Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამდიდრების შიში


საქართველოს ახალი ხელისუფლება ირწმუნება, რომ უახლოეს ხანში ბოლოს მოუღებს კორუფციას და ქონებას წაართმევს უკანონოდ გამდიდრებულ ადამიანებს. კორუფციასთან ბრძოლა ჯერჯერობით

თითქმის სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ ხალხის ნდობა შეინარჩუნოს. თუმცა კორუფციასთან ბრძოლის კამპანიას აქვს ერთი საშიშროება: საზოგადოება სულ უფრო მეტად შეუწყნარებელი ხდება მდიდარი ადამიანებისადმი - საერთოდ, სიმდიდრისადმი.

"მემარჯვენეობის" და "მემარცხენეობის" ცნებები ქართულ პოლიტიკურ სპექტრში დიდი ხანია არეულია, ამიტომ დღეს, კომუნისტურ პარტიას თუ არ ვიგულისხმებთ, დაზუსტებით, ალბათ, ვერავინ იტყვის, რომელი პარტიაა საქართველოში "მემარჯვენე" და რომელი "მემარცხენე" ორიენტაციის.. ვერავინ იტყვის, ცხადია, პოლიტიკური პარტიების წევრებისა და ზოგიერთი მათი ერთგული გულშემატკივრის გარდა. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ მოდაში უფრო "მემარჯვენეობაა", ამიტომ ყველაზე მემარცხენე პარტიების მესვეურებიც კი თავიანთ თავს "მემარცხენე-ცენტრისტებს" უწოდებენ.. თავიანთი თავისთვის "მემარცხენეები" არ დაურქმევიათ არც ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს, თუმცა მათ ოპონენტებს (და არამარტო ოპონენტებს) არაერთხელ აღუნიშნავთ, რომ მიხეილ სააკაშვილის რიტორიკა "მემარცხენეა", თავისი არსით. ჩვენთან საუბარში ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი ლევან ბერძენიშვილი სააკაშვილის "მემარცხენეობას" გამორიცხავს:

[ლევან ბერძენიშვილის ხმა] "მემარცხენეობა, ქონების სიძულვილი და ქადაგება პროლეტარიზმისა. მე არაფერი მაქვს ქონების საწინააღმდეგო - უნდა ჰქონდეს ქონება იმას, ვისაც უნდა ჰქონდეს, ანუ ვინც ამას იმსახურებს თავისი შრომით, საზოგადოებაში თავისი ადგილით, დამსახურებით, და ეს ქონებაც არის ხოლმე ზომიერი... აი, უზომობა ქონებისა, დიდი კონტრასტი, როდესაც ვიღაცას აქვს 12 ლარი და ვიღაცას აქვს 12 მილიონი ლარი და როდესაც პირველი მთელი ცხოვრება შრომობდა, მეორე კი მუქთახორა იყო, ამან გამოიწვია მღელვარება."

მაგრამ ფაქტია, რომ ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლამდე სააკაშვილის ელექტორატს, რბილად რომ ვთქვათ, "შეძლებული ხალხი" არ შეადგენდა. ისიც ფაქტია, რომ ბოლო დროს საზოგადოებაში იგრძნობა მდიდარი ხალხის მიმართ შეუწყნარებელი დამოკიდებულება და ეჭვი. პოლიტოლოგი და თეოლოგი ნოდარ ლადარია ამ ტენდენციას "სტიქიურ უხამსობას" უწოდებს და მიაჩნია, რომ ხელისუფლება განუწყვეტლივ უნდა უხსნიდეს საზოგადოებას, რომ სიმდიდრე არ შეიძლება სამარცხვინო იყოს:

[ნოდარ ლადარიას ხმა] "მე მეშინია სტიქიური უხამსობის, რომელიც აქ შეიძლება დადგეს. ეს სტიქიური უხამსობა საშიშია, იმიტომ რომ არ არის სტრუქტურირებული. სტრუქტურა შეიძლება დაინგრეს,... უხამსობა კი შეიძლება გაბატონდეს, თანაც გაბატონდეს როგორ? აი, წარმოიდგინეთ თქვენ, როდესაც ჩვენ ვხედავთ პირველ არხზე რომელიმე დიდ საუფლო დღესასწაულზე პირდაპირ რეპორტაჟს საკათედრო ტაძრიდან და რომ რაოდენ სასაცილოა ეს ადამიანი, რომელსაც სავსე აქვს მაცივარი, მაგრამ სულიერება არა აქვს და ა.შ... რასაც მე ვუწოდებ სტიქიურ უხამსობას, პირდაპირაა მიმართული იქითკენ, რომ აქ მოსახლეობის უმრავლესობა იყოს ღარიბი. ეს იქნება მცირეთა გამდიდრებისა და მრავალთა გაღატაკების უხამსობა." (სტილი დაცულია)

მცირეთა გამდიდრება და მრავალთა გაღატაკება საქართველოში უკვე მოხდა… ამიტომ კორუფციასთან ბრძოლა, რომელიც დაიწყო ხელისუფლებამ, შესაძლოა, სწორედაც რომ, "სტიქიური უხამსობის" თავიდან აცილებას ემსახურებოდეს. ლევან ბერძენიშვილი ამ ტენდენციას ჯერ კიდევ მაშინ ხედავდა, როცა მიხეილ სააკაშვილმა, თავის დროზე - იუსტიციის მინისტრმა, უკანონოდ მითვისებული ქონების ჩამორთმევის კანონი შეიმუშავა:

[ლევან ბერძენიშვილის ხმა] "ლაპარაკია მითვისებულის დაბრუნებაზე... ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ კორუმპირებული კაცი არ იყოს მინისტრი. ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი მრავალსართულიანი და მრავალაბაზანიანი სახლი."

მაგრამ მრავალსართულიანი სახლი და მრავალაბაზანიანი ბინა მოსახლეობის ერთ ნაწილში ისევ კორუმპირებული ჩინოვნიკის ასოციაციას ბადებს. საინტერესოა, რას მოითხოვს ეს მოსახლეობა ხელისუფლებისგან, თუკი ამ სახლების პატრონებს ქონებას ჩამოართმევენ.. მოითხოვს, რომ მრავალაბაზანიან ბინებში ისინი, ე.ი. ღარიბები, შეასახლონ, თუ, საერთოდ, დაანგრიონ ქართველ ჩინოვნიკთა სასახლეები?
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG