Accessibility links

საქართველოს აჯანყებული რეგიონების რეაქცია 4 იანვარს გამართულ არჩევნებზე


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული მიხეილ სააკაშვილი მილოცვებს იღებს. 7 იანვარს მას ტელეფონით ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში, წინა დღით არჩევნებში გამარჯვება

წერილობით მიულოცა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა შრიოდერმა, რომელმაც უახლოეს დღეებში საქართველოს ახალ პრეზიდენტთან ბერლინში შეხვედრის იმედი გამოთქვა. ამ პოზიტიური განწყობის ფონზე, საინტერესო უნდა იყოს, რა რეაქცია გამოიწვია 4 იანვრის არჩევნების შედეგებმა საქართველოს ორ აჯანყებულ რეგიონში - აფხაზეთსა და ყოფილ სამხრეთ ოსეთში.

4 იანვრის არჩევნების შემდეგ სოხუმისა და ცხინვალის ხელმძღვანელობა არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატის მიხეილ სააკაშვილის განცხადების უარყოფითაა დაკავებული. როგორც გახსოვთ, 4 იანვარს ეგზიტპოლების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობდნენ ყოფილი სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის 60 პროცენტამდე და გალის რაიონის მცხოვრებლები. მისივე პროგნოზით, 2004 წლის 4 იანვრის არჩევნები ბოლო არჩევნებია, რომელიც მთელ საქართველოში არ ჩატარდა.
"საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები აფხაზეთში არ ჩატარებულა და ვერც ჩატარდებოდა, ვინაიდან აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა," - განუცხადა საინფორმაციო სააგენტო "ინტერ-პრესს" სოხუმის ხელისუფლების პრეზიდენტის თანაშემწემ პოლიტიკურ საკითხებში ასტამურ ტანიამ, რომლის განმარტებითაც, "აფხაზეთის მოქალაქეებს არაფერი აქვთ საერთო საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთნ, რადგან ეს მეზობელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევა იქნებოდა."
ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ კეთილი ნების გამოხატვად უნდა ჩაითვალოს თვითაღიარებული რესპუბლიკის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება, პრობლემები არ შექმნოდათ რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, მონაწილეობა მიეღოთ არჩევნებში. ამ განცხადების თანახმად, არჩევნებში ქართული მოსახლეობის 7 პროცენტმა მიიღო მონაწილეობა, რაც განსხვავდება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებისგან. გარდა ამისა, თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო პროტესტს გამოთქვამს მიხეილ სააკაშვილის ცხინვალში თვითნებური ჩასვლის გამო, რასაც შემდგომ პოლიტიკური შეფერილობა მიეცა. განცხადების ტექსტი რადიო "თავისუფლებას" ცხინვალის ხელისუფლების ინფორმაციისა და ბეჭდვითი სიტყვის დეპარტამენტის თავმჯდომარე ირინა გაგლოევამ გააცნო:
[ირინა გაგლოევას ხმა] "თბილისში დაბრუნების შემდეგ მიხეილ სააკაშვილი შეეცადა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შესვლის ფაქტი საკუთარი პოლიტიკური რეკლამისთვის გამოეყენებინა. სამხრეთ ოსეთის როგორც ოსური, ისე ქართული მოსახლეობა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში გამოჩენის ფაქტს და შემდგომ განვითარებულ მოვლენებს აფასებს მოუფიქრებელ ნაბიჯად, რასაც, შესაძლოა, ძალზე ნეგატიური შედეგები მოჰყოლოდა."
მიხეილ სააკაშვილის 3 იანვარს ცხინვალში ჩასვლას იმ დღესვე გამოეხმაურა თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტი კოკოითი, რომელმაც განაცხადა, რომ ოსეთის სამართალდამცავებს შეეძლოდ მიხეილ სააკაშვილის ცხინვალში დაკავება, მაგრამ ისევ და ისევ კეთილი ნება გამოიჩინეს და მომავალი პრეზიდენტი არ დააკავეს.
სოხუმის ხელისუფლების ვიცე-პრემიერის ვალერი არშბას პროგნოზით, მთავარია, გამარჯვების ეიფორია მიხეილ სააკაშვილს ბოროტ ხუმრობად არ ექცეს. მან იმედი გამოთქვა, რომ ურთიერთობები კვლავ ძალის გამოუყენებლობის პრინციპებზე აიგება.
საგანგებო დავალებათა მინისტრის მალხაზ კაკაბაძის განცხადებით, ნოემბრის მოვლენების შემდეგ მოსული პოლიტიკოსები აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების ერთგულები რჩებიან:
[მალხაზ კაკაბაძის ხმა] " მე მქონდა გუშინ შეხვედრა ქალბატონ ტალიანივთან და იგი კვლავ ეცდება უახლოეს დღეებში განაახლოს მოლაპარაკება სამშვიდობო პროცესის გააქტიურების შესახებ. ვნახოთ, როგორ შედეგს მივიღებთ. ყოველ შემთხვევაში, დღესდღეობით თამამად შეიძლება ითქვას, რომ სამშვიდობო პროცესი იქცა აფხაზური მხარის ნება-სურვილის მძევლად."
ბოლო ცნობებით, ქართულ-აფხაზური მოლაპარაკება, სავარაუდოდ, თებერვალში განახლდება.
XS
SM
MD
LG