Accessibility links

logo-print

რა ემუქრება 4 იანვრის არჩევნებს?


დავით პაიჭაძე, თბილისი საპრეზიდენტო არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე არჩევნების ორგანიზატორებს საჭიროდ მიაჩნიათ ილაპარაკონ საფრთხეზე, რომელიც შეიძლება არჩევნებს ჩაშლით ემუქრებოდეს.

მთავარი საფრთხე, რამაც შეიძლება ჩაშლა გამოიწვიოს, ამომრჩეველთა უკმარი რაოდენობის მისვლაა საარჩევნო უბნებში. რა მოტივები არსებობს ამ საფრთხის უვნებელყოფისა და არჩევნებზე წასასვლელად მოქალაქეთა აღძვრისათვის? აგრეთვე, რა ინფორმაციას ფლობს ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩევნო საფრთხეთა შესახებ?

ამომრჩეველთა რეგისტრაციის გამოცხადებისა და დაწყებისთანავე დაიწყო ერთი "უჩინარი" პროცესი, რომლის გახმაურებას თავად ცენტრალური საარჩევნო კომისია მოერიდა. ლამის 15 დეკემბრიდან მოქალაქეებს ბინებში აკითხავდნენ პიროვნებები, იწერდნენ მათ გვარ-სახელს და ეუბნებოდნენ, რომ შეეძლოთ თავი საუბნო საარჩევნო კომისიაში დარეგისტრირებულად ჩაეთვალათ. ამ ე.წ. რეგისტრაციის შემდეგ მოქალაქეებს არწმუნებდნენ, რომ 4 იანვრამდე თავი არ შეეწუხებინათ და ამ დღეს პირდაპირ არჩევნებზე მიბრძანებულიყვნენ. ბევრი ასეთ რწმუნებას არ ენდო და მაინც გამოცხადდა საუბნო საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის შესამოწმებლად. ცხადია, საუბნო საარჩევნო კომისიათა თავმჯდომარეებმა მოხალისე რეგისტრატორთა შესახებ არაფერი იცოდნენ. თბილისში მათი მიგნება გაჭირდა. ერთი ვერსიით, ისინი ერთ საარჩევნო ბლოკად გაერთიანებისათვის მზადმყოფი ორი ბლოკის - ბურჯანაძე-დემოკრატებისა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც თითქოს მოქალაქეთა შრომის შემსუბუქებას ისახავდნენ მიზნად. მეორე ვერსიით, ცრუ რეგისტრაციას ახორციელებდნენ სწორედ ამ ორი (თუ ერთი) პოლიტიკური ძალის მოწინააღმდეგენი. ყველა შემთხვევაში, ასეთ აქტივობას, საბოლოო ჯამში, არჩევნებისთვის მხოლოდ ხელის შეშლა შეეძლო. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩია, ყურადღება არ გაემახვილებინა ამ პრობლემაზე და მოქალაქეთა აღწერა-რეგისტრაცია საკუთარი ძალებით განეგრძო. მით უმეტეს, ვერც ერთი მოხალისე რეგისტრატორის იდენტიფიკაცია ვერ მოხერხდა. დღეს ძნელი სათქმელია, რა შედეგს გამოიღებს არჩევნების ასეთი ფარული და ფაქიზი კონტრპროპაგანდა, რომელიც მხოლოდ თბილისში არ ხორციელდებოდა. შესაძლოა, ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ 30 დეკემბერს ცალკე ნაციონალური მოძრაობის წევრებმა და ცალკე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საჭიროდ მიიჩნიეს, მოქალაქეები გაეფრთხილებინათ, 4 იანვარს აუცილებლად მისულიყვნენ არჩევნებზე.

მოქალაქეთა არჩევნებზე მისვლის მოსურნენი უფრთხიან ახალი წლის ინერციასაც, რომლის ძალით კვირა დილას უბნებზე მისვლა შეიძლება ადამიანებს დაეზაროთ, თუ, მით უმეტეს, წინასწარი რეგისტრაცია არ ექნებათ გავლილი. 30 დეკემბერს ცენტრალური საარჩევნო კომისია სწორედ იმაზე მსჯელობდა, რა პროცედურა შემოეღო საარჩევნო სიებში არმყოფი მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. ეს მიზანი - დამატებითი სიების დაშვება არჩევნების დღეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ადრევე განაცხადა. საარჩევნო კოდექსთან წინააღმდეგობა მოხსნა ამ საკითხზე მოქალაქე ირაკლი კოტეტიშვილის სარჩელმა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა და, ამდენად, პრონციპულად დაუშვა დამატებითი სიები. ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე დამატებით სიებს ახალი მემარჯვენეებისა და ლეიბორისტების წარმომადგენლები უწევდნენ წინააღმდეგობას, მაგრამ რაოდენობრივად უმცირესობაში აღმოჩნდნენ.
XS
SM
MD
LG