Accessibility links

logo-print

პლატონ ელენინის, იმავე ბორის ბერეზოვსკის, სკანდალური ვიზიტი საქართველოში


3 დეკემბერს თბილისს პლატონ ელენინის სახელით და პასპორტით რომ ეწვია, ბორის ბერეზოვსკიმ უკვე აღიარა. ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი კერძო თვითმფრინავით ლონდონი-თბილისი-

ლონდონის რეისის განხორციელების შემდეგ მან რუსეთის სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ მისთვის საყვარელ ქვეყანაში - ქვეყანაში, სადაც აღიარებენ მის პოლიტემიგრანტობას, მეგობარ ბადრის მოსანახულებლად ჩავიდა. თბილისში რა საკითხებთან დაკავშირებით შეხვდნენ ერთმანეთს რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ ძებნილი მეგობრები ბორის ბერეზოვსკი და ბადრი პატარკაციშვილი, არ ხმაურდება. ბერეზოვსკის საქართველოში ჩასვლამ განსაკუთრებული რეზონანსი საქართველოს გარეთ პოვა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოსგან ინფორმაციას მოითხოვს ამ ქვეყანაში ბერეზოვსკის ჩასვლასთან დაკავშირებით.

პლატონ ელენინის - სინამდვილეში, ბორის ბერეზოვსკის - თბილისში ჩამოსვლა რუსეთის პრესამ სერიოზულ გამოწვევად შეაფასა, გამოწვევად, რომელიც საკმარისია საქართველოს მიმართ რუსეთის გასაღიზიანებლად, გასაბრაზებლად. 3 დეკემბერს დიმიტრი როგოზინმა საქართველოს დღევანდელი რეალობა ამღვრეულ წყალს შეადარა და თქვა, რომ რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ ძებნილი ბორის ბერეზოვსკის ამ ქვეყანაში ჩასვლის მოტივი სწორედ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის დაძაბვა უნდა ყოფილიყო. ასეთ მოტივს გამორიცხავს თავად ბერეზოვსკი. თბილისიდან ლონდონში დაბრუნების შემდეგ მან განმარტა, რომ პლატონ ელენინის პასპორტით თბილისში ის სავსებით ლეგალურად იყო ჩასული საკუთარი მეგობრის, ბადრი პატარკაციშვილის, მოსანახულებლად, რომ უყვარს საქართველო, არ აპირებს მის საშინაო საქმეებში ჩარევას, მაგრამ მისთვის, როგორც რუსეთის მოქალაქისა და "ლიბერალური პარტიის" ხელმძღვანელისთვის, სულ ერთი არ არის ის, რაც საქართველოში ხდება და არც რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობაა სულ ერთი.

ბერეზოვსკის თბილისში ჩამოსვლის მიზნის შესახებ მოკლე და ძალიან ზოგად განმარტებას იძლევა ბერეზოვსკის მეგობრის, ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის, პრესსამსახურიც. მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში გაკვირვებაა გამოთქმული იმ აჟიოტაჟის გამო, რაც პლატონ ელენინის - სინამდვილეში, ბორის ბერეზოვსკის - საქართველოში სტუმრობას მოჰყვა. "იგი თავის მეგობართან და პარტნიორთან ხშირად ჩამოდის ხოლმე და ამაში გასაკვირი არაფერი უნდა იყოს. ბერეზოვსკის პოლიტიკური დევნა კურსკის ტრაგედიასა და ჩეჩნეთის ომთან დაკავშირებით მისმა პოზიციამ განაპირობა. უსაფრთხოების მიზნით ის იძულებული იყო სახელი და გვარი გამოეცვალა, რაც მსოფლიო პრაქტიკაში მიღებული ფორმაა", - ნათქვამია ბადრი პატარკაციშვილის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ: პლატონ ელენინი, ანუ ბორის ბერეზოვსკი, თბილისს 3 დეკემბერს, 0 საათსა და 15 წუთზე, ეწვია, სამ პიროვნებასთან - გიორგი შუპესთან, მარკ-ჰენრი ტაუბესა და ელენა გორბუნოვასთან - ერთად. თითოეულ მათგანს ჰქონდა დიდ ბრიტანეთში გაცემული პასპორტი, რაშიც ეჭვი არავის შეჰპარვია. თუმცა პლატონ ელენინის პასპორტში ჩაკრულმა სურათმა ქართველ მესაზღვრეებს მისცა საშუალება დაედასტურებინათ, რომ ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის კერძო თვითმფრინავით თბილისში სწორედ ბერეზოვსკი იყო ჩამოსული და არა ელენინი. ელენინის პასპორტით ბერეზოვსკის თბილისში ჩამოსვლის ფაქტთან დაკავშირებით საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვალერი ჩხეიძემ ოთხშაბათს საგანგებო პრესკონფერენცია გამართა, სადაც აღნიშნა, რომ პასპორტი იყო სუფთა, ეგრეთ წოდებული თრაველ პასპორტი, და არავითარ საფუძველს არ ქმნიდა იმისთვის, რომ ის ყალბად მიეჩნიათ. ვალერი ჩხეიძემ თქვა ისიც, რომ საქართველოს სასაზღვრო უწყებაში არსებულ ძებნილთა სიაში არ არის მითითებული არც ბერეზოვსკისა და არც ელენინის გვარი და, აქედან გამომდინარე, საქართველოში არ ჰქონდათ საფუძველი ელენინის, ანუ ბერეზოვსკის, დასაკავებლად.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები 3 დეკემბერს არ ფლობდნენ ინფორმაციას ბერეზოვსკის თბილისში ვიზიტის მიზნის თაობაზე. რამდენად კანონიერების ფარგლებში განხორციელდა ეს ვიზიტი, ამის გარკვევა ზუსტად 2 დღეში ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოვალეობის შემსრულებელს ჯემალ გახოკიძეს დაევალა.
XS
SM
MD
LG