Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში მიმავალი სამხედრო კონტინგენტის მეთაური სკანდალში გაეხვია


2 თებერვალს ერაყში ახალი ქართული სამხედრო კონტინგენტი ჩავა.

კოალიციის სამხედრო ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, მეორე ქართული ქვედანაყოფი წინამორბედზე დაახლოებით 150 კაცით მეტი იქნება და მასში, სამხედრო მედიკოსებისა და გამნაღმველების გარდა, "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამით, ამერიკელი ინსტრუქტორების მიერ გაწვრთნილი საჩხერის სამთო-მსროლელი ასეულიც იქნება ჩართული. თუმცა ახალი კონტინგენტის მივლინება ერაყში ნამდვილ სკანდალად იქცა: საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ქვედანაყოფის მეთაურად დანიშნა ოფიცერი, რომელიც, დისციპლინის დარღვევის გამო, თავის დროზე გერმანიის ქალაქ გარმიშ-პარტენკირხენში მდებარე ჯორჯ მარშალის სასწავლო ცენტრიდან იქნა გამოგდებული. კვირის ბოლოს კი საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთ მაღალჩინოსანთან დაკავშირებულ სკანდალში აღმოჩნდა გახვეული.

3 აგვისტოს შერეული სახის ქართული ასეული, რომლის შემადგენლობაში სამხედრო ექიმები, ინჟინრები და კოჯრის სპეცდანიშნულების ბრიგადის ოცეული იმყოფებოდნენ, ერაყში გაემგზავრნენ. იმ დღეს პომპეზური გაცილების ცერემონია არ გამართულა. ქვედანაყოფის გასაცილებლად ალექსეევკის აეროდრომზე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი და ქართველი ჟურნალისტები მივიდნენ.

ექვსი თვის წინ ქართული კონტინგენტის წევრებმა ერაყში მრავალი სურვილი გაიყოლეს თან. ერთ-ერთი სურვილი ის იყო, რომ მათთან რომელიმე ჟურნალისტი ჩასულიყო და მშვიდობისდამცველთა ცხოვრების შესახებ შეულამაზებლად მოეთხრო საქართველოსთვის. მაგრამ წინა ქვედანაყოფს ეს სურვილი შეუსრულებელი დარჩა. ერთადერთ ქართველ ჟურნალისტს, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის კორესპონდენტ თენგიზ გოგოტიშვილს, რომელიც რედაქციამ აგვისტოს ბოლოს ერაყში მიავლინა, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აუკრძალა ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრა. პირველი უშედეგო მცდელობის შემდეგ თენგიზ გოგოტიშვილი მომავალ კვირას კვლავ აპირებს ერაყში ჩასვლას. თუმცა მანამდე ჟურნალისტს ხელთ ჩაუვარდა სკანდალური ინფორმაცია, რომელიც მეორე ერაყული ქართული ოცეულის ახალ მეთაურს, პოლკოვნიკ მალხაზ ჩიხლაძეს შეეხება. ეს არის ამერიკის სამხედრო ატაშეს მიჩელ ჯონსონის წერილი, რომლის შინაარსსაც თავად ჟურნალისტი თენგიზ გოგოტიშვილი გაგვაცნობს:

[თენგიზ გოგოტიშვილის ხმა] "საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კადრების სამმართველოს უფროსს, ბრიგადის გენერალ დიმიტრი ლეჟავას. მოგახსენებთ, რომ თქვენი ოფიცერი, პოლკოვნიკი მალხაზ ჩიხლაძე, გაირიცხა მარშალის ცენტრის აღმასრულებელი კურსებიდან. რამდენადაც ჩვენ ძალიან ვაფასებთ საქართველოს მონაწილეობას მარშალის ცენტრის სასწავლო პროგრამებში, გთხოვთ გვაცნობოთ, თუ რა ზომები მიიღეთ აღნიშნული ინცინდენტის აღმოსაფხვრელად. "


უფრო კონკრეტულად კი, პოლკოვნიკმა მალხაზ ჩიხლაძემ, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ლოგისტიკის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეა, მარშალის ცენტრის სასწავლო პროგრამაში ყოფნის დროს, ეროვნული ღირსების შეურაცხყოფის გამო, რუს ოფიცერს სცემა. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა, როგორც ურთიერთობის გარკვევის ფორმა, საქართველოს ჯარში ჯერ კიდევ არ ითვლება მძიმე დისციპლინურ დანაშაულად (არავისთვის დასამალი არ არის, ბოლო წლებში ცემის ობიექტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არაერთი მაღალჩინოსანი გამხდარა), თავდაცვის სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს უფროსის, ბრიგადის გენერალ დიმიტრი ლეჟავას თქმით, სამხედრო ატაშეს წერილზე რეაგირება მოხდა. პოლკოვნიკ ჩიხლაძეს შეუჩერდა გენერლის წოდებაზე წარდგენა, ჩამოქვეითდა თანამდებობრივად, ხოლო ერაყში, ანუ "ცხელ წერტილში", გაგზავნაც ერთგვარ დისციპლინურ სასჯელად დაედო.
[დიმიტრი ლეჟავას ხმა] "თავიდანვე მინისტრი ისე იყო განწყობილი, რომ გადაწყვეტილება იყო, ძალიან მკაცრად დასჯილიყო - ან, საერთოდ, სამსახურიდან დაგვეთხოვა, ან წოდება ჩამოგვერთმია. მაგრამ მერე, როცა ნიუანსები გაირკვა, შეჩერდა იმაზე, რომ სასტიკი საყვედური გამოეცხადა და რეკომენდაცია მიეცა ხელმძღვანელობას თანამდებობრივი დაქვეითების საკითხზე. ვიფიქრეთ, დანაშაული ხომ არ გამოესყიდა იმით, რომ გაგვეგზავნა ერაყში გამოსაცდელი ვადით. პრინციპში, ეს იყო ასეულის მეთაურის, ანუ მაიორის, თანამდებობა, მაშინ როცა თითონ გენერლის თანამდებობაზე იმყოფებოდა." (სტილი დაცულია)

თუმცა პოლკოვნიკ ჩიხლაძის მიერ რუსი ოფიცრის ცემა რა მოსატანია სკანდალთან, რომელშიც თავდაცვის სამინისტრო კვირის ბოლოს გაეხვია. შაბათს ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ სამართალდამცველებმა ტყვეობიდან გაათავისუფლეს ცნობილი ბიზნესმენი, "გაერთიანებული ქართული ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თამაზ მაღლაკელიძე, რომელიც გამტაცებლებს ერთი თვე ჰყავდათ გადამალული მთებში მოწყობილ სამალავში. გატაცებაში ეჭვმიტანილი აღმოჩნდა "მხედრიონის" ერთ-ერთი ლიდერი, გენერალი გია ვაშაკიძე. შაბათს პრეზიდენტად არჩეულმა მიხეილ სააკაშვილმა არ გამორიცხა ვაშაკიძის კავშირი იგორ გიორგაძესთან, რომელიც პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზე მოწყობილი ტერაქტის გამო ინტერპოლის მიერ იძებნება.
[მიხეილ სააკაშვილი ხმა] "ამ ოპერაციის დროს დაკავებულ იქნა რამდენიმე ორგანიზატორი, მათ შორის, ძალიან მსხვილი ბანდიტი, გენერალ- ლეიტენანტი ვაშაკიძე, რომელიც არა მხოლოდ უშუალოდ მონაწილეობდა ამ გატაცებაში, არამდე არის მარჯვენა ხელი ერთ-ერთ მეზობელ ქვეყანაში მყოფი იგორ გიორგაძის."

თუმცა დაპატიმრებულ გენერალთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტრო პასუხისმგებლობას იხსნის და აცხადებს, რომ გენერალი გია ვაშაკიძე უწყების სიებში არ ირიცხება. მაგრამ ფაქტია ის, რომ მოსკოვში სასწავლებლად ვაშაკიძე სწორედ თავდაცვის სამინისტროს ხაზით იყო მივლინებული და ერთხანს დსთ-ს სამხედრო საკოორდინაციო შტაბში, ქართულ წარმომადგენლობაშიც, მოღვაწეობდა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG