Accessibility links

logo-print

რუსეთის პრესა საქართველოს შესახებ


თამარ ჩიქოვანი, თბილისი უახლოეს დღეებში მოსკოვს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თედო ჯაფარიძე ეწვევა - ამის შესახებ 11 დეკემბერს განაცხადა რუსეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა

ზურაბ აბაშიძემ, რომელიც რამდენიმე დღის წინ საქართველოს ხელისუფლებამ საგანგებოდ გამოიძახა თბილისში. გამოძახების მიზეზად იქცა რუსეთის გადაწყვეტილება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასთან შეღავათიანი სავიზო რეჟიმის დაწესების შესახებ. თბილისში მყოფი ზურაბ აბაშიძის განცხადებით, რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება აუცილებელია, თუ ამის სურვილი რუსეთსაც ექნება. რა სურვილებს ამჟღავნებს რუსეთი?

რუსეთის პრესა ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. 11 დეკემბრის გაზეთ "იზვესტიას" ცნობით, მართალია, საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ და აჭარის ავტონომიის ლიდერმა ასლან აბაშიძემ პირისპირ თითქმის ხუთსაათნახევარი ისაუბრეს, მაგრამ მაინც ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწიეს. "შეხვედრის შემდეგ დაპირებული ბრიფინგი არ შედგა. დაღლილი და უკმაყოფილო ნინო ბურჯანაძე და მოღიმარი ასლან აბაშიძე ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლნენ, რითაც გასაგები გახდა, რომ შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა", - წერს გაზეთი, რომელიც იქვე შენიშნავს, რომ "თუნდაც ეს ზოგადი კომენტარები ადასტურებს, რომ თბილისსა და ბათუმს შორის გაცხოველებული ვაჭრობა იწყება, მით უფრო, რომ ვაჭრობის ობიექტად ბევრი რამ შეიძლება იქცეს, მაგალითად, აჭარაში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნა - ასლან აბაშიძე რამდენიმე წელია უშედეგოდ ცდილობს ამაზე ცენტრალური ხელისუფლების დათანხმებას. გარიგება უეჭველად შედგება: აჭარის მიერ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ბოიკოტი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს არა მხოლოდ სახელმწიფოს მეთაურის ლეგიტიმურობას, არამედ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასაც. შესაბამისად, რევოლუციური სამეული ამას არ დაუშვებს. არჩევნების გადადება ასევე არ შედის მათ ინტერესში, რადგან, ასეთ შემთხვევაში, სააკაშვილი-ბურჯანაძე-ჟვანიას პოპულარობის პიკი გადაივლის და პოლიტიკურ არენაზე, შესაძლოა, გამოჩნდნენ პოლიტიკოსები, ვინც მათ სერიოზულ კონკურენციას გაუწევს", - წერს 11 დეკემბრის გაზეთი "იზვესტია".

" მოსკოვის გადაწყვეტილება სავიზო რეჟიმი მოხსნას აჭარის მიმართ, ამერიკის შეერთებული შტატების გარკვეულ შეშფოთებას იწვევს", - განუცხადა ინტერნეტ გამოცემა "გაზეტას" რუსეთში აშშ-ის ელჩმა ალექსანდრ ვერბშოუმ. მისი განმარტებით, ასეთ გადაწყვეტილებაში ვაშინგტონი ხედავს პოლიტიკურ ჟესტს, რითაც მოსკოვი აჭარას უბიძგებს, თავი შეიკავოს საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან თანამშრომლობისგან. "ჩვენ ცნობად მივიღეთ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტება, რომ აჭარისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნა პირველი ნაბიჯია მთელი საქართველოს მიმართ იმავე გადაწყვეტილების მიღების გზაზე. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ პატივისცემა უნდა იყოს გამოხატული", - აცხადებს ამერიკის ელჩი ვერბშოუ.

11 დეკემბრის გაზეთი "ვრემია ნოვისტეი" აქვეყნებს ინტერვიუს საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ნინო ბურჯანაძესთან, რომლის განცხადებითაც, ის მომენტი, რომ მოსკოვი აჭარის ლიდერთან მოლაპარაკების შესახებ ოფიციალურ თბილისს საქმის კურსში არ აყენებს, ხელს არ შეუწყობს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის მოგვარებას. მისი თქმით, ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რა რეაქცია ექნებოდა მოსკოვს, საქართველოს რომ ჩეჩნეთის წარმომადგენლები მიეწვია კონსულტაციებისთვის. ნინო ბურჯანაძის განცხადებით, სწორედ ორმაგი სტანდარტები უშლის ხელს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის მოწესრიგებას.
XS
SM
MD
LG