Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში მხატვრობის ფასი გაიზარდა


ახლახან თბილისში ორი სამხატვრო გალერეა გაიხსნა, ორივე -სასტუმროს შენობაში, ჯერ - სასტუმრო "კოპალაში", გასულ კვირას კი - "მარიოტში". გალერეებში მუდმივად ეწყობა გამოფენა-გაყიდვები,

ეგრეთ წოდებული "სამხატვრო ბაზარი" იზრდება. მიუხედავად ამისა, თანამედროვე ქართველი მხატვრების ნამუშევრები დღითიდღე ძვირდება. მინდა გესაუბროთ თბილისის "მხატვრული ცხოვრების" ამ პარადოქსის შესახებ.

მას შემდეგ რაც საქართველოს ახალი ხელისუფლება გარემოვაჭრეებს დაერია, სერიოზული საფრთხე შეექმნათ ქუჩის მხატვრებს, რადგანაც, თუ კანონი კანონია და კიტრის გაყიდვა იკრძალება, რატომ არ უნდა აიკრძალოს ვითომ ქუჩაში სურათის გაყიდვა, მით უმეტეს, რომ თბილისში ძალიან მომრავლდა სამხატვრო დარბაზები და მხატვარს, გალერეის მფლობელისთვის გარკვეული თანხის გადახდის შემდეგ, შეუძლია სურათი ქუჩიდან კარგად განათებულ და თბილ დარბაზში გადაიტანოს. როგორც აღმოჩნდა, ხელისუფლება მართლაც აპირებდა ქუჩის მხატვრების დაწიოკებას, მაგრამ საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა - "ქუჩის მხატვრებად" წოდებული ადამიანები, რომლებიც თავიანთ ნამუშევრებს ათ, ზოგჯერ ხუთ ლარადაც კი ყიდიან, ქუჩაში დატოვეს, დატოვეს როგორც "ქალაქის კოლორიტი", იმის მანიშნებლად, რომ თბილისი ამ თვალსაზრისით მაინც არის "პატარა პარიზი". თუმცა ქუჩაში გამოფენილ ნამუშევრებთან მოკალათებული ქართველი მხატვრები აქვე, ქუჩაში, ძალიან იშვიათად ხატავენ; მონმარტრისგან განსხვავებით, თბილისელი მხატვრები მაინცდამაინც არ ეპატიჟებიან გამვლელებს და პორტრეტის შექმნას არ სთავაზობენ. საერთოდ, მათი უმრავლესობა ქუჩაში გამვლელებთან ურთიერთობას გაურბის და ამტკიცებს, რომ არა მარტო ქუჩაში, არამედ გალერეებშიც (თანაც, არა მარტო თბილისის გალერეებში) ფენს თავის ნამუშევრებს.

გალერეებში კი სხვა ფასებია. სასტუმრო "მარიოტში" გახსნილ ახალ საგამოფენო დარბაზში, რომელსაც მრავალმნიშვნელოვანი და სიმბოლური სახელი აქვს - "ელიტ-გალერეა", სარეალიზაციო ფასი 50 დოლარიდან იწყება და 4000 დოლარამდე აღწევს. ასეთი მაღალი ფასები განაპირობა არამარტო გალერეის ადგილმდებარეობამ (გალერეა "მარიოტის" ღვინის ბარში გაიხსნა)... უცხოელები, რომელთა რაოდენობამ ნოემბრის ამბების შემდეგ მნიშვნელოვნად იმატა თბილისში, არც ქუჩის მხატვრებისგან თაკილობენ სურათის შეძენას... მაგრამ სურათებს საქართველოში მხოლოდ უცხოელები არ ყიდულობენ. სამხატვრო დარბაზების მფლობელები ამტკიცებენ, რომ თანამედროვე ხელოვნების მიმართ ინტერესი დღეს ქართველებშიც იგრძნობა. გალერეაში, და არა ქუჩაში, შეძენილი სურათი - "პრესტიჟის საქმეა", ის ხალხი კი, ვისაც ფული აქვს, პრესტიჟს ძალიან უფრთხილდება და არა სჯერა, რომ ხიდის ქვეშ მოკალათებული ქართველი მხატვრის ნამუშევარი, არცთუ ისე იშვიათად, უფრო საინტერესოა, ვიდრე პრესტიჟულ გალერეაში გამოფენილი ავანგარდული ტილო.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG