Accessibility links

logo-print

აჭარა "ნოემბრის მოვლენების" მოლოდინში


თამარ ჩიქოვანი, თბილისი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოვლენები სწრაფად ვითარდება. თბილისში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია "ჩვენი აჭარის" საპირწონედ 20 იანვარს ბათუმში ორგანიზაცია "აჭარა ჩვენი სიამაყეა" დაფუძნდა.

ახლად დაფუძნებული ორგანიზაციის წევრთა განმარტებით, მათი მიზანია რეგიონში არსებული პრობლემების მოლაპარაკების გზით მოგვარება. რამდენად მოსალოდნელია ბათუმში ნოემბრის მოვლენების გამეორება?

ბოლო დღეებში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განვითარებული მოვლენები, გარკვეულწილად, ნოემბრის მოვლენებს წააგავს: იზრდება რაოდენობა ხელისუფლების პოლიტიკით უკმაყოფილო ადამიანებისა, რომლებიც აღარ ერიდებიან საკუთარი პროტესტის ხმამაღლა გამოთქმას. აჭარაში გამოჩნდა ახალგაზრდული ორგანიზაცია "კმარა", რომელმაც ნოემბრის მოვლენებისას მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. მთელი აჭარის ტერიტორიაზე ფრიალებს ხუთჯვრიანი დროშა, რომელიც სწორედ ნოემბრის მოვლენების ასოციაციას იწვევს. და მაინც, განსხვავებაც თვალშისაცემია: ცენტრალური ხელისუფლებისგან განსხვავებით, აჭარის სამართალდამცავი ორგანოები უსიტყვოდ ემორჩილებიან ადგილობრივი ხელისუფლების ბრძანებებს. საეჭვოა, დაუმორჩილებლობა გამოაცხადონ საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლებმაც. შესაბამისად, საეჭვოა, ბათუმში მოვლენები ნოემბრის რევოლუციის სცენარით წარიმართოს. ამ მოსაზრებას იზიარებს ორგანიზაცია "ჩვენი აჭარის" ერთ-ერთი დამფუძნებელი თამაზ დიასამიძე:
[თამაზ დიასამიძის ხმა] "აქ დიდი ალბათობაა, რომ ასეთი რევოლუცია არ იქნება."
მისი აზრით, დღეს მთელი აჭარა საპარლამენტო არჩევნების მოლოდინში ცხოვრობს. აჭარაში ღია და სამართლიანი არჩევნების გამართვის შემთხვევაში, თამაზ დიასამიძე დარწმუნებულია, რომ აღორძინება პარლამენტში მოსახვედრად აუცილებელ ხმებს ვერ დააგროვებს, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ ასლან აბაშიძეს მხარს აჭარაშიც აღარ უჭერენ. ამის შემდეგ, თამაზ დიასამიძის ვარაუდით, დღის წესრიგში დადგება აჭარის უზენაესი საბჭოს ვადამდელი არჩევნების ჩატარების საკითხი, რაც აჭარაში ასლან აბაშიძის ხელისუფლებიდან ჩამოშორებით დასრულდება.
იურისტი ოთარ ზოიძე, რომელიც ასევე ორგანიზაცია "ჩვენი აჭარის" ერთ-ერთი დამფუძნებელია, ამბობს, რომ პარლამენტის არჩევნების შემდეგ აუცილებელია აჭარის სტატუსის განმსაზღვრელი კანონის მიღება:
[ოთარ ზოიძის ხმა] "საქართველოს კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციური კანონით აჭარის სტატუსის შესახებ. ასეთი კანონი მიღებული არ არის."
თუმცა ეს ყველაფერი მარტის შემდეგ არის მოსალოდნელი. მანამდე კი, თამაზ დიასამიძის აზრით, ასლან აბაშიძე საკუთარ უსაფრთხოებაზე დაიწყებს ზრუნვას, რადგან, ედუარდ შევარდნაძისგან განსხვავებით, მას უამრავი პირადი მტერი ჰყავს:
[თამაზ დიასამიძის ხმა] "მან თავისი ძალაუფლება არაერთი ადამიანის მიმართ პირადი ანგარიშსწორებისთვის გამოიყენა, მათი განადგურების მიზნით. ამიტომ, ცხადია, მას დიდი პრობლემა ექნება პირად უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, თუ ის აჭარაში ცხოვრების გაგრძელებას აპირებს."
როგორ განვითარდება მოვლენები აჭარაში, რა უფლებამოსილებები უნდა ჰქონდეს ამ რეგიონს - ამის შესახებ გაიმართება მსჯელობა რესპუბლიკური პარტიის კონფერენციაზე, რომელიც 21 იანვარსაა დაგეგმილი.
XS
SM
MD
LG