდინარეობს.
XS
SM
MD
LG